აბაშის სოფლებს მგლები შეესია: ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

0

mgeliiiiაბაშის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს მგლები შეესია. წყემის, სეფიეთისა და ძველი აბაშის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან სასწრაფო დახმარებას ითხოვს.

“ჩვენ მივმართეთ, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე შესაბამის სამსახურებს ამის თაობაზე, თუმცა პასუხად მივიღეთ ის, რომ მათ არ გააჩნიათ საამისოდ სახსრები. აგვიხსნეს, რომ მონადირეთა ჯგუფის დასაქირავებლად დღეში 500 ლარია საჭირო, რისი საშუალებაც მათ არ აქვთ. რა გავაკეთოთ აგვიხსენით უბრალოდ. მთელი ერთი თვის განმავლობაში მგლებმა უკვე 30 სული პირუტყვი დაგლიჯა სოფელში. საქონელს გარეთ ვერ ვუშვებთ, საშინელი მდგომარეობაა და საშველი არ დაგვადგა,’-აცხადებს სოფელ სეფიეთის მოსახლეობა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge სოფელ ძველი აბაშის რწმუნებულს მურთაზ ჯალაღონიასაც ესაუბრა. ჯალაღონიამ სოფელში შექმნილი მძიმე სიტუაცია დაგვიდასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ სახსრები ვერ მოიძებნა აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად.

“პრობლემა უკვე ნახევარ წელზე მეტია სოფელშია, თუმცა ჯერჯერობით სასიკეთოს ვერაფერს მივაღწიეთ. მონადირეთა ჯგუფის დაქირავებას დღეში 500 ლარი სჭირდება და ჩვენ ეს თანხა არ გვაქვს. მოსახლეობასაც უჭირს ამ თანხის შეგროვება. 500 ლარის ერთ დღეში შეგროვება ნამდვილად არ არის იოლი,”-აცხადებს სოფელ ძველი აბაშის რწმუნებული მურთაზ ჯალაღონია.

smo.ge ასევე ესაუბრა აბაშის რაიონის ვეტერინალური სამსახურის ხელმძღვანელს ცარო ადეიშვილს, რომელმაც ასევე დაგვიდასტურა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში შექმნილი მდგომარეობა. მან აღნიშნა, რომ მგლებზე ნადირობა მათი პროფილი არ არის. ამ საკითხზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ და გარემოს დაცვის სამსახურმა უნდა იზრუნოს.

“ჩვენი სამსახური ყველაფერს აკეთებს რაც ჩვენ გვეხება, თუმცა იმის საშუალება ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს, რომ მგლებზე ვინადიროთ. ჩვენ ვუწევთ დახმარებას თუ მგლის ნაკბენზე პირუტყვი ეცემა, ვატარებთ სხვადასხვა სახის ვაქცინაციას, მაგრამ გარეული ცხოველების თავდასხმისგან სოფლის პირუტყვს ნამდვილად ვერ დავიცავთ,”-განაცხადა ცარო ადეიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: