ანა კრისიუკი: “უცხოელების დანიშვნა მაღალ თანამდებობებზე უკრაინაში ძალიან ცოტას მოწონს”

0

risiukდასავლეთ უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში მცხოვრები ანა კრისიუკი რომელიც ჟურნალ Business Woman-ის მფლობელი და პიარ-სააგენტო PR-Energy-ს დირექტორია აცხადებს, რომ  ბოლო თვეებში უკრაინამ მძიმე პროცესები გადაიტანა – როდესაც გრივნამ დაცემა დაიწყო, ადამიანები დაიბნენ და ბანკებიდან ნაღდი ფული გაიტანეს. ახლა კი დოლარის შოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია.

“იხურება ბიზნესები, ბოლო პერიოდში დაიხურა 50 ბანკი. დოლარის ყიდვა ახლა ბანკებში შეუძლებელია. ამბობენ, რომ გრივნას კურსი 25 იქნება. ასეთ ვითარებაში ბიზნესმენები ფიქრობენ უცხოეთში, განსაკუთრებით ევროპაში გასვლაზე. მათთვის ასევე მიმზიდველია ბიზნესის კეთება კანადაში. ერთადერთი, რაზეც ახლა უკრაინაში ბიზნესი დგას, პატრიოტიზმია – უკრაინელები არ ყიდულობენ რუსულ საქონელს და ცდილობენ, მხოლოდ უკრაინული პროდუქცია შეიძინონ. ყველას ეშინია, რომ გაზის გაძვირების შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდებდა და უკვე სტრატეგიული საწარმოები დაიხურება, თუ სახელმწიფო მათი გადარჩენისთვის რაიმე მექანიზმს არ მოიფიქრებს” – აცხადებს კრისიუკი. რაც შეეხება გაზის გაძვირებას, ის ამბობს, რომ ეს მოსალოდნელი იყო, დენის გაძვირების მიზეზები კი მოსახლეობისთვის გაუგებარია.

ანა კრისიუკი მოსახლეობაში არსებულ განწყობებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ადამიანები  უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ სახელისუფლებო ძალები ძალაუფლებას ვერ იყოფენ – არკვევენ, თუ ვინაა მთავარი, ამ დროს კი მოსახლეობა იჩაგრება.

“რევოლუციის წლისთავზე ბევრი აპირებს ჩასვლას კიევში პროტესტის გამოსახატავად. ადამიანებს არ ესმით, რისთვის იდგნენ მაიდანზე. მათ ხელისუფლება შეცვალეს, მაგრამ მათი მდგომარეობა გაუარესდა. ამის მოთმენა კი არ სურთ. ეს შეიძლება იყოს მესამე რევოლუცია,”- ამბობს ანა კრისიუკი და სისტემური ცვლილების აუცილებლობაზეც საუბრობს.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნას უკრაინის მთავრობაში, კრისიუკი ამბობს, რომ უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობისთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს მისი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებაზე პასუხისმგებელი უცხო ქვეყნის მოქალაქე და რატომ უნდა ინიშნებოდნენ მაღალ თანამდებობებზე უცხოელები.

“თქვენ, ქართველები, ძალიან შორს წახვედით რეფორმებში და ღმერთმა ქნას, რომ თქვენი რეფორმები უკრაინაში იქნას ადაპტირებული. მაგრამ აქ მოსახლეობის უმეტესობისთვის და მათ შორის ჩემთვის, გაურეგებარია, რატომ უნდა იყოს პასუხისმგებელი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უცხოელი, თუნდაც ამ ადამიანს ძალიან უყვარდეს უკრაინა? მინდა დაგარწმუნოთ, რომ უცხოელების დანიშვნა მაღალ თანამდებობებზე უკრაინაში ძალიან ცოტა ადამიანმა მოიწონა. ჩვენ გვყავს უამრავი კარგი მედიკოსი, რომელიც ამ წლების განმავლობაში უცხოეთში წავიდა და იქ მუშაობს. ამ დროს კი ჯანდაცვის მინისტრად იწვევენ საქართველოს ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს. ალბათ ცოტა ხანში პრეზიდენტიც უცხოელი გვეყოლება. გარდა ამისა, მაღალ პოსტებზე ინიშნებიან ადამიანები, რომლებიც საერთაშორისო ძებნაში არიან. ასეთ ნაბიჯს ბევრი ქვეყანა ვერ გადადგამდა, ყოველ შემთხვევაში, ჯერ გარკვეულ შეკითხვებს პასუხებს გასცემდა,” – აცხადებს კრისიუკი.

 

სხვა ახალი ამბები: