გია გვაზავა პრეზიდენტის მიერ ნორმატიულ აქტებზე ვეტოს დადებას არაადეკვატურ ნაბიჯად აფასებს

0

gia gvazavaაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავას განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილის მიერ „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დადება პრეზიდენტის მორიგ არაადექვატურ ნაბიჯად შეაფასა, რომელმაც უდიდესი კაზუსის გამოსწორებას შეუშალა ხელი.

„პარლამენტში ინიცირებულ ამ კანონპროექტს  როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის დეპუტატებიც ემხრობიან. წლების განმავლობაში აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ხელში არსებულ გადაჭარბებულ ძალაუფლებას შეეძლო უმაღლესი საბჭოს ნებისმიერი კანონპროექტის და აფხაზეთის მთავრობის ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივის ერთპიროვნულად დაბლოკვა, თუ ეს მთავრობის თავმჯდომარისთვის და მისი ზემდგომისთვის მიუღებელი იყო. პრეზიდენტის მიერ აღნიშნულ კანონპროექტზე ვეტოს დადება ბარამიას მიერ დანიშნული მთავრობის წევრების – რამდნეიმე მინისტრის სურვილიც იყო, რომელთაც თავიანთი უფლებამოსილების გახანგრძლივება სურთ. ყველა მინისტრს ბარამიას გადადგომისთანავე უფლებამოსილება უნდა შეწყვეტოდა, თუმცა ისინი დღემდე ინარჩუნებენ თანამდებობებს. ამასთან, ახდენენ მთავრობის სხდომების საბოტირებას და მონაწილეობას არ ღებულობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების გამართულად მუშაობისთვის აუცილებელ ღონისძიებებში.  თუმცა იმედი გვაქვს, აღნიშნული დაბრკოლება მოგვარდება,“– განაცხადა გია გვაზავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა,“ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა  პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა მიმდინარე წლის 28 ივნისს მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილი კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიღებისა და ხელმოწერის წესს განსაზღვრავს.

„კანონპროექტის მიღების საფუძველი, როგორც ჩანს, გახდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, კანონპროექტით გათვალისწინებული დებულებები იწვევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით რეგულირებად საკითხებში ჩარევას და მეტიც, რეალურად ხელს უშლის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობასა და კონსენსუსის მიღწევას. საბოლოო ჯამში, კანონპროექტი აკნინებს ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ორგანოების სტატუსს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიმართ კრიტიკული მოსაზრებები გამოითქვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრთა მხრიდანაც, ვეტოს თხოვნით პრეზიდენტს მიმართა დევნილთა საინიციატივო ჯგუფმაც. ამგვარი საკანონმებლო ცვლილებების ნაცვლად, მიზანშეწონილია, შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა იმოქმედონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით. მით უფრო, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტები ნათლად განსაზღვრავენ, როგორც შესაბამისი თანამდებობის პირის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურებს, ისე ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიღებისა და გამოცემის წესს“,-ნათქვამია განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: