ბიძინა ივანიშვილი: ”ვიდრე საქართველო არსებობს, “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება“

0

ivanishvili-4საქართელოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ვიდრე საქართველო არსებობს, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. ამის შესახებ პრემიერმა „ტელეგრაფისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს პარტია აღარასოდეს იქნება პოპულარული, რადგან მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილოა მისით. ოქტომბერში გასამართ არჩევნებში მისი კანდიდატი ხმების მხოლოდ 10%-ს მიიღებს, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში კი, ისინი საერთოდ ვერ მოხვდებიან პარლამენტში“, – განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა წინა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიის თაობაზე ევროპისთვის მიწოდებული ინფორმაცია, არსებულ რეალობას არ შეესაბამებოდა.

„ბოლოს კი ისე გათავხედდნენ, იმასაც ამბობდნენ, რომ ჩვენთან უკეთესი დემოკრატიაა, ვიდრე ევროპაშიო. ცხრა წლის განმავლობაში კონტროლქვეშ ჰყავდათ მედია, ბიზნესი, ციხეები გადაივსო. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ პატიმართა 70% გავათავისუფლეთ. ციხეში ადამიანებს იმიტომ სვამდნენ, სხვებს რომ შიში გაჩენოდათ, დაკავებულთა შორის ბევრი პოლიტპატიმარი იყო, 300 ათას ადამიანს პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი, რადგან ციხეები სავსე იყო. ქვეყნის შიგნით მოსახლეობა მაქსიმალური ზეწოლის ქვეშ იყო, ევროპაში კი ბიუჯეტიდან  კოლოსალურ თანხებს ხარჯავდნენ ლობისტურ ღონისძიებებზე.
მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით  50 მილიონი დოლარი დახარჯეს. ახლა, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მოვუწოდებთ ამ ხალხს პასუხისმგებლობისკენ, სამართლიანობის აღდგენისკენ, ამას ხალხიც მოითხოვს, ევროპასა და აშშ-ში კი მიეჩვივნენ იმ აზრს, რომ ჩვენთან დემოკრატია იყო. ლატვიაში არ იციან ის, რაც იციან საქართველოში. ვიდრე საქართველო არსებობს, “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება“,– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: