ბიძინა ივანიშვილი: ”საქართველოს ეყოლება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი”

0

562306_1406626262897221_675964608_nკოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩვნო კამპანიის ფარგლებში  დღეს შეხვედრები ჭიათურასა და საჩხერეში გამართა.

საჩხერეში კანდიდატთან შესახვედრად შეკრებილ მოსახლეობას გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კოალიცია „ქართული ოცნების„ დეპუტატები, საზოგადოების წარმომადგენლები და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგენკო.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა  ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ პირველად სწორედ საჩხერეში გაიმართა კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევო შეხვედრა ამომრჩეველთან, მან ასევე ხელისუფლების მიერ შესრულებულ დაპირებზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილმა თავის მიმართვაში ხაზი გაუსვა გიორგი მარგველაშვილის მიერ განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს განხორციელებულ რეფორმებს და საზოგადოებას მოუწოდა არჩევნებზე კოალიციის კანდიდატის მხარდაჭერისკენ.

„დღეს ჩვენ ღირსეულ კანდიდატს ვირჩევთ. საქართველოს ეყოლება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი.  რომ არა გიორგი მარგველაშვილი, განათლების სფეროში ალბათ იმდენი ვერ გაკეთდებოდა, რასაც გპირდებოდით, რამეთუ ჩვენი ბიუჯეტის ძირითადი თანხები ჩვენ დავუთმეთ სოფლის მეურნეობის განვითარბას და თითქმის არ გაგვიზრდია განათლების სამინისტროს ბიუჯეტი. გიორგი მარგველაშვილმა კი არსებული თანხებით შეუძლებელი გააკეთა, რაც იმის დასტურია რომ იგი ღირსეული მენეჯერია. მისი ძალისხმევით ორჯერ გაიზარდა უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტებისთვის დადგენილი სასწავლო გრანტები. მან მოახერხა უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროგრამის ორგანიზება. ჩაუყარა საფუძველი იმას, რომ ამდენი სკოლა არის გარემონტებული და დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ 600 სკოლის გარემონტებას უზუნველყოფს, რაც უმნიშვნელოვანესია იმისათვის რომ ჩვენმა შვილებმა თბილ და კომფორტულ გარემოში ისწავლონ. ჩემთვის ბედნიერება იყო, როდესაც მე გიორგი გავიცანი. ის საუკეთესო პიროვნება, ევროპული ტიპის ადამიანია. მან დააარსა და წლების განმავლობაში იყო ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის რექტორი. გიორგი უაღრესად ნიჭიერი მენეჯერი და კრეატიული ადამიანია. როდესაც გუნდში საჭირბოროტო საკითხები იყო გადასაწყვეტი, გიორგი მარგველაშვილის გარეშე არცერთ ასეთ შეხვედრას არ ვატარებდი და ის ყოველთვის იყო გამორჩეული ყველასგან. მას შეუძლია დასახოს და ყოველთვის იპოვოს ახალი გზები. ასეთი პრეზიდენტი გეყოლებათ თქვენ. და რაც მთავარია ის არის ძალიან თავმდაბალი, ძალიან ერთგული პიროვნება. გარწმუნებთ, რომ საქართველოს ეყოლება საუკეთესო პრეზიდენტი. მოგმართავთ ყველას, რომ აუცილებლად მოხვიდეთ არჩევნებზე და მხარი დაუჭიროთ ღირსეულ კანდიდატს. გიორგი მარგველაშვილი აუცილებლად პირველივე ტურში გაიმარჯვებს და საქართველოს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბიძინა ივანიშვილის შემდეგ მოსახლეობას კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა:

„დღეს ჩვენ ვდგავართ ახალი არჩევანის წინაშე, რომ ერთად გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარების გზით სვლა. იმისთვის რომ შენარჩუნდეს საქართველოს ბუნებრივი გზა, იმისთვის რომ აღარავინ მოინდომოს ქართველის გადაკეთება, მისი ზნის შეცვლა, მოაშოროს მიწას, ოჯახები დაყოს, იმისთვის რომ ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე კიდევ ერთხელ გამოვლინდეს და გამობრწყონდეს, გალაღდეს და აღარასოდეს პოლიტიკოსებმა არ მოგვატყუონ, სწორედ ამისთვის მოგიწოდებთ, მენდოთ ისე,  როგორც მენდო ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია, 27 ოქტომბერს ჩვენ ისევ უნდა გავიმარჯვოთ რომ საქართველოში სიტყვა კოჰაბიტაცია აღარასდროს აღარ იყოს და მე მჯერა რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, რადგან მე ვხედავ თქვენს ძალას,“ – მიმართა საჩხერეში შეკრებილ მოსახლეობას გიორგი მარგველაშვილმა.

„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ერთკვირიანი ტური რაჭასა და იმერეთში დღეს დაასრულა.

სხვა ახალი ამბები: