არჩევნებს NDI-ის სადამკვირვებლო მისია დააკვირდება

0

ndiთბილისში 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია ჩამოვიდა.

დელეგაციას ხელმძღვანელობენ: აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი კონეკტიკუტის შტატიდან და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სემ გეჯდენსონი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ყოფილი ელჩი პერ ეკლუნდი შვედეთიდან და საქართველოში აშშ–ის ყოფილი ელჩი კენეთ იალოვიცი.

NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციის მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებაა.

თბილისში დელეგაციის წევრები საპრეზიდენტო კანდიდატებს, მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებს, ასევე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან. დელეგაცია ასევე მხედველობაში მიიღებს წინა მისიების დაკვირვებებს.

თბილისში ჩატარებული საორიენტაციო შეხვედრების შემდეგ დამკვირვებლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გაემგზავრებიან, სადაც ისინი საარჩევნო გარემოს შესაფასებლად ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციის, პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ დამკვირვებლებს შეხვდებიან.

არჩევნების დღეს NDI-ს დამკვირვებლები შესაბამის ოლქებში საარჩევნო უბნებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობას დააკვირდებიან, რის შემდეგაც დაკვირვებების შესაჯამებლად თბილისში შეიკრიბებიან და არჩევნების დღეზე დაკვირვების წინასწარ ანგარიშს მოამზადებენ. დელეგაციის წინასწარი ანგარიში პრეს-კონფერენციაზე გამოქვეყნდება, რომელიც, სავარაუდოდ, 28 ოქტომბერს გაიმართება.

საარჩევნო პერიოდის განმავლობაში NDI ადგილობრივ სადამკვირვებლო ჯგუფებთან და საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

სხვა ახალი ამბები: