აფხაზები გალის რაიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავენ

0

166110_10150163861839447_1228621_nოკუპირებულ აფხაზეთში გალის რაიონისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება. პირადობის დამადასტურებელ მოწმობებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები კი დროებით მიწყნარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო frontnews-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს.

„აფხაზები აცნობიერებენ, რომ გალის რაიონი მათთვის ეკონომიკური თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობისაა. რუსეთიდან შემოტანილი საქონლის 70%–ს სწორედ გალის რაიონის სოფლებში ყიდიან. გარდა ამისა, ეს სადღეისოდ მთელი აფხაზეთის მასშტაბით შედარებით მჭიდროდ დასახლებული ერთადერთი რაიონია, დანარჩენი სოფლები თუ ქალაქები ფაქტობრივად, დაცარიელებულია. გალიდან სოხუმამდე არსებულ 75–კილომეტრიან ზოლში, რომელიც ადრე მჭიდროდ იყო დასახლებული, ახლა მოსახლეს რთულად თუ შეხვდებით, ანალოგიური მდგომარეობაა ოჩამჩირეშიც. ამდენად, გალის მნიშვნელობას აფხაზები აცნობიერებენ და აქტიურად დაიწყეს საუბარი რაიონისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა რა ფორმით მოხდება ეს და კონკრეტულად რა სტატუსზე იქნება საუბარი, ჩამოყალიბებულები ჯერ არ არიან. იგულისხმება რაიონის აფხაზეთის შემადგენლობაში დატოვება, თუმცა ერთგვარ ნეიტრალურ ზონად გამოცხადება“ – აღნიშნა წყარომ.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, საუბრობენ იმაზეც, რომ გალში სამურზაყანოში მცხოვრები მეგრელები ჩაასახლონ.

„არ ვიცი, რამდენად რეალურია, მაგრამ საუბრობენ იმაზეც, რომ გალელებს შესაძლოა, რუსული პასპორტებიც მისცენ“,– აცხადებს Frontnews–ის წყარო.

„3 000–მდე ქართველს აფხაზებმა პასპორტი ჩამოართვეს და ანულირება გაუკეთეს. კიდევ დაახლოებით 3 000–მდე პასპორტის ნომრები ენგურის ხიდზე და პოლიციის შენობებშია გამოკრული, მათაც უნდა ჩამოართვან. აფხაზებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ გალის რაიონის სოფლებში „ომონის“ შემოყვანა იგეგმება, რომელიც საბუთების შემოწმებასა და ქართველების დაწიოკებაზე იმუშავებს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, იდეა რაულ ხაჯიმბას ეკუთვნის. ყველამ იცის, რომ ის და ვლადიმერ პუტინი თანაკურსელები არიან. თავად ხაჯიმბას მომხრეებსა და დანარჩენ აფხაზებს შორის იყო დაპირისპირება და ეს პროცესი დროებით შეჩერდა, მაგრამ ახლა ისევ ხაჯიმბას იდეის განხორციელება იწყება. გვქონდა საუბარი აფხაზებთან, თუ რაში აწყობთ ეს და მათგანვე ვიცით, რომ მიზანი ქართველების იძულებაა, გალის რაიონი დატოვონ. აქ დაახლოებით 40 000–მდე ქართველია. ყველა პირობა იქმნება იმისთვის, რომ ტერიტორია დატოვონ. თუ ხალხს გადაადგილებისა და თავის რჩენის საშუალება არ ექნება, იძულებული გახდება, ასეც მოიქცეს. წარმოიდგინეთ, 40 000 დევნილი რომ გადმოვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს თავად გალებების სოციალურ მდგომარეობასა და ქვეყნის ეკონომიკაზეც მძიმედ აისახება“,– იუწყებოდნენ ადგილობრივები.

მათივე ცნობით, ასევე შეწყდა პროცესი, რომელიც პასპორტების გაცემას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმისა და გვარის გადაკეთების შემთხვევაში ითვალისწინებდა.

„პასპორტების გაცემა შერჩევითობის პრინციპით ხდებოდა. მაგალითად, თუ შენი გვარი მთავრდება „შვილზე“, „ძეზე“  ან „იანზე“, პასპორტს არც ერთ შემთხვევაში არ მოგცემდნენ, ხოლო თუ, მაგალითად, იყავი ეზუგბაია, ყოლბაია, ქეძბაია, პასპორტში გიწერდნენ „ეზუგბას“, „ყოლბას“, „ქეძბას“. გარდა ამისა, პასპორტში ეროვნების აღმნიშვნელ გრაფაში აფიქსირებდნენ, რომ ხარ აფხაზი, აქამდე კი „ქართველი“ ეწერა. ამ დროისთვის ეს პროცესიც შეწყვეტილია, მხოლოდ რამდენიმემ აიღო. პროცენტულად ძალიან მცირე რაოდენობამ. გასათვალისწინებელია, რომ ცოტა ხნის წინ გალის რაიონში რამდენიმე ქართულ სოფელს ქართული სახელები შეუცვალეს“– აღნიშნავს Frontnews–ის წყარო.

სხვა ახალი ამბები: