ბავშვთა ახალი გუნდი და სპექტაკლის პრემიერა– შემოქმედებითი ზაფხული მარტვილში

0

11291808_10206228294324877_1761682492_n„დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ – ლაშა თაბუკაშვილის პიესა მარტვილში მოზარდებმა ითამაშეს. დამწყები მსახიობების პრემიერა  ადგილობრივ კულტურის სახლში შედგა.  მარტვილში მოზარდთა თეატრის დაფუძნების ინიციატივა კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდ „დღეს“ (ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძე), ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ალექსი გაბისონიას და მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს გიორგი ყურუას ეკუთვნით.
სადადგმო ჯგუფი სპეციალურად თბილისიდან მიიწვიეს.  რეჟისორი მამუკა ტყემალაძეა.
„კვირა“  სპექტაკლზე მომუშავე ჯგუფის წევრებს დაუკავშირდა.  მათ დადგმაზე მუშაობის პროცესის შესახებ მოგვითხრეს.

შიო აბრახამია  – დირიჟორი, სპექტაკლის მუსიკალური გამფორმებელი:

11159980_10200516901722375_8469773952173653652_n“ვფიქრობ, რომ რეგიონისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. რადგან,  სამეგრელოში ბავშვთა თეატრალური დასი დღემდე არ არსებობდა. ინიციატივა  ფონდ „დღეს“ ეკუთვნოდა.  ფონდის ერთ-ერთი მთავარი  მისია რეგიონების  კულტურული განვითარებაა, ის, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ნიჭიერი ხელოვანების აღმოჩენა, მათი ხელშეწყობა და შემოქმედებით განვითარებაზე ზრუნვა მოხდეს. სწორედ ამის გათვალისწინებით,  ფონდმა ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად  მარტვილში, 30-ზე მეტ  საჯარო სკოლაში  ჩაატარა კასტინგი და გამოავლინა ნიჭიერი მოზარდები.  ეს ძალიან საინტერესო პროცესი იყო,  შევამოწმეთ   500-ზე მეტი  მოსწავლე, რომელთაგანაც შევარჩიეთ თეატრალური დასის შემადგენლობა.

მსახიობების შერჩევის პარალელურად, საქართველოს საგუნდო საზოგადოების ეგიდით, ბავშვთა მუნიციპალური გუნდის ჩამოსაყალიბებლად  კასტინგი მოეწყო.  ეს სამომავლო პროექტია, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება, მიზნად კი, მუსიკალური მონაცემებით გამორჩეული ბავშვების გამოვლენას და მათ ხელშეწყობას ისახავს.  აღსანიშნავია, რომ საგუნდო საზოგადოებამ წელს ბავშვთა საგუნდო კოლექტივების პირველი ეროვნული კონკურსი დაარსა. ის აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა ბავშვთა გუნდს და ვინაიდან   მარტვილს ასეთი გუნდი არ ჰყავდა,  გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებინა ის.

რაც შეეხება სპექტაკლს,  მოსამზადებელი ეტაპი  პირადად ჩემთვის უზომოდ ნაყოფიერი იყო.  აღმოვაჩინეთ ნიჭიერი ახალგაზრდები და ვფიქრობ, რომ ბევრ მათგანს  ძალიან წარმატებული კარიერა ელოდება წინ.
ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან პირადად მე   სპექტაკლი მუსიკალურად პირველად გავაფორმე. დღემდე მხოლოდ ერთ მუსიკალურ სპექტაკლთან მაქვს შეხება, სადაც მე თვითონ ვმონაწილეობ”.

ბექა ჯუმუტია – მსახიობი, მეტყველების პედაგოგი, რეჟისორის ასისტენტი:

530987_4683331319840_1833405295_n„ლაშა თაბუკაშვილის  პიესაზე მუშაობა 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.  ეს პროცესი ჩემთვის ორმაგად საინტერესო აღმოჩნდა:  პირველი ის, რომ პროფესიით მსახიობი ვართ და  რეჟისორის ასისტენტის ამპლუაში პირველად აღმოვჩნდი და მეორე ის, რომ რეგიონში მომიწია მუშაობა.  ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო.  საინტერესო პროცესი იყო ის, რომ ჩვენს თვალწინ დღითიდღე პროფესიონალებად იზრდებოდნენ მოზარდები. ისინი ძალიან ნიჭიერები, მოტივირებულები და შრომისმოყვარეები არიან. მათ საკუთარი თვალით დაინახეს, თუ რა რთულია თეატრში მუშაობა, რამდენ ენერგიას და შრომას მოითხოვს ის. არ შემიძლია, არ დავასახელო მათი გვარები: ნიკა კვაშილავა, რატი გაგუა, თებრონე ჭოჭუა, ბარბარე ბეჭვაია, ბარბარე მაისაია, გიორგი გალდავა,  სანდრო დანელია, ნინო ცაავა, რიმა ბერიშვილი, მარიამ ქადარია, თიკო ჯანაშია, ნათია ქაჯაია, ნინო წულაია, თეონა  ბოჭორიშვილი და მიშიკო წურწუმია. მიხარია, რომ ამ გუნდთან მომიწია მუშაობა.  ვფიქრობ, რომ აუცილებლობას არ წარმოადგენს  ყველა მათგანი პროფესიონალი მსახიობი გახდეს.  მთავარი ის არის, რომ ისინი გემოვნებიან მაყურებლებად, მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან. ამაში დარწმუნებული ვარ!  თუმცა, ამ გუნდში რამდენიმე მოზარდია, ვისაც ჩემი აზრით, ამ სფეროში დიდი მომავალი ექნებათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სპექტაკლზე ჩვენთან ერთად მუშაობდა თეტრალური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული 2 ადგილობრივი, პროფესიონალი მსახიობი – დათო გოგია და მადინა თოდუა.  სპექტაკლის წარმატებაში მათაც დიდი წვლილი მიუძღვით.

პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. სამივე დღე ანშლაგით მიდიოდა. მას კულტურის მინისტრის მრჩეველი,  ბატონი გიორგი გეგეჭკორი, ასევე მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე,  კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონი-გრუზინსკი, რეჟისორი გეგა ქურციკიძე და სხვა სტუმრები დაესწრნენ.
მინდა, რომ მადლობა გადავუხადო მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ალექსი გაბისონიას, მარტვილის კულტურისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს გიორგი ყურუას და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო და  ამ პროექტის განხორციელებაში თავიანთი წვლილი შეიტანა“.

ალექსი გაბისონია – მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: 

11149449_995881877103586_7326872516785584362_n“მარტვილი მდიდარი სულიერი, კულტურული და საგანმანათლებლო ტრადიციების მქონე მუნიციპალიტეტია. ამ ტრადიციებს გაფრთხილება და განვითარება სჭირდება. მით უფრო, რომ ახალი ჯანსაღი თაობის აღზრდა, რომელმაც მომავალში ქვეყნის მართვის სადავეები უნდა ჩაიბაროს სულიერებისა და კულტურის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ ცდილობს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ხელი შეუწყოს ახალგაზრდული თეატრალური დასისა და ახალგაზრდა მომღერალთა გუნდის შექმნას, რისთვისაც უკვე გადაიდგა ნაბიჯები კეთილი ადამიანების დახმარებით. კულტურულ–საგანმანათლებლო ფონდ „დღეს“ და მის დამფუძნებელს ქალბატონ ნინელი ჭანკვეტაძეს ამ სასიკეთო საქმეში დახმარებისთვის მადლობას ვუხდი. მასთან ერთად მსურს მადლიერება გამოვთქვა რეჟისორ მამუკა ტყემალაძისა და მსახიობ ბექა ჯუმუტიას მიმართ, რომელთაც ძალისხმევა არ დაიშურეს დასის ჩამოყალიბებისა და პირველი სპექტაკლის წარმატებით ჩვენების საქმეში. ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს საგუნდო საზოგადოების თავმჯდომარეს ქალბატონ ლიანა ჭონიშვილს და ამავე საზოგადოების სამეგრელოს ფილიალის ხელმძღვანელს შიო აბრახამიას ახალგაზრდა მომღერალთა გუნდის ჩამოყალიბებაში დახმარებისა და თანადგომისათვის. ვიმედოვნებ, რომ მომღერალთა გუნდი, რომელიც სექტემბრის თვიდან დაიწყებს ინტენსიურ მეცადინეობას, წარმატებებს მიაღწევს არამარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც”.

გიორგი ყურუა – მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი:

1004036_499220046810105_1934800173_n“ჩემთვის,  როგორც ამ ცენტრის დირექტორისთვის, მუნიციპალიტეტში შექმნილი მოზარდთა თეატრის არსებობა მნიშვნელოვანი ნოვაციაა. მუნიციპალიტეტს ჰყავს თეატრალები, რომელთა სახელი და გვარი სახალხოდ არის ცნობილი, ისეთები როგორებიც იყვნენ: ვერიკო ანჯაფარიძე, გოგი გეგეჭკორი, მედეა ჩახავა და სხვები. მიხარია, რომ რაიონში მდიდარი თეატრალური ტრადიცია გრძელდება.   ჩვენ  კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდ „დღესთან“ ერთად საფუძველი ჩავუყარეთ მუნიციპალური თეატრის დაარსებას. არ შემიძლია, ხაზი არ გაუსვა ამ პროცესში ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად,  ზემოთხსენებული ფონდის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის,  ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძის უშუალო ჩართულობას. მინდა, მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს,  რომელიც უშუალოდ ჩაერთო ამ პროცესში. კერძოდ, მარტვილის მუნიციპალიტეტს და საკრებულოს ხელმძღვანელს ალექსი გაბისონიას, მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე გრიგალავას, მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელს მაკა გულორდავას. ასევე,  ყველა იმ ადამიანს,  რომელთაც თავის მხრივ,  წვლილი შეიტანა ამ პროცესის განვითარებაში.
მსურს აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტი და კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი საქართველოს საგუნდო საზოგადოების სამეგრელოს ფილიალთან ერთად  ბავშვთა გუნდის ჩამოყალიბებას გეგმავს. ამით ჩვენ რეგიონის მასშტაბით ვაპირებთ ხმამაღალი განცხადების გაკეთებას, როგორც კულტურის, ასევე ახალგაზრდობის განვითარების კუთხით, რომელშიც დაინტერესებული ახალგაზრდების  უმრავლესობა  ჩაერთვება “.

სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ მარტვილში  განხორციელებული  აღნიშნული პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია  საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი “კვირა”.