გვიან ღამით გულირიფშის ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლიდან პატიმარი გაიქცა

0

gaqcevaწუხელ, გვიან ღამით გულირიფშის ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლიდან ადამიანის გატაცებაში ბრალდებული ბადრი სიგუა გაიქცა.

ოკუპირებული აფხაზეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით,  1979 წელს დაბადებული  სიგუა, ოჩამჩირის რაიონის სასამართლოს მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ადამიანის გატაცებაში არის ბრალდებული.
2014 წლის 10 დეკემბერს ბადრი სიგუა ციხიდან ცენტრალურ ჰოსპიტალში  პნევმონიის და მარჯვენა წვივის ფლეგმონის დიაგნოზით გადაიყვანეს.

,,სიგუა ჩვენთან მძიმე მდგომარეობით შემოვიდა.  მას ფილტვების ანთება და მარჯვენა ტერფზე მწვავე ჩირქოვანი ანთება ჰქონდა.  სასწრაფო ოპერაცია გავუკეთეთ და ვუმკურნალეთ, დღეს კი უნდა გაგვეწერა.” – განაცხადა აფხაზ ჟურნალისტებთან საუბარში სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა ზურაბ აჩბამ.
მისი თქმით, ბრალდებული სპეციალურ პალატაში იმყოფებოდა,  რომელსაც რკინის კარები და ფანჯრებზე რკინის გისოსები ჰქონდა.

მის გაქცევასთან დაკავშირებით გულირიფშის რაიონის პროკურატურაში საქმე აღიძრა.

რაც შეეხება ბადრაგ ბათალ ბიგვავას, რომლის მორიგეობის დროსაც ბადრი სიგუამ ჰოსპიტლიდან გაქცევა მოახერხა, ამჟამად მისი საქმეების შემოწმება მიმდინარეობს,  რის შემდეგაც გადაწყდება,  აღძრავენ თუ არა ბიგვავას წინააღმდეგ საქმეს.