ახალი თვითმმართველობა: რამდენად დამოუკიდებლები იქნებიან თვითმმართველი ერთეულები?

0

tvitmmartveloba_თვითმმართველობების არჩევნები თბილისის გარდა,  თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ამბროლაურში, ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში გაიმართა.

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, რომელსაც გარკვეული ცვლილებები შეაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არსებულ სისტემაში პარლამენტმა 2014 წლის 5 თებერვალს დაამტკიცა და  თვითმმართველი სტატუსი 7 ქალაქს მიენიჭა.

მათ მიმდებარე სოფლებისგან კი, იქმნება მუნიციპალიტეტები.

განსხვავებით წინა კანონისგან, თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, გამგებელი (მერი) ამომრჩეველთა მიერ პირდაპირი წესით ირჩევა. პირველ ეტაპზე გამგებელი (მერი) 3 წლის ვადით აირჩევა. აღნიშნული ვადა შეიცვლება 2017 წლიდან და ისინი 4 წლის ვადით იქნებიან არჩეული.

კოდექსის თანახმად, პირდაპირ წესით არჩეულ გამგებელს (მერს) შესაძლებელია გამოუცხადდეს უნდობლობა და გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან. რისთვისაც საკმარისი იქნება საკრებულოს წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა.

რაც შეეხება სახელმწიფო ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, მანამდე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ზედამხედველობას, მათ შორის სამართლებრივს, ახორციელებდა სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. ახალი კოდექსის მიხედვით კი ეს ფუნქცია საქართველოს პრემიერ–მინისტრის ხელში გადადის.

სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან შეიქმნება მუნიციპალიტეტთა საკონსულტაციო ორგანო „სამხარეო საკონსულტაციო საბჭო“, რომლის უფლებამისილება იქნება:

გუბერნატორის წარდგინებით სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროექტების, პროგრამებისა და მათი ხარჯთაღრიცხვების განხილვა; გუბერნატორის უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის განხილვა, გუბერნატორისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შევლენ შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამგებელი/მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის  მოადგილე.

საკონსულტაციო საბჭო შეიკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იქნება სარეკომენდაციო ხასიათის.

გამგებელი უფლებამოსილი იქნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის წარმომადგენელი იგივე „სოფლის რწმუნებული“.

რაც შეეხება ფისკალურ დეცენტრალიზაციას, მანამდე მოქმედი ორგანული კანონის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნებოდა ქონების გადასახადი, ადგილობრივი მოსაკრებლები და გათანაბრებითი ტრანსფერი. რეფორმის მიხედვით კი ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური რესურსები იზრდება  ე.წ. წილობრივი გადასახადის ხარჯზე.

თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დასაქმებული პირის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილი იმავე თვითმმართველ ერთეულს დარჩება.

რაც შეეხება ე.წ. წილობრივ გადასახადს, რომელიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დასაქმებული პირის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილის იმავე თვითმმართველ ერთეულში დარჩენას ითვალისწინებს,  კლდიაშვილის ინფორმაციით, ამ პრინციპის მიუხედავად, დღეის მდგომარეობით ადგილობრივი მმართველობების ფისკალური დეცენტრალიზაციის მხრივ პრაქტიკულად არაფერი არ არის შეცვლილი, რადგან ახალ კოდექსში ამ მხრივ დაგეგმილი ცვლილებები მათ ამოქმედებას 2015 და 2017 წლისთვის განსაზღვრავს.

„მუხლები, რომლებიც ეხება თანაზიარი გადასახადის შემოღებას, ასევე ქონების გამიჯვნას და მის გადაცემას ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, ჯერჯერობით ამოქმედებული არ არის და ისინი 2015 წლიდან ეტაპობრივად შევა ძალაში. ასე რომ, მანამდე რეალურ ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე ვერ ვისაუბრებთ,“ – ამბობს კლდიაშვილი.

 დღევანდელი მონაცემებით, ადგილობრივ ბიუჯეტში მხოლოდ ქონების გადასახადი რჩება და ყველა სხვა გადასახადი ცენტრალურ ბიუჯეტში მიიმართება, ახლა კი საუბარია იმაზე, რომ საშემოსავლო გაიყოს, ნაწილი ადგილზე დარჩეს, ნაწილი კი ცენტრში წავიდეს. როგორ და რა პროპორციით მოხდება გაყოფა, ეს ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის. ეს მთავრობისა და შემდგომ პარლამენტის პრეროგატივაა.

რაც შეეხება კოდექსის კიდევ ერთ ჩანაწერს, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არა საკუთარი შემოსულობის სახით სპეციალურ და მიზნობრივ ტრანსფერებთან ერთად, დამატებით კაპიტალურ ტრანსფერს მიიღებს, ახალგაზრდა ეკონომისტთა  ასოციაციის წარმომადგენლის განცხადებით, მნიშვნელოვანი სიახლე არც ამ კუთხით გვაქვს, რადგან კაპიტალურ ტრანსფერში იგულისხმება იგივე მიზნები (გზების შეკეთება, წყალგაყვანილობა, განათება და ა.შ.), რასაც სპეციალური ტრანსფერი გულისხმობდა, ახლა კი მას შესაბამისი სახელი დაერქმევა.

კიდევ ერთი თემაა ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვა, რაშიც, კანონმდებლობით, ადგილობრივი თვითმმართველობები დამოუკიდებლები არიან, მაგრამ პრობლემაა ის, რომ მათი საკუთარი ფინანსური რესურსი ძალიან მწირია,  მაგალითად, ქუთაისში გასულ წელს 67–მილიონიან ბიუჯეტში საკუთარი შემოსავლები მხოლოდ 14 მილიონამდე იყო. დანარჩენს ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერი წარმოადგენდა.

ასეთ ტრანსფერს მიზნობრივი დანიშნულება მოყვება. აქ თვითმმართველობას კორექტივების შეტანა არ შეუძლია – მაგალითად, მოკლებულია შესაძლებლობას, დააგოს არა ის ქუჩა, რომელიც ცენტრმა უკარნახა, არამედ ის, რომელსაც თავად მიიჩნევს საჭიროდ. უნდა მოხდეს შეთანხმება ცენტრსა და რეგიონს შორის, თუ რა მიზნით დაიხარჯება ეს ტრანსფერი.

სხვა ახალი ამბები: