არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანი, კანონი, თავისუფლება” განცხადებას ავრცელებს

0

1-adamianiარასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანი, კანონი, თავისუფლება” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო smo.ge უცვლელად გთავაზობთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“-ს ხელთ არსებული ინფორმაციით 2010 წლის აგვისტოს თვეში, მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ხუთი ციხის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მათ ნაცვლად 2006-2008 წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე მაღალჩინოსნები და იმ დროისთვის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დანიშნა. აღნიშნული საკითხი არ იყო შეთანხმებული სასჯელაღრულების მაშინდელ მინისტრთან – ხათუნა კალმახელიძესთან.

ინფორმაციის წყაროს თქმით, აღნიშნული ცვლილების შემდეგ პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პოლიტიკამ სისტემატური ხასიათი მიიღო.

აღნიშნული ინფორმაციით იკვეთება, რომ მიუხედავად ბაჩანა ახალაიას მტკიცებისა, რომ იგი 2008 წლის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე მოვლენებში არ ჩარეულა, არ შეესაბამება სინამდვილეს.

ინფორმაციის გადამოწმების თხოვნით არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“-მ ოფიციალური წერილით მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს. კერძოდ, ორგანიზაცია დაინტერესებული იყო 2010 წლის ივლისიდან სექტემბრამდე პენიტენციალურ სისტემაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ არსებული ინფორმაციით.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ 2013 წლის 5 სექტემბრის წერილის მიხედვით უარი განაცხადა ინფორმაციის გასაჯაროებაზე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, ა – პუნქტის“ თანახმად, რაც სუბიექტის თანხმობის გარეშე ინფორმაციის გასაჯაროებას ზღუდავს.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“-ს მიზანშეწონილად მიაჩნია, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ გაასაჯაროოს აღნიშნული ინფორმაცია, რის საფუძველზეც ნათელი გახდება რამდენად აკონტროლებდა პენიტენციალურ სისტემას ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ მიმართავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ყოფილ მინისტრს, ქ-ნ ხათუნა კალმახელიძეს, გააკეთოს საჯარო განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

უახლოეს პერიოდში ფაქტების არ გახმაურების შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაცია  „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ საკითხის შესწავლის თხოვნით გენერალურ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს მიმართავს.

სხვა ახალი ამბები: