ბიძინა ივანიშვილი: „მედია გათავისუფლდა მთავრობის მრავალწლიანი წნეხისგან”

0

1176377_574593345935536_64938674_nსაქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში მედია მთავრობის წნეხისგან თავისუფალია.

ამის შესახებ მან რიგაში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში გამართულ სამუშაო სადილზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მედია გათავისუფლდა მთავრობის მრავალწლიანი წნეხისგან. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ტელეკომპანიების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას. დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც 2007 წელს კანონის უხეში დარღვევით იქნა მიტაცებული,  ჩვენი ხელისუფლების პირობებში თავის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა.

ის, რომ ბევრი სხვადასხვა პოზიციაზე მდგომი მედიასაშუალება არსებობს, მთავრობის კრიტიკის საშუალებას იძლევა, რაც მისასალმებელია. თუმცა, ტელევიზიები არ უნდა იყოს გამოყენებული არც ერთი პოლიტიკური ძალის ვიწრო ინტერესების გასატარებლად.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეხურა ტელეკომპანია მე-9 არხი, რომელიც ჩემი ოჯახის საკუთრებაა, რადგან ყოველთვის მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ქვეყნის პირველ პირებს საკუთარი ტელევიზია არ უნდა ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამას არ კრძალავს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეს ტელევიზია  საქართველოს მოსახლეობის დემოკრატიული უფლებების დასაცავად გავხსენი.  ყველამ იცის, რა ძალა აქვს ტელევიზიას და მე უკვე მოგახსენეთ, რა პირობებში უწევდა წინასაარჩევნოდ ოპოზიციას საქმიანობა – ნაციონალურ მაუწყებლებს ხელისუფლება აკონტროლებდა, ტელევიზიები უზარმაზარი სახელისუფლებო წნეხის ქვეშ მუშაობდნენ და მის რუპორად იყვნენ ქცეული.  ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეს პრობლემა აღარ არსებობს. ამიტომაც წინაასაარჩევნოდ  უარი ვთქვი ტელევიზიაზე, რადგან მინდოდა თანაბარ პირობებში  ყოფილიყო ყველა პრეზიდენტობის კანდიდატი, მათ შორის ჩვენი კოალიციის კანდიდატიც“,–განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: