“აფხზური მაფია ენგურის ხიდზე”-გალელები ავტობუსის დაყენებას ითხოვენ

0

544190_357529071026571_265186399_nგალის ქართული მოსახლეობა ენგურის ხიდზე ავტობუსების დაყენებას ითხოვს. მათი განცხადებით ენგურის ხიდის ორკილომეტრიანი მანძილის გავლა ყველას არ შეუძლია, რომელიც დამატებით პრობლემებს ქმნის. ქართული პოლიციის ბლოკპოსტიდან რუსი ოკუპანტების ბლოკპოსტამდე ზუსტად 2 კილომეტრია. ამ მანძილის გავლა ქართულ მოსახლეობას ფეხით უხდება ან ალტერნატიული ვარიანტი ცხენზე მიბმული სახელდახელდახელოდ გაკეთებული ე.წ “პოდვოდია”. ოთხთვალათი მგზავრობა ერთ მგზავრს ერთი ლარი უჯდება, თუმცა დამატებით ღირებულებას ისინი თითოეულ ჩანთაშიც ერთი ლარის ოდენობით იხდიან.

“კი დავდივართ შვილო “პოდვოდით” მაგრამ არის მომენტები, როცა ის ერთი ლარიც არ გვაქვს რომ თითოეულ ჩანთაში გადავიხადოთ. ახლა მივდივარ ამით, რადგან წვიმს და ფეხით ვერ წავალ. ისე სულ ფეხით დავდივარ და სად შემიძლია, მე მოხუცი ქალი ვარ უკვე 80 წელი შემისრულდა”-აცხადებს smo.ge-სთან დიხაზურგას მკვიდრი ჟენია. კ.

smo.ge-სთან საუბარში ენგურის ხიდზე მოძრავი ერთ-ერთი ოთხთვალას მეპატრონემ განაცხადა, რომ მათ მოგება არაფერი რჩებათ, რადგან აფხაზებს კვირიდან კვირამდე გამომუშავებული თანხის წილს აძლევენ. ხიდზე სულ სამი ოთხთვალა მუშაობს. თითოეულს აფხაზებისგან კვირიდან კვირამდე 2.000 რუსული რუბლის მიტანა აქვს ნაბრძანები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ხიდზე მოძრაობის უფლებას არ მისცემენ.

“დილის ცხრა საათიდან საღამოს რვა საათამდე ვმუშაობთ ენგურის ხიდზე. რვა საათზე კი აქ ჭიშკარი იკეტება. კლიენტებიც ნაკლებად გვყავს, რადგან ხიდზე თითქმის არავინ გადმოდის. ყველაზე დიდი თუ ოცი კაცი გადმოვიდა. გინდა თუ არ გინდა აფხაზებს კვირის ბოლოს უნდა ჩააბარო თავისი წილი. ზოგჯერ გვაქვს ისეთი კვირა, რომ იმაზე მეტსაც ვერ ვაკეთებთ რაც მათთვის გვაქვს მისაცემი.”-აცხადებს smo.ge-სთან საუბარში ოთხთვალას მეპატრონე.

2006-2008 წლებში ენგურის ხიდზე გაეროს მისიამ ავტობუსი დააყენა. ერთ ავტობუსს ორი მძღოლი ჰყავდა. ბონდო ფიფია და კარლო ჯანაშია ხელფასს თვეში ათასი ლარის ოდენობით იღებდნენ, საწვავი კი უფასო იყო. აქედან გამომდინარე მგზავრობაც უფასო იყო. სწორედ მსგავსი მოთხოვნით გამოდიან გალში მცხოვრები ქართველები და საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს დახმარებას სთხოვენ.

სხვა ახალი ამბები: