ალენ მიურატი ჭკადუაშში დადიანების სანადირო რეზიდენციის გადმოცემას ითხოვს

0

10346842_569122413204083_220475630_nდადიანების შთამომავლები, პრინცი ალენ მიურატი და მისი მეუღლე ვერონიკა დე შაბო ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშში დადიანების სანადირო რეზიდენციის გაპარტახებას აპროტესტებენ და შესაბამის უწყებებს მიმართავენ თხოვნით, რეზიდენცია მათ გადაეცეთ, რათა მის რეკონსტრუქციაზე თავად იზრუნონ. 

“ჭკადუაშის სანადირო რეზიდენცია, სადაც მამაჩემი ცხოვრობდა, დღეს გამოიყენება საყოფაცხოვრებო ნივთებისა და მასალის შესანახ ადგილად. გააქვთ აგური, ძელი, რკინა . .  ასწლოვანი ხეები გადაჭრილია, მისაღები ოთახი სიმინდის საშრობ ადგილად გადაიქცა, საძინებელი – ძროხის სადგომად. ბაბუაჩემის საფლავი შეურაცხყოფილია, ცაიშის ეკლესიაში ბაბუაჩემის დებისა და ძმების საფლავის ქვები კი – ჯერ შეურაცხყოფილი და შემდეგ გაუჩინარებული. ეს უკვე მეტისმეტია! ” – აცხადებს პრინცი ალენ მიურატი და იქვე დასძენს.

საქართველოს საგანძურის გადარჩენის მიზნით ჩვენ გადავწყვიტეთ რეზიდენციის რეკონსტრუქცია და მისთვის სანადირო რეზიდენციის სახის მიცემა. ჩვენი სურვილია მასში ევროპის სამეფო ოჯახების მიღება, რაც განაპირობებს ტურიზმის განვითარებას რეგიონში და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

ჭკადუაში ჩვენი სახლია! მარტვილის სასამართლომ მე მაღიარა მიურატებისა და დადიანების მემკვიდრედ. ჩემს ოჯახთან,შვილებთან , შვილიშვილებთან შეთანხმებით  გადავწყვიტე, 93-წლიანი დევნილობის შემდეგ დავბინავდე ჭკადუაშის სახლში, აღვადგინო რეზიდენცია, სადაც შემეძლება, ვუმასპინძლო  ჩვენი  საგვარეულოს  და სამეფო ოჯახების საპატიო სტუმრებს; დავასაქმო ჭკადუაშის მაცხოვრებლები; შევქმნათ ჭკადუაშში კულტურის, ტურიზმის, ისტორიის  უნიკალური კერა, რომელიც ევროპასა და საქართველოს შორის კიდევ ერთ დამაკავშირებელ ხიდად იქცევა, – მას ხომ ჩემი ოჯახი საუკუნეების მანძილზე აშენებდა….”-აცხადებს პრინცი ალენ მიურატი.

სხვა ახალი ამბები: