აქცია სოხუმში: დე-ფაქტო პრეზიდენტს ძალოვანი მინისტრების გადაყენებას სთხოვენ

0

akcia18ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ოპოზიცია იმ ჩინოვნიკების გადაყენებას ითხოვს, რომელთაც საქართველოს მოქალაქეებზე „აფხაზური პასპორტები’’ გასცეს.აღნიშნული მოთხოვნით მათ სოხუმში საპროტესტო აქცია  გამართეს.

ოპოზიციამ მოედანზე ტელეეკრანი დაამონტაჟა. მისი საშუალებით აქციის მონაწილეები პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალყურს ე.წ. პარლამენტის სხდომას, რომელზეც ოჩამჩირეს, ტყვარჩელისა და გალის რაიონის მაცხოვრებლებისათვის აფხაზური პასპორტების უკანონოდ გაცემის საკითხზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრები გამოდიოდნენ.

მიტინგის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ყოფილმა  ე.წ. პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ ზანთარიამ, ყოფილმა ე.წ. კულტურის მინისტრმა ლეონიდ ენიკმა და სხვებმა.

ზანთარიას თქმით, „ისინი შეიკრიბნენ, რათა მხარი დაუჭირონ დეპუტატებს, რომლებიც მზად არიან, პრინციპული გადაწყვეტილებით პასპორტიზაციის პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში დააბრუნონ“.

„პასპორტიზაციის საკითხი დღეს არ წამოჭრილა. ეს დამოკლეს მახვილივით კიდია ჩვენს სახელმწიფოზე. ხელისუფლება, სახიფათო ზღვარამდე მიგვიყვანა. პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო დარწმუნებულია, რომ პასპორტები, რომლებიც მოქალაქეობის შესახებ კანონის დარღვევით იქნა გაცემული, ანულირებულ უნდა იქნას. ჩვენ არ ვამბობთ, რომ გალის მაცხოვრებლები თავიანთი უფლებებით არ უნდა სარგებლობდნენ, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ინტეგრაციას აფხაზურ საზოგადოებაში. მაგრამ ჩვენ პასპორტების მასობრივად გაცემის წინააღმდეგნი ვართ. საქართველოს და აფხაზეთი მოქალაქეობა ერთდროულად შეუთავსებელია’’, – განაცხადა ზანთარიამ.

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, დე-ფაქტო პრეზიდენტმა მიიღოს გადაწყვეტილება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალური  პროკურორის, შს მინისტრის, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის, გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის ადმინისტრაციების ხელმძღვანელების გათავისუფლების შესახებ.

სხვა ახალი ამბები: