არა – ქალებზე ძალადობას!

0

1353835534_stop… სამი წლის წინ ბიძაშვილი გარდამეცვალა.  ასე, 45 წლის ახალგაზრდა ქალი, ორი შვილის დედა. ის  მშობლების ოჯახს, სანათესაოს წლების განმავლობაში მოკვეთილი გვყავდა. პირადად მე , თითქმის 25 წელი იყო, არ მენახა.  მისი გარდაცვალება მძიმედ განვიცადე.  ალბათ , ესეც იყო მიზეზი,   (და ყველა სხვა მიზეზზე უფრო ,, მძაფრი’’)  რომ მისი დაკრძალვიდან  სამ დღეში   ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მივიღე და საქართველო არალეგალურად დავტოვე… მაშინაც კი, როდესაც გასაბერი ,, კატერით’’,( რომელზედაც 7 – ის ნაცვლად 14 ადამიანი ვისხედით)  უკუნეთ, ქარიან– წვიმიან ღამეში ზღვას ვსერავდით თურქეთიდან  საბერძნეთისკენ  და ამინდის გარდა,  მზვერავების ტყვიის საშიშროებაც გვემუქრებოდა, სიკვდილს ვნატრობდი, უკან დაბრუნებას კი არა… ,,უკან“ ჩემი ბიძაშვილის გაციებული ცხედარი   ეფარებოდა  ყველაფერ კარგზე და მშობლიურზე  ჩემს მოგონებას.. . ათენში რაც ვნახე, ქალზე  ოჯახური ძალადობის სულ სხვა სტიგმაა ( საჭირო სიტყვას ვერ ვპოულობ). ამ თემას მუდმივად ვეხები ტრეფიკინგზე საუბრისას  და მომავალშიც  ვერ ავუვლი გვერდს, მაგრამ ახლა მხოლოდ ჩემს უბედურ ბიძაშვილზე  მინდა მოგიყვეთ. ჯერ ერთი, იმიტომ ,  რომ  მხოლოდ დალი ( ასე ერქვა ჩემს ბიძაშვილს) არაა  ქალზე ძალადობის მსხვერპლი… დარწმუნებული ვარ, მის ისტორიაში ბევრი საკუთარ  ცხოვრებას, საკუთარ მწარე რეალობას დაინახავს… იქნებ , მოძალადეებიც ჩაახედოს სულში და საკუთარ თავს დროზე უთხრან: ,,sos”, ასე უკვე არ შეიძლება გაგრძელება. მეორეც, სული უნდა დავიმშვიდო. ახლა მაინც გავბედო სათქმელის ხმამაღლა თქმა და სირცხვილი ნაწილობრივ მაინც ჩამოვირეცხო ცხედრის წინაშე.
დალი პატარა გოგო არ იყო  ,,მოტყუებით თუ მოტაცებით“ რომ გათხოვდა. საქმრო  არ უყვარდა, მაგრამ 25 –ს  უკაკუნებდა და… ოჯახიდან ,,ძალათი გაჯიკვეს“  ( როგორც ჩვენთან ასეთ შემთხვევაზე  ლაპარაკობენ, ხოლმე) მგონი,  ,, მოტყუებით გადაყვანაში“ ყველაზე ახლობელ  ადამიანებს ედო წილი – კარგი ბიჭია, დრო გავა და შეგიყვარდებაო… ეჰ, დავანებოთ ამას თავი, რამდენი ვიცი, სიყვარულით შეუქმნიათ ოჯახი, მაგრამ მერე ერთმანეთი ვერ უგუებიათ. მოკლედ , დალიმ ვერ შეიყვარა  ქმარი.
ბიჭი შეეძინათ.  5–6 წლისა კი იყო ბავშვი,  ცოლ– ქმარს კი ერთმანეთში სულ უკმაყოფილება ქონდათ. დაავლებდა ბავშვს ხელს დედა და გამოიქცეოდა მშობლების სახლში… მამა, ანუ ბიძაჩემი უკვე ცოცხალი აღარ იყო. ბიცოლა ძველი ყაიდის, მამალი ქალი, რომელმაც ჯერ 18 წლის ბიჭის  და მერე ქმრის მოულოდნელი სიკვდილი კაცის სიმტკიცით აიტანა, არ თანაუგრძნობდა გოგოს ამ ,, სისუსტეში’’ :  ,,ქმრის გახარებული ვინ გინახავს, შვილი გყავს, ოჯახი გაქვს, კეთილი ინებე და მოუარე ოჯახს.  შენი ბავშვი სხვის სახლში, უმამოდ რატომ უნდა გაიზარდოსო“ ბიცოლას აზრზე იდგნენ  სახლიკაცებიც – დალის ძმა, მამაჩემი,  ბიძიები, ბიძაშვილები.  სიძეც მალე დაადევნებდა შესარიგებლად ,,კაცებს’’ გაქცეულ ცოლს. ძალისძალათი გაატანდნენ  უკან საბრალო ქალს…
იმ დღეს დალი ისევ გაიქცა ქმრის სახლიდან. ამჯერად –მარტო, ბავშვის გარეშე და არც მშობლებთან მისულა შინ. სოფელში მაშინვე ჭორი აგორდა,  დალი  გათხოვდაო. ჩვენებს დანა არ უხსნიდათ პირს. ეძებდნენ, რომ აეხანჯლათ და ამით სირცხვილი ჩამოერეცხათ. სხვათაშორის , ქმარიც ეძებდა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ , ასახანჯლად არა, შემოსარიგებლად და სატანას შეკრულები   ჩუმად ქირქილებდნენ  მასზე, აბდალიაო. ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ქალი  2  დღე ვერ იპოვეს.  მესამე დღეს ბიცოლას დეიდაშვილი მოვიდა ჩხოროწყუდან – დალი ჩემთან იყო და თბილისში გავამგზავრე. დაანებეთ ამ გოგოს თავი, ხომ ხედავთ არ უყვარს  ქმარი, მუდმივად ჩხუბი და უთანხმოება აქვთ, ხომ არ უნდა მოკვდეს მანდო… კინაღამ ეს ადამიანი აჩეხეს ჩვენებმა, როგორ თუ გადამალე და ჩუმად გაამგზავრეო. სამეგრელოში როგორც იციან მიცვალებულზე. ,,ნიშანი ‘ ‘ გამოფინეს  ზალაში… ბიცოლამ – მეორე შვილიც მომიკვდაო, გამოაცხადა…  ტაბუ დაედო დალის სახელს.  ბიძაშვილი გოგონები კი მოვისაკლისებდით ზოგჯერ ჩუმად, მაგრამ კაცებთან რომელი ერთი გავბედავდით ხმის ამოღებას . ბიჭები ( ბიძაშვილები) იმასაც იძახდნენ, დედალი ძმა ყავს, ის რომ არა, ამდენი ხანი ჩვენ ავხანჯლავდით და სირცხვილს ჩამოვირეცხდითო, არადა,  გულში, ხომ ვიცი, არავის გვჯეროდა დალის უწესო საქციელის. არასდროს არავის არ უნახავს რეალურად, და არც სახელი დაურქმევიათ არასდროს იმ კაცისთვის, დალი რომ ვითომ იმ დღეს გაეკიდა. სინამდვილეში ხომ არც არსებობდა ასეთი კაცი…
წლები გადიოდა. იმ პერიოდში ხშირად მიწევდა თბილისში ყოფნა, მაგრამ არასდროს მიცდია მისი მოძებნა, მასთან შეხვედრა. ჯერ ერთი , ადვილი არ იყო მისი პოვნა, მაგრამ  – არაშეუძლებელი. დროდადრო ამბები ჩამოდიოდა სოფელში . ქალები ამბობდნენ, ლილოში ვაჭრობსო. მეშინოდა მამაჩემის, ძმების, ბიძაშვილების.  რომ გაეგოთ, შავ  დღეს  დამაწევდნენ, მაგრამ მარტო ამათი კი არა , საზოგადოების აზრისაც მეშინოდა.  მესირცხვილებოდა , ხმამაღლა გამოვსარჩლებოდი, დამეცვა… სამწუხაროდ, ,, ციციკორობა’’ და  ტალახის სროლა ,,ვირზე  უკუღმა შესმულ  მარიტასთვის“ ყველას შეგვიძლია, განკიცხულის დაცვა არ შეგვიძლია ყველას.
ჭორიკანა ხალხმა უფრო არ დაინდო ჩემი ბიძაშვილი… შვილი როგორ დატოვა, დედობა უნდა ჩამოერთვასო… არამკითხე ქალები აყრიდნენ ქოქოლას… ახლა ვხვდები, სხვებზე მეტი პროტესტის გრძნობა რომ აღმოაჩნდა ძალადობის წინააღმდეგ. რომ არ შეეგუა იმას, სხვები რომ ეგუებოდნენ, სწორედ ამიტომ აითვალწუნეს დალი, სწორედ ამიტომ უხელებდნენ ქმარყოფილს ,  იპოვე და ყელი გამოღადრე, შვილს ახლოს არ გააკარო ბოზი დედაო.
მაინც, ბრბოზე და ჩვენზეც  უფრო  ჰუმანურნი აღმოჩდნენ დალის ყოფილი ქმარი და დედამთილი. ბავშვიც ანახეს და  ცუდადაც არასდროს ახსენებდნენ. ცხონებული, რომ გარდაიცვალა, დაიტირეს კიდეც დედამთილმა და მაზლებმა ცხარე ცრემლებითა და სინანულით… ეს ჩვენ, მისი სისხლით ნათესავები გამოვდექით უსულგულო  ამპართავნები, ჩვენ მივუკეტეთ კარი, მოვიკვეთეთ კეთროვანივით…
წლები გავიდა და დალი მართლაც მეორედ გათხოვდა. როგორც ამბობდნენ, კარგი ბიჭი იყო სიძე, მაგრამ … დალის ოჯახმა არ მიიღო. თავიდან აზვირთდა მრისხანება. გადაირია ბიცოლა – მოსწრებული შვილის პატივისცემა, ძმის პატივისცემა რომ ქონოდა , ამას არ ჩაიდენდაო. სწყევლიდა მას  ყოველ უფლის დღეს, ნატრობდა, ან მანქანა დაეჯახებოდეს, ან მტკვარში დამხრჩვალს იპოვნიდნენ,  სანამ ძმას მოუკლავს და დის ცოდვა დასდებია კისერზეო. საუბედუროდ, არც მეორე ქმრის ოჯახმა მიიღო  ,,ზარ– ზეიმით“ განათხოვარი, შვილიანი ქალი … ალბათ, ამდენი წლის ნერვიულობამ თავისი ქნა, შემოთვალეს, დალის ბიჭი შეეძინა, მაგრამ თვითონ მომაკვდავია, სულს ღაფავსო. ერთ დათმობაზე წავიდა ოჯახი :  ჩვილმა რა დააშავა, უპატრონოდ ხომ არ დავაგდებთო. ჩამოიყვანეს. იშვილა დალის ძმამ და რძალმა მეხუთე შვილად. ცივ ნიავს არ აკარებდნენ ბავშვს, მაგრამ დედის სახსენებელი არ იყო მის სახლში….
2011 წელს,  –აგვისტო იდგა –… ისევ შემოუთვლიათ თბილისიდან,  ( მომაკვდავს,  შემთხვევით შეფეთებულ ნაცნობისთვის უთხოვია) დალი კვდება, ცოცხალს  ჩამოუსწარითო. ბიცოლა წასულა მარტო… ცოცხალს კი ჩაუსწრო, მაგრამ…. მალე სული დალია მის ხელში.
საოცარია…. რკინის გული ჩაიდო დედამ მკერდში. თვითონ დაუხუჭა თვალები. .. სასწრაფო მანქანას  სალონში  ჩაუჯდა და  სულ მარტომ წამოასვენა შვილი თბილისიდან… სოფელს რომ მოუახლოვდა, მაშინ დარეკა, ჩვენებთან… ცოცხალი არ მიგვიღია, მკვდარი მომყავს და დაგვხვდითო.
… ეს დღე ყველაზე მძიმე მოსაგონარია ჩემს ცხოვრებაში. უეცარმა ელდამ გაგვაქვავა… მერე კი…. ბიძაშვილები, და – ძმა, ძმისშვილები  – ყველანი მოცელილებივით ვეყარეთ ძირს… ან გული მიგვდიოდა, ან კოკისპირულად ვღვრიდით ცრემლებს…
ჭიშკარში სასწრაფო შემოვიდა. ჩემი ჩია, ერთი ბეწო ბიცოლა, მწუხარებას სულ მოეკვაკვა და მხოლოდ  თვალებადღა ექცია… მდუმარედ ჩამოასვენეს მიცვალებული მანქანიდან. შეკივლებას ცა არ გაუკაწრავს. გაკერპებულმა დედამ, არ გეკუთვნის შეკივლებაო, ჯიუტად უთხრა ბედარეულ შვილს.
ზღვა ხალხი მოგვაწყდა სამძიმარზე.  ჩემი,  უბედურ ბედზე გაჩენილი შვილიო,  დედას  სხვა სიტყვები არ დასცდენია გაცრეცილი ბაგიდან… მათ, აგერ გუშინ რომ ჭორებს აცხობდნენ დალის უწესო ცხოვრებაზე, უკვე აღარ ახსოვდათ ეს ჭორები….სინანული შეპარვოდათ უდროოდ დამჭკნარ ახალგაზრდა სიცოცხლეზე… საცოდავი გოგოო, ჩურჩულებდნენ ერთმანეთში.
…  გასვენების წინა ღამეს,  ცხედართან მე და მისი ძმა დავრჩით მარტო… კოპწია იყო დალი სიცოცხლეში. ფერადი, ლამაზი კაბა ჩავაცვით, კოპწიად მოვრთეთ …. გულდათუთქული  ძმა მოგუდული ,,ბღავილით“  სთხოვდა წლების უნახავ დას შენდობას და  სიმწრის ცრემლებს აბნევდა გულისპირზე…. ვქვითინებდი მეც. თანაშეზრდილი ბიძაშვილი ისე მიდიოდა სამარეს, ჩემი უნიათობითა და ბრმა მენტალობის წყალობით  25 წელი არ მყავდა ნანახი… გამქრალიყო მისი სილამაზე. ტანჯვის ბეჭედი აჯდა სახეზე.
… უცებ მისი პატარა , 6 წლის ბიჭი შემოვიდა. შორიახლო აიტუზა. ხელით ანიშნა მიცვალებულზე  ჩემმა ბიძაშვილმა,  – ლუკა, იცი ეს ვინ  არისო ? კითხა…  –  დალი მამიდაო, უთხრა არასდროს უნახავ დედაზე  ბავშვმა.
… ისევ წასკდა ბღავილი ბიძაშვილს… ბღავილით უთხრა:
–  ლუკა,  ეს შენი  მშობელი დედაა. ( ,, მახალი დიდავა’’, მეგრულად უთხრა)  მეტჯერ ვერ ნახავ და კარგად დაიმახსოვრე მისი სახე…. უბედურ დღეზე გაჩენილი ჩვენ მოგიკალითო…  არასოდეს, არასოდეს დამავიწყდება ლუკას  თვალები, ამის გაგონებაზე…
P.S.   …ათენიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, ქუჩაში ყმაწვიმა  გამაჩერა, სიყვარულით ჩამეხუტა და  ჩემი დაბნევა რომ ნახა, მორიდებით მითხრა, ფატი მამიდა, პაპუნა ვარ, დალის ბიჭიო… ხელები გავშალე და ისევ ჩამეხუტა, ახლა უფრო ძლიერად, თითქოს დედის სურნელს, სითბოს ეძებდა ჩემში. მე კი?..

მე კი იმ ერთერთთაგანი ვიყავი , ჩემი გულგრილობითა და ამპარტავნობით დედა რომ მოვუკალი.
ფატი ნაჭყებია

სხვა ახალი ამბები: