ბერლინში გამოფენაზე აფხაზეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით ბოდიშს იხდიან

0

1_168_1ბერლინში, „მწვანე კვირეულის“ საერთაშორისო გამოფენაზე, ოკუპირებული აფხაზეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით, ქართულ დელეგაციას  ბოდიში მოუხადეს.

“მწვანე კვირეულის“ ორგანიზატორები საქართველოს სტენდს ეწვივნენ, შეხვდნენ ქართულ წარმომადგენლობას, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მისი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია და შექმნილი უხერხულობის გამო მწუხარება გამოთქვეს.

„ძვირფასო ქართველებო, ნება მიბოძეთ, ბოდიში მოგიხადოთ იმის გამო, რომ საერთაშორისო „მწვანე კვირეულზე“ ასეთი გაუგებრობა მოხდა. ჩვენ, როგორც ნეიტრალურმა პლატფორმამ, აფხაზეთის რეგიონს სტენდი დავუთმეთ და ვიხელმძღვანელეთ იმ პრინციპით, რომ ყველა რეგიონს მივცეთ პრეზენტაციის საშუალება. ჩვენ უკვე ვესაუბრეთ სოფლის მეურნეობის მინისტრსა და საქართველოს ელჩს და გავათვიცნობიერეთ, რომ სკანდალი გამოვიწვიეთ. ჩვენთვის, რა თქმა უნდა ზუსტად არის ცნობილი, რომ აფხაზეთი საქართველოს ეკუთვნის. მომავლისათვის განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ საქართველო ერთიანი დიდი სტენდით წარმოვადგინოთ და მისი ყველა რეგიონის გაერთიანება იყოს შესაძლებელი. ჩვენ 2015 წლის პრობლემის მოგვარებასაც შევეცდებით. ამისათვის, ხვალინდელი დღისათვის უკვე დაგეგმილი გავქვს საუბერბის წარმართვა.

მინდა დარწმუნებულები იყოთ, რომ ეს ჩვენს პოლიტიკურ გზავნილს არ წარმოადგენდა – ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ აფხაზეთი საქართველოს რეგიონია და სხვა არაფერი. სწორედ ამიტომ მინდა ძლიან დიდი ბოდიში მოგიხადოთ იმ გაუგებრობის გამო, რომელიც გაგვეპარა. გთხოვთ, ამას გაგებით მოეკიდოთ. ჩვენთვის ეს ჩვეული სიტუაციაა – ხშირად წარმოვადგენთ რეგიონებს ქვეყნის ძირითადი სტენდის მიღმაც. ის აჟიოტაჟი, რომელიც ჩვენი მიზეზით ატყდა, მომავალში ჩვენივე ძალისხმევით გამოსწორდება.ასე რომ, ძვირფასო ქართველებო, „მწვანე კვირეულის“ განწყობა კვალავ მშვიდობიანია და ჩვენ საქართველოს მონაწილეობით დიდ მომავალს ვხედავთ“-მიმართა ქართულ წარმომადგენლობას გამოფენის ორგანიზატორმა ლარს იეგერმა.

ლადო ჭანტურია განცხადებით,  კერძო კომპანიამ გამოფენის სტენდის დაქირავების პირობები დაარღვია, თუმცა ამ დროისთვის გაუგებრობა უკვე აღმოფხვრილია.

შეგახსენებთ, რომ  ბერლინში სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული“ მიმდინარეობს.

სხვა ახალი ამბები: