აფხაზეთში კულტურული ძეგლების ერთიანი რეესტრი იქმნება

0

მოქვის ეკლესიაოკუპირებულ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის და უძველესი არქიტექტურული ძეგლების ერთიანი რეესტრი იქმნება, – ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ბატალ კობახიამ განაცხადა. მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 295 ისტორიული ძეგლი მდებარეობს, რომელთაგან ბევრს იუნესკო-ს სიაში მოხვედრის შანსი აქვს.  ,,იუნესკო-ს ერთ-ერთი კრიტერიუმის მიხედვით, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესატანად, ძეგლი უნდა წარმოადგენდეს ადამიანის მიერ შექმნილ შედევრს. ასეთი შედევრები ჩვენთან ბლომად არის. აფხაზეთი ისეთი დიდი კულტურული მემკვიდრეობის მატარებელია, როგორიც ბევრ ქვეყანას არ გააჩნია. აქ თავმოყრილია ბიზანტიური, რომაული და სხვა სტილის კულტურა.” – აღნიშნა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

კობახიას თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები პირვანდელი სახითაა შემონახული და იუნესკო-ს სიაში თავისუფლად შეიძლება შევიდეს ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების და ბედიის ტაძრები, სოხუმის ციხესიმაგრე, განთიადის ბაზილიკა, თამარ მეფის ხიდი, ბაგრატის სასახლე და სხვა.

ბატალ კობახიამ ყურადღება იმ ფაქტზეც გაამახვილა, რომ იუნესკო-ს კრიტერიუმებს შორის მნიშვნელოვანია, ასევე, სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან ძეგლების მიმართ დამოკიდებულება.

,,არა მგონია იუნესკო-მ ან რომელიმე სხვა ორგანიზაციამ ან ქვეყანამ საჭირო ყურადღება მიაქციოს და პატივი სცეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მანამ, ვიდრე მათ მიმართ თავადვე არ შევიცვლით დამოკიდებულებას და არ მოვუფრთხილდებით.” – განაცხადა ბატალ კობახიამ.