ბიძინა ივანიშვილი: ”მარგველაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი”

0

bidzina_ivanishvili4321_2978პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „გიორგი მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება მისთვის ნდობის გამოცხადებას ნიშნავს“.

აღნიშნული განცხადება მან დღეს სპორტის სასახლეში , “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე გააკეთა.

“რადგანაც ჩვენი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი დავასახელე, ის მიმაჩნია სწორედ ერთადერთ კანდიდატად, რომელიც უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. არაფერი გამოუვათ მათ, ვისაც ჭორებითა და მითქმა-მოთქმით შეცდომაში უნდათ ხალხის შეყვანა და არასწორი არჩევანის გაკეთებისკენ უბიძგებენ მათ. ვურჩევ ყველას, თავი დაანებონ ასეთი მეთოდებით ბრძოლას და პატიოსან ბრძოლაში გაეჯიბრონ გიორგი მარგველაშვილს. გიორგი არის ღირსეული პიროვნება – თანამედროვე, განათლებული, გაწონასწორებული და წესიერი ადამიანი, სუფთა წარსულით. გიორგი მარგველაშვილისთვის ნდობის გამოცხადება ჩემთვის ნდობის გამოცხადებას ნიშნავს. შარშან ოქტომბერში მთელი ქვეყანა ფეხზე დადგა და ხმა მისცა თავისუფლებას. დარწმუნებული ვარ, წელს ოქტომბერში კიდევ ერთხელ ერთ მუშტად შევიკვრებით, ავირჩევთ გიორგი მარგველაშვილს და ხმას მივცემთ საქართველოს წინსვლასა და სტაბილურობას. ღრმად მწამს, რომ გიორგი მარგველაშვილის გამარჯვება იქნება ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვება!”, – აღნიშნა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ “გიორგი მარგველაშვილი გახდება საქართველოს პრეზიდენტი და ის ყველას პრეზიდენტი იქნება”.

სხვა ახალი ამბები: