“ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებული ვიდეომასალა რეალობასთან შეუსაბამოა”

0
news_10666არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მიიჩნევს, რომ ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებული ვიდეომასალა არასრული და რეალობასთან შეუსაბამოა. 
ორგანიზაცია აღნიშნული კადრების გავრცელებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
„1. რეპორტაჟში, პირველივე წამს ისმის გასროლის ხმა და ჩანან ტროტუარზე დაწოლილი ახალგაზრდები. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის კომენტართან, რომლის თანახმადაც კადრები სრულად ასახავდა დაკავების პროცესს პირველივე წუთებიდან. 
2. კადრში დაცული თანმიმდევრობის მიხედვით პირველივე წამს ისმის გასროლის ხმა. ეს ფაქტი კი, რატომღაც არავითარ გავლენას ოპერატორზე არ ახდენს, რომელიც არ აფიქსირებს არც იმას თუ საიდან მოხდა გასროლა და არ ატრიალებს კამერას გასროლის მიმართულებით.
3. იქ მყოფ სამართალდამცველებს და ოპერატორს არ აქვთ რექაცია გასროლის ხმაზე. ოპერატორი ზედმიწევნით ასრულებს ზეპირ დირექტივებს, პირველ რიგში აფიქსირებს ცეცხლსასროლ იარაღებს, ხოლო მოგვიანებით 01:10 წუთზე ვითომდა შემთხვევით „ირკვევა”, რომ პიროვნება არის „დაჭრილი”. თუმცა კადრში კარგად ჩანს სისხლის კვალი და ბუტა რობაქიძე, რომელსაც დანარჩენების მსგავსად ორივე ხელი აქვს ზურგს უკან და წევს სახით ტროტუარზე. კადრის 01 წუთზე ისმის სიტყვები „ეს იბრიდება”, რაც არავითარ რეაქციას არ იწვევს. სასწრაფოს გამოძახების შესახებ ხმა ისმის მხოლოდ 01:21 წუთზე. 
4. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ როდესაც პოლიციელმა ბაშალეიშვილმა ესროლა რობაქიძეს, იგი ავტომანქანის საბარგულთან ფეხზე იდგა. ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: რატომ არ არის ასახული ე.წ „სრულყოფილ” კადრებში გასროლის შემდეგ რობაქიძის დაცემის, ან გადაადგილების ფაქტი? 
5. გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილიდან ოფიციალურად ამოღებულია ავტომატის ერთი და ორი სხვა მასრა (სულ სამი მასრა). თუ ვიდეომასალა რომელშიც ისმის ერთი გასროლის ხმა სრულყოფილია, მაშინ იბადება ორი კითხვა: 
კადრებში რატომ არ ფიქსირდება 3 გასროლა ? და თუ მხოლოდ ერთი გასროლა განხორციელდა, მაშინ ვინ მიიტანა და ჩადო შემთხვევის ადგილზე დანარჩენი 2 მასრა და რატომ არ არის ეს ფაქტიც ვიდეოფირზე ასახული? ორივე კითხვას აქვს ერთი პასუხი – კადრები სრულყოფილად არ ასახავენ მომხდარს”,-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორაგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ უზუსტობები იყო დაშვებული მასალის წარდგენისასაც. როგორც „კონსტიტუციის 42-ე მუხლში” განმარტავენ სათაური – „ბუტა რობაქიძის მკვლელობის საზარელი ვიდეომასალა გავრცელდა” და ჟურნალისტების მიერ სიუჟეტის მსვლელობისას გაკეთებული კომენტარი, წინასწარვე იყო მიმართული კონკრეტული მიზნისკენ – საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ გავრცელებული კადრები სრულყოფილად და ამომწურავად ასახავდა მომხდარს. ასევე, წარმოადგენდა მცდელობას შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ პოლიციელების მიერ არ მომხდარა იარაღის ჩადება. 
„გავრცელებული სიუჟეტის სათაური, ჟურნალისტის კომენტარი და ბრალდებული – შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების პოზიცია სრულ თანხვედრაშია, რაც ასევე წარმოშობს დამატებით კითხვებს”, – ნათქვამია განცხადებაში. 
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, ტელეკომპანიებს უნდა გაეთვალისწინებინათ, ის ფაქტი, რომ სიუჟეტი, ასევე შეეხებოდა აწ უკვე გამართლებულ პირებს, რომელთაც ბრალად ედებოდათ იარაღის უკანონო ტარება და რომელთა საქმესაც არ განიხილავდა სასამართლო თითქმის 8 წლის განმავლობაში. მათ შორის ამირან (ბუტა) რობაქიძის თანმხლები პირის, გიორგი ქურდაძის ინტერესებს „კონსტიტუციის 42-ე მუხლი” იცავს.
ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მოუწოდებს მედიასაშუალებებს არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი, ცალმხრივი და არაზუსტი ინფორმაცია. მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ის პოტენციური ტრამვა, რომელიც შესაძლოა, ვიდეომასალის გავრცელების შედეგად მიადგეს მასში ასახულ პიროვნებებს

სხვა ახალი ამბები: