ბიძინა ივანიშვილი: ”ნატოს წევრობა საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტია”

0

ivanishvili-4საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ნატოს წევრობა საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა და მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ ქვეყანა სხვა ასპირანტ ქვეყნებთან ერთად ნატოს გაფართოების შემდეგ ტალღაში აღმოჩნდეს.

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს სასტუმრო ,,რედისონში” მიმდინარე ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,ნატოს წევრობა საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სხვა ასპირანტ ქვეყნებთან ერთად ნატოს გაფართოების შემდეგ ტალღაში აღმოჩნდეს. ჩვენს ქვეყანას თავისი წვლილი შეაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამ მხრივ აღსანიშნავია საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. ჩვენს ხელისუფლებას კარგად აქვს გაცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ამ მისიის შესრულება. საქართველოს მთავრობა ღირსეულ პატივს მიაგებს ავღანეთში დაღუპულ ჩვენს გმირებს. მთავრობამ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს უპრეცედენტო (ასი ათასლარიანი) კომპენსაცია გამოუყო. კარგად გვესმის, რომ დანაკლისს ვერაფერი აანაზღაურებს, მაგრამ ეს არის მათ მიმართ მოწიწების გამოხატულება,”- აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიით განსაზღვრული პირობებით წარიმართება.

,,ეს თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ინტერესებს და მათ მისაღწევად სხვადასხვა სფეროში ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას. რაც შეეხება საქართველოს ურთიერთობებს რეგიონში, მიმაჩნია, რომ საჭიროა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება რეგიონის ქვეყნებთან, კერძოდ, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან. საქართველო თავისი უახლოესი მეზობლებისთვის უნდა იქცეს ურთიერთსასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა და ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის სივრცედ. მე ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტები სწორედ ამ ქვეყნებში განვახორციელე და მეგობრული ურთიერთობები დავამყარე მათ პოლიტიკურ ლიდერებთან, რაც ძალიან მახარებს. მოვუწოდებ აზერბაიჯანში, თურქეთსა და სომხეთში აკრედიტებულ საქართველოს ელჩებს გააღრმაონ და განავითარონ ეს კეთილმეზობლური ურთიერთობები”- განაცხადა პრემიერმა.

ივანიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ბალტიის ქვეყნების გამოცდილება, მათი მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში.

,,მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, და ამ კონტექსტში განხორციელებულ არაღიარების პოლიტიკასა და ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევას. მნიშვნელოვანია ბალტიის ქვეყნების გამოცდილება, მათი მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში. ჩემი ამასწინანდელი ვიზიტები ლიტვასა და პოლონეთში ამ მხრივ ძალიან წარმატებული იყო და, იმედი მაქვს, ასეთივე შედეგიანი იქნება ჩემი სტუმრობა ლატვიასა და ესტონეთში, რომელიც სულ რამდენიმე დღეში შედგება. ამავე დროს, საჭიროა მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების განვითარება შავი ზღვის აუზის ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი და ბულგარეთი. ამასთან, საქართველოს, როგორც სუამის თავმჯდომარე ქვეყანას, აქვს პოტენციალი ამ საინტერესო საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის გასააქტიურებლად, და ამის ნიშნები უკვე იკვეთება”- აცხადებს ივანიშვილი.

სხვა ახალი ამბები: