აფხაზეთში რუსი დიპლომატის მკვლელს მეორე დღეა ეძებენ

0

rusi diplomatiმეორე დღეა სოხუმში რუსი დიპლომატის მკვლელს ეძებენ. დიმიტრი ვიშერნევი, რომელიც აფხაზეთში რუსეთის საელჩოში ვიცე-კონსულის თანამდებობაზე მუშაობდა, 9 სექტემბერს, დილის 9-ის ნახევარზე მოკლეს.

ვიშერნევი სოხუმში, ნოზაძის ქუჩის 58 ნომერში, 9 სართულიან კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობდა. იგი სახლიდან მეუღლესთან ერთად გამოვიდა. ქილერმა ვიშერნევს მაშინ ესროლა, როცა დიპლომატმა ავტოფარეხში სამსახურებრივი მანქანა დაძრა.

ვიშერნევს ორი ტყვია თავში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. კისრის არეში მძიმედ დიაჭრა ოლგა ვიშერნევა, სოხუმელი ექიმები ამ დრომდე მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

სოხუმის პროკურატურის ინფორმაციით, ცოლ-ქმარ ვიშერნევებს ქილერმა 1 მეტრის მანძილიდან ესროლა. იგი მოულოდნელად მიუახლოვდა ავტომანქანას, ოთხჯერ გაისროლა და არც სახის დამალვა უცდია.

სოხუმის პროკურორმა ალისა ბიგვავამ ადგილობრივ ტელევიზიას განუცხადა, რომ ავტოფარეხთან აღმოჩენილი იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობაც.

„მკვლელობის ადგილზე ასევე აღმოჩნდა დაუდგენელი ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა. ქალაქ სოხუმის პროკურატურამ ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით აღძრა. განზრახ მკვლელობა, თავდასხმა მკვლელობის მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გამოყენება.“

სოხუმის პროკურორმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ ე.წ ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც „მოტოროლას“ მარკის ტელეფონთან იყო შეერთებული, მულაჟი აღმოჩნდა. მკვლელი სავარაუდოდ ფიქრობდა, რომ ვიშერნევი მოწყობილობის შემჩნევის შემთხვევაში ავტომანქანას გააჩერებდა და მისი ლიკვიდაცია უფრო ადვილი იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

აფხაზური პრესის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა რომ რუს დიპლომატს სლავური გარეგნობის ადამიანმა ესროლა. უკვე შექმნილია ქილერის ფოტორობოტი. დღეს სოხუმში ჩავიდნენ რუსეთის გენერალური პროკურატურის გამომძიებლები. გამოძიებაში ასევე ჩაერთო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური.

ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, რომელიც რუსულ პრესაში ვრცელდება რუსი დიპლომატის მკვლელობა აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის წართმეულ უძრავ ქონებას უკავშირდება.

ვიშერნევი იყო რუსულ-აფხაზური კომისიის ერთ-ერთი აქტიური წევრი, კომისია ქონებრივი დავების საკითხს სწავლობდა. არაოფიციალური ინფორმაციით, 5000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე ითხოვს აფხაზეთში წართმეული უძრავი ქონების დაბრუნებას.

საინტერესოა, რომ სწორედ დიმიტრი ვიშერნევს ეკუთნოდა სკანდალური ფრაზა, რომელიც მან 2011 წელს კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე წარმოთქვა და დიდი ხმაური გამოიწვია. ვიშერნევმა მაშინ თქვა, რომ „რუსეთის საელჩო აფხაზეთში, წართმეული ქონების უკან დაბრუნებაში დაეხმარება რუსეთის ყველა მოქალაქეს, გარდა ეთნიკური ქართველებისა“  http://www.novayagazeta.ru/politics/7542.html).

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის „ელჩი“ სემიონ გრიგორიევი ამბობს:

„დიმიტრი ვიშერნევი აფხაზეთში 2009 წლიდან მუშაობდა, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ჰქონდა საკონსულო სამსახურის დიდი გამოცდილება. აფხაზეთში მუშაობდა საკონსულო საქმიანობის ფართო სპექტრზე, მათ შორის, მოსახლეობის პასპორტიზაციასა და მოქალაქეობის მინიჭებაზე.  უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებაში ერთვება რუსეთის ფედერაციის მთავარი საგამოძიები სამმართველო.“

36 წლის დიმიტრი ვიშერნევი რუსეთის ქალაქ ფსკოვიდან იყო. დიპლომატიური კარიერა სწორედ ფსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობაში დაიწყო. აფხაზეთამდე მუშაობდა ბელორუსიასა და სკანდინავიის ქვეყნებში ატაშეს თანამდებობაზე.

სავარაუდოდ, რუს დიპლომატს გავლილი ჰქონდა კარგი სამხედრო მომზადებაც. სოციალურ ქსელებში პირად გვერდებზე, ვიშერვიოვის უდევს აფხაზეთში გადაღებული რამდენიმე ფოტოსურათი, სადაც იგი ავტომატებით არის შეიარაღებული.

აფხაზთა პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა მომხდარი შეაფასა, როგორც რუსეთ-აფხაზეთის სტრატეგიული და ძმური ურთიერთობების მოშლისკენ მიმართული ტერორისტული აქტი. ანალოგიური განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

სხვა ახალი ამბები: