ანაკლიის პორტის და აეროპორტის განვითარებისთვის რამდენიმე კომპანიის რესურსი გაერთიანდება

0

anakliis portiiiანაკლიაში პორტის და აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელისუფლების გეგმებზე რადიო “კომერსანტთან” ეკონომიკის მინისტრის მოადგილე საუბრობს.

ქეთი ბოჭორიშვილის განცხადებით, პორტის და აეროპორტის განვითარებისთვის რამდენიმე კომპანიის რესურსის გაერთიანება მოხდება. მისივე განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო მზად არის, ყველა იმ კომპანიის წინადადება განიხილოს, ვინც ინტერესს გამოხატავს.

ბოჭორიშვილი ამბობს, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს ამერიკული კომპანიის მიერ პორტის განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტზე. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს ზუსტი ადგილის შერჩევა, თუ სად განთავსდება ღრმა– წყლოვანი პორტი. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ანაკლიის პორტის განვითარება რამდენიმე ფაზას მოიცავს და ეს გულისხმობს სატრანზიტო აეროპორტის მშენებლობასაც.

განიხილავს თუ არა ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი არაბული „რაკია“ ფოთის აეროპორტის სანაცვლოდ ანაკლიის აეროპორტის განვითარებაში მონაწილეობას?  წინა მთავრობის პერიოდში „რაკია“ ფოთში ამიერკავკასიის მასშტაბით უმსხვილესი აეროპორტის მშენებლობას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით პროექტი შეჩერდა. „რაკია საქართველოს“ გენერალური დირექტორი დღეს რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ანაკლიის შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა ამ ეტაპზე „რაკიას“ სხვა გეგმები გააჩნია.

გუგა ცანავა არ გამორიცხავს, რომ ჯგუფი სამომავლოდ პროექტით დაინტერესდეს, თუმცა 2-3 წლის გეგმები კომპანიას შედგენილი აქვს და არის პროექტები, რომელთა განხორციელებაც თანაინვესტირების ფონდთან ერთად განიხილება. „რაკ ჯორჯია“ საქართველოში „შერატონ მეტეხი პალასის“, „ფოთის ინდუსტრიული ზონის“ და „თბილისი მოლის“ მმართველი კომპანიაა.