გალში აკრძალული ქართული წიგნები ე.წ საზღვარზე კონტრაბანდად ითვლება

0

374248_587165281317399_382721645_nგალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ქართულ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება შესაძლოა უახლოეს მომავალში საერთოდ ამოღონ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს გალის რაიონის სოფელ ოტობაიას საშუალო სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი ესაუბრა. მისი განცხადებით, ქართულენოვანი წიგნები, რომელიც სწორედ გალის ქვედა ზონის სოფლებისთვის ზუგდიდიდან უნდა გამოეგზავნათ ისევ იქ ინახება.

“ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ გალის ქართული სკოლებისთვის ზუგდიდში გამოაგზავნა ქართული წიგნები, მათ შორის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები, თუმცა ამ წიგნების გადმოტანა გალის ტერიტორიაზე ვერ შევძელით. შემდეგ ასეთი რამ მოვიფიქრეთ, რომ თვითონ მშობლებს გადმოეტანათ ინდივიდუალურად ეს წიგნები, თუმცა დაწესებული მკაცრი კონტროლიდან გამომდინარე ქართულენოვანი წიგნების გადმოტანა ვერც მათ შეძლეს. არ ვიცით რა იქნება სამომავლოდ, მაგრამ როგორც ჩვენ ვიგებთ, ახლო მომავალში შესაძლოა საერთოდ აიკრძალოს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება. ქართულად სწავლებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია,”-აცხადებს ოტობაიას სკოლის პედაგოგი.

ზუგდიდიისა და გალის რაიონებს შორის დამაკავშირებელ ყველა გამშვებ პუნქტზე კონტროლი გამკაცრებულია, სადაც 24 საათის განმავლობაში რუსი და აფხაზი სამხედროები პატრულირებენ. იყო შემთხვევა როცა მშობლებს ზუგდიდში ნაყიდი ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები ჩამოართვეს და ამასთან ერთად აფხაზური პასპორტებიც.

“ორი დღეა ზუგდიდში ვარ და დღეს, უკან გალის რაიონში ვბრუნდებოდი. წამოსვლამდე ზუგდიდის ბაზარში ვიყიდე პროდუქტი და მათ შორის ქართული ენის სკოლის სახელმძღვანელოები, რომელიც ჩემმა შვილებმა დამაბარეს. ყველაფერი ერთ ჩანთაში მქონდა ჩალაგებული, თუმცა ე.წ საბაჟოზე ეს ყველაფერი ამოყარეს. პროდუქტზე არაფერი უთქვამთ, თუმცა როცა ნახეს ქართული ენის სახელმძღვანელოები, მითხრეს ეს რატომ მიგაქვსო. ვუპასუხე შვილებმა დამაბარეს და მათთვის მიმაქვს მეთქი. შენ არ იციო რომ ქართული წიგნები კონტრაბანდააო?ამის შემდეგ ჩამომართვეს პასპორტიც და ქართულის წიგნებიც და მითხრეს უკან გავბრუნებულიყავი. ერთი საათი საბაჟოზე დამაყენეს და გადასვლის უფლება არ მომცეს.მერე დავურეკე გალის ადმინისტრაციაში ერთ ნაცნობს და მისი დახმარებით შევძელი პასპორტის დაბრუნება. ზუსტად საათნახევრის მერე გამიშვეს გალში. წიგნები კი არ დაუბრუნებიათ,”-აცხადებს გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მკვიდრი თ.ბ

სხვა ახალი ამბები: