გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ორი ქართველი დააკავეს

0

gaaliiაფხაზმა სეპარატისტებმა გალის რაიონის სოფელ ოტობაიას ორი მკვიდრი 1984 წელს დაბადებული გელა კორკელია და 1990 წელს დაბადებული ნუკრი კორკელია დააკავეს.

სეპარატისტები ირწმუნებიან, რომ ისინი მიმდინარე წლის 12 იანვარს გალში ჩატარებული ე.წ. სპეცოპერაციის დროს მოკლული, ტერორისტებად შერაცხული სამი ქართველის თანამზრახველები არიან. განცხადება ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრმა რაულ ლოლუამ გააკეთა.

„ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ, აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ადგილზე გაემგზავრნენ სადაც მოხდა კიდეც დაკავება. მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა ლოლუამ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, დაკავებულებმა უკვე აღიარეს, რომ „მართლაც ეხმარებოდნენ ტერორისტებს“.

„ისინი ბანდის წევრების სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადასვლის ორგანიზებასა და საბრძოლო მასალისა და იარაღის გადმოტანას ახდენდნენ, რომელსაც სამალავებში მალავდნენ. დაკავებულებმა გვაჩვენეს სამალავიც, ადგილზე აღმოჩენილ იქნა მოკლულების კუთვნილი ნივთები“, – წერს აფხაზური მხარე.

მიმდინარე წლის 12 იანვარს გალში აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარდა ე.წ. სპეცოპერაცია, რომელსაც რუსი და სომეხი სამხედროების, ასევე სამი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გალის რაიონში დაიღუპნენ რუსული საოკუპაციო ჯარის ერთი წარმომადგენელი ანდრეი უდალცოვი და ერთი აფხაზი სამხედრო ედუარდ ნერსესიანი.