გიგი უგულავას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

0

ugulava-gigi„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიგი უგულავას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბფრიფინგზე განაცხადეს. თბილისის ყოფილი მერი და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი შავი ფულის მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანის განხორციელებაზეა დაკავებული, რაც შემდგომში „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას უნდა მოხმარებოდა.

 „განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია გიორგი უგულავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი უგულავა, როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი, დანაშაულში ჩართულ სხვა წევრებთან, მათ შორის ამავე საქმეზე დაკავებულ მის ქვისლ გიორგი ღონიაშვილთან და „ლატარიის კომპანიის“ ყოფილ დირექტორ დავით კეზერაშვილის ბიზნეს– პარტნიორ ალექსანდრე გოგოხიასთან ერთად ერთ-ერთი ოფშორული კომპანიიდან საქართველოში დიდი ოდენობით, ე.წ. შავი ფულის მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანას ახორციელებდა, რაც შემდგომში „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას უნდა მოხმარებოდა. კერძოდ, ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული კომპანია „ექსიმუს ჰოლდინგიდან“, რომლის დირექტორიც არის ბრალდებულის სახით ძებნილი ალექსანდრე გოგოხია, თანხა ფიქტიურ სახელზე ირიცხებოდა ასევე ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის – „ბრუქთრეიდის“ ანგარიშზე, საიდანაც ფიქტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა უკვე ხვდებოდა საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში, ხდებოდა აღნიშნული თანხის კონვერტაცია და გიორგი ღონიაშვილზე გადაცემა. პატიმრობაში მყოფი ღონიაშვილი, თავის მხრივ, უკანონო შემოსავალს გადასცემდა გიორგი უგულავას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების მიზნით. ჯამში ოფშორული კომპანიიდან საქართველოში ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე ფულის გათეთრების გზით უნდა გადმორიცხულიყო 1,5 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო მოხერხდა 700 000 აშშ დოლარის გადმორიცხვა. აღნიშნული  თანხა გიორგი უგულავამ პარტიული მიზნებისთვის გამოიყენა. რაც შეეხება ამავე საქმეზე დაკავებულ გიორგი ღონიაშვილს, მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა, ალექსანდრე გოგოხიას მიმართ კი ძებნაა გამოცხადებული. რაც შეეხება გიორგი უგულავას, ის დაკავებულია სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების 9-დან 12 წლამდე ვადით აღკვეთას“,- განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში .

მათივე თქმით, საქმეზე მიმდინარეობს შემდგომი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

სხვა ახალი ამბები: