გალში დაკავებული 5 ქართველის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

0

samartali2გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში, ფიჩორსა და ოტობაიაში დაკავებული 5 ქართველის სასამართლო პროცესი სოხუმში ხვალ გაიმართება. ხვალ გაირკვევა მიუსჯიან თუ არა ხუთივე დაკავებულს წინასწარ 3 თვიან პატიმრობას. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დაკავებულთა ოჯახის წევრებს დილით აცნობეს. აქვე ისიც ხდება ცნობილი, რომ ე.წ სასამართლო პროცესზე დაკავებულების უფლებებს ადვოკატი არ დაიცავს.

“არ გვეძლევა იმის საშუალება, რომ ვამტკიცოთ ოჯახის წევრების უდანაშაულობა და ამ ფორმით სასამართლო პროცესისთვის ადვოკატი აგვეყვანა. აფხაზური მხარე კატეგორიულ უარზეა. ისღა დაგვრჩენია ხვალინდელ დღეს დაველოდოთ,”-აცხადებენ დაკავებულთა ნათესავები smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს გამთენიისას გალის რაიონის სოფლებში, ფიჩორსა და ოტობაიაში 5 ქართველი დააკავეს.  სოფელ ფიჩორში დააკავეს ძმები ორჟონიები. როლანდ, ლევან და ირაკლი ორჟონიები გამთენიისას საკუთარი სახლიდან აიყვანეს. მათთან ერთად აიყვანეს ასევე გალის რაიონის სოფელ ოტობაის მკვიდრნი, ბიძაშვილები ვეფხვია და გრიგოლ ჯოჯუები. ე.წ სპეცოპერაცია დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმმა განახორციელა. წინასწარი ინფორმაციით აფხაზური მხარე დაკავებულ ქართველებს 14 იანვარს ოტობაიაში მომხდარ მკვლელობაში დებს ბრალს.

ცნობისათვის, 14 იანვარს გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში 70 წლის ნაპოლეონ უჩავა რომელიც სოფლის საძოვარზე პირუტყვის მოსაძებნად გავიდა თანასოფლელებმა მოკლული იპოვეს.