ბაჩო ახალაია ციხიდან საგანგებო განცხადებას ავრცელებს

2

axalaiaბაჩო ახალაია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებამ თვალნათლივ დაინახა, რომ მოსამართლე გიორგი დარახველიძე თვალსა და ხელს შუა გადაიქცა მეოთხე პროკურორად. მან აბსოლუტურად დაკარგა ობიექტურობის შეგრძნება და დაიწყო უკანონო გადაწყვეტილებების მიღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

პირველ ეტაპზე ჩემს ადვოკატ-სტაჟიორს რომეო საჯაიას მიეცა საშუალება განეხორციელებინა მოწმეების დაკითხვა. როდესაც ბრალდების მხარემ დაინახა, რომ ამ ადამიანის შეკითხვები რეალურად კვეთდა საქმის ობიექტურ გარემოებებს, რაც მათ აშკარად არ აწყობდათ, მოსამართლემ შეცვალა გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით და აუკრძალა მომდევნო პროცესებზე კითხვების დასმა, ისე რომ პროცესზე ეს საკითხი არ წარმოშობილა და პროკურორებსაც კი არ დაუყენებიათ განსახილველად.

გარდა ამისა, მოსამართლე დარახველიძემ სრულიად დაუსაბუთებლად გამაძევა სასამართლო დარბაზიდან და ცილი დამწამა თითქოს მას მივაყენე რაიმე სახის შეუარცხყოფა. სრული პასუხისმგებლობით მინდა განგიცხადოთ და ეს საზოგადოებამაც კარგად დაინახა სატელევიზიო კადრებიდან, რომ არცერთი სიტყვით, არც ინტონაციურად მე მოსამართლისთვის არათუ შეურაცხყოფა, არამედ ზედმეტი არაფერი მითქვამს. მე გამოვხატავდი ჩემს პოზიციას, რისი სრული უფლებაც მქონდა.

თვალსაჩინოა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მოსამართლე ყველა გადაწყვეტილებას ბრალდების სასარგებლოდ ღებულობდა, რაც შეუძლებელს ხდიდა მოწმეების დაკითხვას და ადვოკატებს უზღუდავდა დაცვის უფლებას, არ აძლევდა ადვოკატებს შუამდგომლობის დაყენების უფლებას, ხოლო დაყენებულ შუამდგომლობის განხილვაზე უარს ამბობდა. მოსამართლე ყველაფერს ისეთ კვალიფიკაციას აძლევს, როგორც თავად ჭირდება და არა ობიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე, რისი საფუძველიც გახდა მოსამართლის აცილებაზე შუამდგომლობის დაყენება არაერთხელ, თუმცა მან თავადვე არ დააკმაყოფილა არც ეს შუამდგომლობები.

ყოველივე ზემოაღნუშნული აშკარად სცილდება სამართლიანი სასამარლოს პრინციპებს. სწორედ აქედან გამომდინარე ვაცხადებ, რომ მოსამართლე გიორგი დარახველიძე უფრო ჰგავს შუასაუკუნეების ინკვიზიტორს ვიდრე მოსამართლეს, რომელსაც ეშინია როგორც საკუთარი წარსულის ასევე მომავლის. მე არ მჯერა, რომ ის არის მოსამართლე, რომელსაც შეუძლია ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. აქედან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე, მეც და ჩემს ადვოკატებსაც დაგვეტოვებინა აღნიშნული პროცესი”, – აცხადებს ახალაია.

ახალაიამ პროცესი პროტესტის ნიშად დღეს დატოვა და მას სახაზინო ადვოკატი დაენიშნა.

სხვა ახალი ამბები: