აფხაზეთის მთავრობაში ცვლილებები იწყება

0

vaxoაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ცვლილებების მოლოდინშია.  მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს და პარალელურად შეიცვლება მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობაც.

წყაროს ინფორმაციით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტს სოხუმის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ჯაიანი ჩაიბარებს, რომელიც ალექსანდრე აპლაკოვს შეცვლის; აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროს ამჟამად აფხაზეთის მთავრობის აპარატის საფინანსო– ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოთარ გარმელია ჩაიბარებს, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნანა შეროზიას სავარაუდოდ, მისი ამჟამინდელი პირველი მოადგილე ლევან თევზაია შეცვლის; რეგიონალური მართვის საკითხებში მინისტრის პოსტს უმაღლესი საბჭოს დეპუტატ დავით გვაძაბიას ვაჟი დავით გვაძაბია ჩაიბარებს, რომელიც ამ პოსტზე კორნელი სალიას ჩაანაცვლებს; ჯანდაცვის ახალ მინისტრად თენგიზ კვირტიას ვიხილავთ, რომელიც ამ პოსტზე გენადი გადელიას შეცვლის.

არსებული ინფორმაციით, პოსტს შეინარჩუნებენ მხოლოდ მინისტრი განსაკუთრებულ საკითხებში კონსტანტინე წურწუმია და ზემო აფხაზეთის საკითხთა მინისტრი მევლუდ ჯაჭვლიანი.

ჯერ–ჯერობით უცნობი რჩება შედარებით დაბალი თანამდებობის პირთა ბედი, ასევე დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელის ვინაობა.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი მას შემდგეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი ბარამიამ სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა, თუმცა მისი განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილს დღემდე არ დაუკმაყოფილებია.

სხვა ახალი ამბები: