აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები პრეზიდენტისგან განმარტებას მოითხოვენ

3
41aeac009cf8cffa6482769c58955e5cაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ საკაშვილს ღია წერილით მიმართავენ და ტელეკომპანია „იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთის მთავრობის „ეგრეთწოდებულ აფხაზეთის მთავრობად” მოხსენიებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებებს ითხოვენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ღია წერილის ტექსტს smo.ge უცვლელად გთავაზობთ:
“ბატონო პრეზიდენტო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უკიდურესად გაკვირვებულია თქვენს მიერ მიმდინარე წლის 23 მარტს ტელესტუდია “იმედის” ღია ეთერში გაკეთებული განცხადებით, თითქოსდა რიყეზე განლაგებულ რესტორნებს შორის ერთ-ერთი აფხაზეთის მაშინდელი “ეგრეთ წოდებული” ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ეკუთვნოდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც მაშინდელ და არც ახლანდელ ლეგიტიმურ სტრუქტურებს არასოდეს ჰქონიათ რიყეზე არავითარი რესტორანი. ერთადერთი, რაც ჩვენ რიყესთან გვაკავშირებდა, თბილისის მერიის მიერ მონიშნული ტერიტორია იყო, სადაც “თბილისობის” დღეებში ჩვენ აფხაზეთის კუთხეს წარმოვადგენდით. ამ ტერიტორიაზე აფხაზური ფაცხა მუშაობდა, სადაც დევნილები იყვნენ დასაქმებული. ვის და რას დავაბრალოთ თქვენს მიერ აფხაზეთის მთავრობის “ეგრეთ წოდებულად” მოხსენიება? სამწუხაროა, მაგრამ ამ გამონათქვამს, ნებსით თუ უნებლიედ, აფხაზეთის საზოგადოება უკავშირებს თქვენს დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმტკივნეულესი აფხაზეთის პრობლემისადმი, ამ ცხრა წლის მანძილზე აფხაზეთის დევნილ დეპუტაციასთან მხოლოდ ერთხელ შეხვედრის (ისიც – ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით) და საქართველოს პარლამენტიდან აფხაზეთში არჩეული დეპუტატების გამოყვანის პოლიტიკურ ქვედინებებს. და მაინც გვინდა, ვირწმუნოთ, რომ ეს იყო ტექსტობრივი შეცდომა, რასთან დაკავშირებითაც ვიმედოვნებთ, რომ თქვენ, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის განმარტებებს გააკეთებთ არა მარტო აფხაზეთის საზოგადოების, არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობის წინაშე.
ხოლო იმას, თუ რამდენად იმსახურებს თქვენს ეპითეტ “ეგრეთ წოდებულს” აფხაზეთის დევნილი საზოგადოება და მისი დევნილი ხელისუფლება, დრო და ისტორია სამართლიან საქართველოში თავის ადგილს მიუჩენს”, – ნათქვამია მიმართვაში.

სხვა ახალი ამბები: