ანდრო ბარნოვი: “რესპუბლიკური პარტიის წევრი არასოდეს ვყოფილვარ”

0

BARNOVIპრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი „რესპუბლიკური პარტიიდან“ მისი გარიცხვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ „ამ პარტიიდან ვერავინ გარიცხავდა, რადგანაც ამ პარტიის წევრი არასოდეს ყოფილა“.

განცხადებას, რომელიც ბარნოვმა „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო smo.ge უცვლელად გთავაზობთ:

„რადგან ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ რესპუბლიკური პარტიიდან გამრიცხეს, ალბათ, ჯობია, აქვე ვთქვა, სინამდვილეში რაც იყო და დავასრულო ეს ამბავი. მე მართლაც მქონდა გაკვეული ურთიერთობები რესპუბლიკელებთან, მაგრამ ეს პირად ნაცნობობას, ხოლო 2009 წელს ზოგადი კონსულტაციების ფორმატს არ გასცილებია. ამას დაემატა რამდენიმე ლექცია-სემინარი, რომელიც ჩავუტარე პარტიის აქტივს. თემებიც მახსოვს: „ჯავახეთში არსებული სიტუაცია“ და „თურქეთის საგარეო პოლიტიკა“. მაგრამ ამას ვაკეთებდი როგორც ექსპერტი და მაშინ სხვა რამდენიმე ექსპერტი ასევე ეხმარებოდა რესპუბლიკელებს აქტივის აღზრდაში. ცხადია, სრულიად უსასყიდლოდ. 2009 წლის ცნობილი მოვლენების დროს პარტიის ხელმძღვანელობა, ცხადია, უფრო ინტენსიურად გადიოდა კონსულტაციებს ექსპერტებთან, მათ შორის ჩემთანაც. მიმაჩნდა, რომ რესპუბლიკელები გამოირჩეოდნენ დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისგან და, ამიტომ, რაღაც მომენტში განცხადებაც დავწერე პარტიის წევრობაზე, თუმცა ამას მსვლელობა არასოდეს მიცემია და არასოდეს ამიღია რაიმე მანდატი. მიზეზი შემდეგი იყო: 2009 წელს მე მქონდა ორი პრინციპული პოზიცია, რომელსაც ძალიან აქტიურად ვაფიქსირებდი არა მარტო რესპუბლიკელებთან, არამედ – საჯაროდაც. რესპუბლიკელების მმართველი საბჭოს წევრებს დიდხანს და არგუმენტირებულად ვუხსნიდი, რომ (1) უნდა გამიჯვნოდნენ იმ გაურკვეველ პოლიტიკურ მასას, რომელსაც მხოლოდ აგრესია აერთიანებდა, და (2) არავითარ შემთხვევაში არ უნდა დამდგარიყვნენ მიტინგზე ბურჯანაძის გვერდით, რადგან ის რუსული პროექტი იყო და ქვეყნის დაღუპვის მეტს არაფერს მოიტანდა. უცნაური და მიუღებელი ის იყო, რომ პირად საუბრებში სრული თანხმობის მიუხედავად, 2009 წლის საპროტესტო კამპანია ისე ჩაინავლა, რომ რესპუბლიკელებმა ვერც ერთი ამ ნაბიჯის გადადგმა ვერ შესძლეს. როგორც საჯაროდ, ასევე პირად საუბრებში, მე არაერთხელ მითქვამს, რომ დაუშვეს დიდი შეცდომა და რომ არც პოლიტიკური ალღო აღმოაჩნდათ და არც საკმარისი პასუხისმგებლობა. ამიტომ, როდესაც მაისში თუ ივნისში ყრილობა ჩაატარეს და დელეგატობა შემომთავაზეს, ვიუარე. ამით დასრულდა ჩემი ურთიერთობა ამ პოლიტიკურ გუნდთან და ამის შემდეგ დავიწყე მათი ღია კრიტიკა. 2009 წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმისათვის, რომ შიგნიდან შემეხედა საქართველოს პოლიტიკური რეალობისათვის. მე არასოდეს მიმოქმედია როგორც პარტიულ აქტივისტს და მუდმივად მხოლოდ ჩემი სამოქალაქო პოზიციით ვიყავი ცნობილი. მაშინაც, რესპუბლიკელების გარდა ბევრ სხვა პარტიას ზუსტად ისე ველაპარაკებოდი და ვცდილობდი, პროცესები მისაღებ და საზოგადოებისათვის უსაფრთხო კალაპოტში გადამეგდო. საზოგადოებას ალბათ ახსოვს „დიალოგის“ თემა, რომლის ერთ-ერთი ინიციატორიც ვიყავი, ასევე ის აგრესია, რაც მაშინ ამ მოწოდებამ გამოიწვია ოპოზიციაში. თუმცა, მანამდე საკუთარი ინიციატივით, პირადად დავდიოდი და ვთხოვდი ოპოზიციის ლიდერებს, რომ აგრესიას და ბოღმას ნუ გადააყოლებდნენ ქვეყანას. რესპუბლიკელები ამ საქმეში პარტნიორად მიმაჩნდა და აშკარად შევცდი. მათ ვერ ივარგეს. შესაბამისად, გადაწყვეტილება ადვილად მივიღე და სრულად გავემიჯნე მთელ იმ სპექტრს, რომელიც მაშინ ოპოზიციონერ პოლიტიკოსობას იბრალებდა. სინამდვილეში, მათი ნაწილი სრულიად უუნარო, უიდეო, უენერგიო და მშიშარა, ნაწილი კი – საზოგადოებისთვის პირდაპირი საფრთხის მატარებელი სუბიექტები აღმოჩნდნენ. ასევე რჩებიან დღესაც. და სწორედ მაშინ, თვალნათლივ დავინახე და გავაცნობიერე, რომ ბრალდებათა უდიდესი ნაწილი, რომელსაც ნაციონალურ მოძრაობას ეს ხალხი აბრალებდა, ან სრული სისულელე და გამოგონილი ტყუილი იყო, ანდა – ისევდაისევ ამ უპასუხისმგებლო ბრბოს უსაქციელობით გამოწვეული პასუხი, რომელსაც ხელისუფლება ასე თუ ისე იძლეოდა. ეს პასუხი არ იყო ყოველთვის იდეალური ან დახვეწილი, ხშირად ძალიან მძიმეც იყო, მაგრამ პოლიტიკური მოტივაცია ყველა შემთხვევაში იყო დამოუკიდებლობის დაცვა და პასუხისმგებლობა ქვეყნის ხვალინდელ დღეზე, რაც არც ერთ სხვა პოლიტიკურ ძალას არ გააჩნდა და, სამწუხაროდ, არ აქვს დღემდე“ – წერს ანდრო ბარნოვი.

სხვა ახალი ამბები: