გალში მცხოვრები ქართველები თამამად აცხადებენ, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან

0

gaaaliiiგალის რაიონის სოფლებში მოსახლეობის გამოკითხვა ტარდება. სოფლის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს სპეციალური წიგნები დაურიგდათ, სადაც გამოკითხვის მონაცემები შეაქვთ. გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას ინფორმაციით, გამოკითხვის განმავლობაში, გალის რაიონში მცხოვრებმა დაახლოებით ხუთი ათასამდე ადამიანმა ღიად განაცხადა, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.

„გამოკითხვა ორი კვირაა მიმდინარეობს. გამოკითხვის დროს ადამიანები ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან და ქართული პასპორტი აქვთ. თუ ადამიანი ამბობს, რომ მას არ აქვს ქართული პასპორტი, ჩვენ მას ვაფრთხილებთ, რომ ამ განცხადების გაკეთების გამო შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროს და მას მოქალაქეობის არმქონე პირად ვაფორმებთ.

შემდეგ, შესაბამისი სამსახურები შეამოწმებენ ამ ინფორმაციას. ადამიანს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და ცხოვრობს აფხაზეთში ცხოვრების უფლება მიეცემა. აფხაზური სახელმწიფოსთვის კი ნათელი იქნება, რამდენი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს მის ტერიტორიაზე, რამდენი მოქალაქეობის არქმქონე პირი და რამდენი აფხაზეთის მოქალაქე“, – აცხადებს ნადარაია და მიმართავს გალის რაიონის მცხოვრებლებს ნუ ეშინიათ ამ გამოკითხვის.

მისი თქმით, სიცრუა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მათ წაართმევენ პასპორტებს, არ გადაუშვებენ საზღვარზე და გაასახლებენ.

ნადარაიას ინფორმაციით, გალის რაიონში მცხოვრები შვიდი ათასი პენსიონერიდან რუსულ პენსიას დაახლოებით 200 ადამიანი იღებს. დანარჩენები აფხაზურ პენსიას იღებენ, რომელიც თვეში 500 რუბლს შეადგენს. მისივე თქმით, რუსული დახმარების ხარჯზე ამ პენსიების 1500 რუბლამდე გაზრდა იგეგმება.

„აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილის პასპორტიზაციის საკითხის მოსაგვარებლად აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „უცხო ქვეყნის მოქალაქის სტატუსის შესახებ“ კანონი უნდა მიიღოს. კანონი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია და უახლოეს მომავალში მისი მიღების პროცედურა დასრულდება.

კანონის მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და აქვთ საქართველოს მოქალაქეობა ცხოვრების უფლების ცნობა მიეცემათ. „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში კი შევა შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც აფხაზეთის მოქალაქეობის მიღებისას საქართველოს მოქალაქეობის ქონის ფაქტის დაფარვისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას გაითვალისწინებს“, – ამბობს ნადარაია.

გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, „ცხოვრების უფლების“ მოწმობა ე.წ. სოციალური გარანტიების სრული პაკეტის შენარჩუნებას გულისხმობს.

„აქ შედის სხვადასხვა დახმარება და აფხაზეთის უმაღლეს სასწავლებებში სწავლების შესაძლებლობა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში ამ ადამიანების გაწვევა არ მოხდება. მათთვის ვინც მუდმივად ცხოვრობს აფხაზეთის ტერიტორიაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის ალტერნატიული ვარიანტი იქნება შეთავაზებული. გარდა ამისა, ცხოვრების უფლება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაჭრის უფლებას იძლევა. ამ ადამიანებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის უფლება ექნებათ, თუმცა საპარლამენტო არჩევნებში ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ“, – აცხადებს ნადარაია და აღნიშნავს, რომ დღეს არსებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გალის რაიონის მხოლოდ 280 მცხოვრებს შეუძლია.