გალში მცხოვრებ ქართველებს მიწებს ჩამოართმევენ

0

txilnariოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ხელისუფლება აცხადებს, რომ  გალის რაიონი გადასახადების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე კანონმორჩილი და გადახდისუნარიანი რაიონია.

გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ თემურ ნადარაიას  თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტში მოსაკრებელებიდან შესული საერთო 12 მილიონი რუბლიდან ნახევარი, 6 მილიონი, გალის რაიონზე მოდის.

,,თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადასახადებს ყველა იხდის.  ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სოფელში 50 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი აღმოვაჩინეთ,  რომლის მეპატრონესაც იქ თხილის ნარგავები აქვს და რამდენიმე წელია  მოსავალი მოჰყავს, თუმცა აქამდე ბიუჯეტში არაფერი გადაუხდია.” – აღნიშნა ნადარაიამ.

მისი თქმით, ასეთი ვითარება რაიონის თითქმის ყველა სოფელშია, ამიტომ მიწების ხელახალი ინვენტარიზაცია უნდა მოხდეს, რაც მოსაკრებლის სახით სახელმწიფოს შემოსავალს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ნადარაია გალის რაიონის იმ მოსახლეობის საკითხსაც შეეხო, რომელიც აფხაზეთის გარეთ ცხოვრობს და ენგურს გაღმა მხოლოდ თხილის სეზონზე, მოსავლის ასაღებად გადადის.

,,ამ ხალხს 20 წლის განმავლობაში მიწის გადასახადი ერთხელაც არ გადაუხდია. თუ უახლოეს თვეებში, მთელი წლების დავალიანებას არ გადაიხდიან, მათ მიმართ შესაბამის ზომებს გავატარებთ.  ასეთ მიტოვებულ ნაკვეთებს ერთი კატეგორიიდან მეორეში გადავიყვანთ და არენდით გადავცემთ აქაურ მცხოვრებლებს, რომლებიც მიწებსაც დაამუშავებენ და გადასახადსაც გადაიხდიან” –  აცხადებს ნადარაია.