გაზრდილი გადასახადები და გაძვირებული პროდუქცია ზუგდიდის ბაზარში

0

vachroba1ლარის გაუფასურება და მისი უარყოფითი შედეგები მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფაზე პირდაპირ  აისახება. ლარის გაუფასურების შედეგად თითქმის ყველა დასახელების პროდუქციაზე ფასმა 20-30 თეთრით მოიმატა. მაგალითად დღეს გამაგრილებელი სასმელი ,,კოკა-კოლა“ 20 თეთრით გაძვირდა. იგივე ითქმის სხვა სახის პროდუქციაზე. მართალია ლარი რამდენიმე პუნქტით გამყარდა, თუმცა ეს ნაკლებად დაეტყო ბაზრის დახლებზე განთავსებულ პროდუქტებს.

ლარის გაუფასურებასთან და პროდუქტებზე ფასების გაზრდასთან დაკავშირებული პრობლემების უკეთ გასაცნობად ჩვენ ვეწვიეთ ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარს. ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე კარგად დაინახვთ თუ რა პრობლემების წინაშე დადგნენ ადამიანები რომლებიც ყოველდღე გადარჩენისთვის იბრძვიან. ლარის გაუფასურების შედეგად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ისინი ვინც პროდუქტების გაყიდვით ირჩენენ თავს და ისინიc ვინც დამოკიდებულნი არიან ყოველთვიურ პენსიაზე, რომელიც მათი თქმით უკვე არაფერში აღარ ყოფნით. გაძვირებული პროდუქტები, გაძვირებული წამლები, ეს ყველაფერი კი მათ ისედაც გაჭირვებულ ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს.

დახლებთან მდგარი მოვაჭრეების თქმით ფასებმა მოიმატა იმ მხრივ, რომ თუ პროდუქტს  ისინი 2 ლარად იღებდნენ დღეს 2 ლარისა და 30 თეთრის გადახდა უწევთ, რაც კიდევ უფრო ზრდის პროდუქტებზე ფასებს. მაგალითად იმპორტირებულ პროდუქტებზე, ვაშლზე, ანანასზე, ლიმონზე, ყურძენზე ფასებმა თითქმის 50-60%-ით მოიმატა, ხოლო ადგილობრივ პროდუქციაზე, როგორიცაა კარტოფილი, კომბოსტო, ხახვი და მწნილი ფასები მხოლოდ 10-15 თეთრით გაძვირდა.

გარდა იმისა, რომ ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეები მყიდველების ნაკლებობას უჩივიან, ისინი უკმაყოფილებას ბაზრის ადმინისტრაციის მიერ ყოველთვიური გადასახადის გაზრდის გამოც გამოთქვამენ. ყოველთვიური გადასახადი თითოეული მოვაჭრისთვის თუ აქამდე მხოლოდ 65 ლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით აღნიშნული გადასახადიც გაიზარდა და100 ლარს შეადგენს.

ზუგდიდის ბაზარში მოვაჭრე ადამიანების მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ ბაზრის ადმინისტრაციას სადაც განგვიმარტეს, რომ გაზრდილი გადასახადი არანაირად არ უკავშირდება ლარის გაუფასურებას. ზუგდიდის ბაზრის დირექტორის გიორგი კანკიას განცხადებით, ის თანხები, რომელიც ყოველთვიური გადასახადიდან  შემოდის, ბაზრის შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და დასუფთავებას ხმარდება. გიორგი კანკიას განცხადებით სახელმწიფო გადასახადებიც გაზრდილია და აქედან გამომდინარე მათ არავითარი შეღავათი არ აქვთ. სწორედ ზემოთხსენებული ფაქტორებით ხსნის ბაზრის ადმინისტრაცია ყოველთვიური გადასახადების მატებას, თუმცა ოფიციალურ კომენტარებს ამის შესახებ არ აკეთებენ.

ბესიკ ღვინჯილია