წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშის მოსახლეობა საპროტესტო აქციებით იმუქრება

0

imagesწალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშის მოსახლეობა წალენჯიხის ცენტრში ფართომაშტაბიანი აქციების გამართვით იმუქრება. მათი განცხადებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნული სოფელი საერთოდ დაივიწყა. სოფლის გამგებელი ჯონი გოგოხია კი სოფელს მხოლოდ თვეში ერთხელ აკითხავს. ექვსას კომლზე გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო ბარათები სოფლის მოსახლეობიდან მხოლოდ ას კომლს აქვს მიღებული. მათთვის არც პოლისები არსებობს.

“საერთოდ დაგვივიწყა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. გამგეობიდან სოფელს ერთხელაც არ უნახავს არც ძველი და არც ახალი გამგებელი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საზღვრისპირა სოფელი ვართ და სხვასთან შედარებით მეტ ყურადღებასაც კი ვიმსახურებთ. გზები ჩვენთან არ არსებობს. ჩვენი მეზობელი მზია ტორუა სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა, რადგან მათ მოსვლა ვერ მოასწრეს. მოსახლეობისთვის არ დაურიგებიათ სასოფლო-სამეურნეო ბარათები. სოფლის გამგებელს ეს საერთოდ არ აწუხებს და არც აკითხავს სოფელს. თუ მდგომარეობა არ გამოსწორდება ჩვენ მივმართავთ პროტესტის უმაღლეს ფორმას და გავმართავთ წალენჯიხის გამგეობასთან საპროტესტო აქციებს”-აცხადებს სოფელ წყოუშის მკვიდრი ქეთევან გურგენიშვილი.

მდგომარეობის ადგილზე გასაცნობად სოფელში “ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბერდია კალანდია ჩავიდა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას მან განაცხადა, რომ წყოუშში მართლაც მძიმე მდგომარეობაა. ის აპირებს წერილობით მიმართოს იმ ინსტანციებს, რომლებსაც ევალებათ ხალხთან მუშაობა და მდგომარეობის გამოსწორება. ბერდია კალანდიას განცხადებით ანალოგიური სიტუაციები იქმნება წალენჯიხის სხვა სოფლებშიც. უკონტროლოდ მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება და ხალხის ინფორმირება ბარათებთან დაკავშირებით ნულს უტოლდება.

“ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი ხდება სპეციალურად, რომ მოსახლეობამდე არ იქნეს მიტანილი სწორი ინფორმაცია ბარათებთან დაკავშირებით. ანალოგიური სიტუაციაა სატელიტურ ანტენებთან დაკავშირებითაც. ხალხში ავრცელებენ ხმებს, რომ ეს ანტენები იქნება ფასიანი და იმდენად ხელმიუწვდომელი, რომ სოფლის მოსახლეობა ვერ შეძლებს ამ თანხების გადახდას. ამას სწორედ ის კადრები ახორციელებენ და უფრო მეტად სოფლებში, რომლებიც შემორჩნენ “ნაციონალურ მოძრაობას”. ეს ყველაფერი კეთდება მიზანმიმართულად,”-აცხადებს ბერდია კალანდია.

სხვა ახალი ამბები: