აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამის წარდგენა ზუგდიდში

0

agroooზუგდიდში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და „აგროდაზღვევის პროექტების“ ხელმძღვანელები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ფერმერებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა წარადგინეს და პროექტის შესახებ დეტალურად ისაუბრეს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის მარიანა მორგოშიას განმარტებით, აგროდაზღვევის მიზანია  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირება, აგროსექტორში სადაზღვეო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა და ა.შ.

აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამის ფარგლებში მოსავლის დაზღვევა შესაძლებელია სეტყვაზე, ჭარბ ნალექზე, ქარიშხალზე და საშემოდგომო ყინვაზე. აგროდაზრვევა ეხება ყველა წამყვან კულტურას, რომელიც საქართველოში მოჰყავთ. მათ შორის, ციტრუსს, ვაზსს, ბაღჩეულს, ბოსტნეულს და კენკროვან კულტურებს.

„აგროდაზღვევის პროექტების“ ხელმძღვანელის ლევან მაღრაძის თქმით, სადაზღვეო პოლისის გაცემის დროს დამზღვევმა უნდა გადაიხადოს სადაზღვევო პრემიის მცირე ნაწილი, ხოლო დანარჩენს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო გადაიხდის. მისივე თქმით, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე გადასახდელი სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსების თანხა 30 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე- 50 ათას ლარს.

„მაგალითად, 1 ჰექტარზე გაშენებული თხილი დაიზღვევა 35-150 ლარამდე. გამოდის, რომ 1კგ თხილი 3 ლარად დაიზღვევა. მოსავლის დაზღვევა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც წარადგენს საკადასტრო კოდს ან აზომვით ნახაზს, ასევე მისაღებია  GPS კოორდინატები “, – აღნიშნა შეხვედრაზე მაღრაძემ.

შეხვედრის მონაწილე ფერმერებმა სამინისტროს წარმომადგენლებს შენიშვნის სახით  უთხრეს, რომ სამეგრელოს რეგიონისთვის საშემოდგომო ყინვები არ არის დამახასიათებელი და რეგიონისთვის პრობლემურ საკითხს  ადრე გაზაფულის ყინვები წარმოადგენს.

ფერმერების შენიშვნაზე  მარიანა მორგოშიამ განაცხადა, რომ პროგრამა არის საპილოტე და ყველაფერი ვერ იქნებოდა გათვალისწინებული. მანვე აღნიშნა, რომ მომავალში მსგავსი და სხვა საკითხები, რომელიც პროგრამის ფარგლებში გამოვლინდება, მომდევნო წლებში იქნება გათვალისწინებული.

აგროდაზღვევის პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და ის მიმდინარე წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა. საპილოტე პროგრამა  მომავალი წლის ანალოგიურ პერიოდში დასრულდება.

სხვა ახალი ამბები: