ბაჩანა ახალაია გირგვლიანის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

0

axalaiaსანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ფარგლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით მიეცა ბაჩანა როლანდის ძე ახალაია.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით უტყუარად დადგენილია, რომ ბაჩანა ახალაიამ, რომელიც დაკისრებული მოვალეობებისა და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, საკუთარი ძმის – დავით ახალაიასა და სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთათვის უკანონო უპირატესობის მინიჭების მოტივით, დაარღვია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები, საქართველოს კონსტიტუცია, მოქმედი კანონმდებლობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, სასჯელაღსრულების N7 და N10 დაწესებულებების საქმიანობაში უკანონო ჩარევის გზით, არაერთი უკანონო დავალებისა და განკარგულების გაცემით, განაპირობა ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა: გ. ალანიას, ა. ღაჭავას, ა. აფციაურისა და მ. ბიბილურიძის მიმართ დადგენილი განაჩენის არასათანადო აღსრულება, ამ პირთა მიერ სასჯელის მოხდის მთელი ვადის განმავლობაში მათთვის უკანონო შეღავათების დაწესებისა და კანონით აკრძალული განსაკუთრებული პირობების შექმნის გზით.

სწორედ ბაჩანა ახალაიას უშუალო ძალისხმევით, აღნიშნული მსჯავრდებულები სასჯელს იხდიდნენ განსაკუთრებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ისე, რომ მათი ყოფა, პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა თავისუფლებაში მყოფი მატერიალურად უზრუნველყოფილი მოქალაქეების ყოფა-ცხოვრებისგან. ისინი პერიოდულად ტოვებდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში და რაც ყველაზე საგულისხმოა, სტუმრობდნენ ძველ სამუშაო ადგილს, კერძოდ – შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს.

გამოძიებითვე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული მსჯავრებულების მიერ გაწეული ერთგულებისა და თანადგომის საფასურად, დათა ახალაია თითოეულ მათგანს დაჰპირდა პატიმრობისა და სასჯელის მოხდის მთლიანი ვადის მანძილზე, ოჯახური და ყოფითი პრობლემების მოგვარებას, სოლიდურ ფულად საზღაურს, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდას სიმბოლური ვადით, ხოლო ამ ვადის განმავლობაში კომფორტულ ცხოვრებასა და სხვა უკანონო შეღავათებს, მათ შორის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე გათავისუფლებას.

ეს კანონსაწინააღმდეგო დაპირებები ზედმიწევნით ზუსტად აღასრულა ბაჩანა ახალაიამ, რომელიც 2005 წლის 23 დეკემბრიდან იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე და ევალებოდა დაკავებული თანამდებობის შესატყვისი უფლებამოსილებების განხორციელება.

პროკურატურის შეფასებით, ამგვარი ქმედებით ბაჩანა ახალაიამ მყარად უზრუნველყო, რომ გ. ალანიამ, ა.ღაჭავამ, მ. ბიბილურიძემ და ა. აფციაურმა არ ამხილეს მისი ძმა, შ/ს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარე დავით ახალაია, როგორც სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემკვეთი და დანაშაულში მონაწილე სხვა პირები, არამედ პირიქით, მიზანმიმართულად გაამრუდეს მართლმსაჯულება, რის თაობაზეც მართლმსაჯულების უმაღლესმა ევროპულმა ინსტანციამ, დაადგინა, – ვციტირებთ: “სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები შსს, პროკურატურა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, შიდა სასამართლოები, საქართველოს პრეზიდენტი და ა.შ – ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.”

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე საქმეზე სისხლის პასუხისგებაში მიცემული არიან საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი, შ/ს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ახალაია, ამავე დეპარტამენტის განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე ოლეგ მელნიკოვი, ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე და შემდგომში ისანი-სამგორის შ/ს სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ქოქიაშვილი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ჩხიტუნიძე.

ბაჩანა ახალაიას ბრალი დღეს წარედგინა.

პროკურატურა ქ.თბილისის სასამართლოს ბაჩანა ახალაიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართავს.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სხვა ახალი ამბები: