ახალაიას საკანში ვიდეოგადაღება მისი თანხმობით ხორციელდებოდა

0

rustavi2hq04-10-2013_12_00_23შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საკანში ვიდეო და აუდიოჩაწერა ახალაიას თანხმობით ხორციელდებოდა. ამის შესახებ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მიხეილ ღურწკაიამ განაცხადა. ღურწკაიას განცხადებით, კადრები კანონიერად არის ჩაწერილი.
მისი თქმით, ელექტრონული მეთვალყურეობის შესახებ თანხმობა ახალაიამ ოფიციალურად განაცხადა.
“კადრები კანონიერად არის ჩაწერილი. ჩვენ ამოვიღეთ მასალები, არის შესაბამისი ბრძანება, არსებობს ბრალდებულის თანხმობა ამაზე, საიდან გავრცელდა კადრები, მე ვერ გიპასუხებთ. როგორც ვიცი, ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია და საიდან გავრცელდა, ამას გამოძიება დაადგენს”, – განაცხადა ღურწკაიამ.
მისი თქმით, მეთვალყურეობაში აუდიო და ვიდეოთვალთვალი იგულისხმება.
“ბაჩო ახალაია თანახმაა ვიზუალურ და ელექტრონულ მეთვალყურეობაზე”, – აღნიშნა ღურწკაიამ. მისივე განმარტებით, ახალაიას თანხმობით, მას „მატროსოვის ციხეში“ ამჟამადაც უთვალთვალებენ.
წუხელ, გვიან ღამით სასჯელაღსრულების № 7 დაწესებულებაში, ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ვიდეო გავრცელდა. ციხეში გადაღებული ვიდეო მსჯავრდებულის ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ და ასევე აკაკი მინაშვილთან შეხვედრის კადრებს შეიცავს.
ვიდეომასალა რამდენიმესაათიანია და გასული წლის ნოემბერშია ჩაწერილი. სასაჯელაღსრულების დაწესებულების საზოგადოებრივი ჯგუფის წევრების: გელა მთივილიშვილის, ნინო ზურიაშვილის და ზურაბ ვარდიაშვილის ვიზიტიცაა ასახული.

სხვა ახალი ამბები: