“გივი თარგამაძე, დავით ბაქრაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა მაღალჩინოსნები არიან ჩართული ნარკოტრანზიტში”

1

tamazბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებიდან ზუსტად 4 დღეში სააკაშვილის ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელის და ახლა უკვე შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, პოლიციის გენერალი თამაზ თამაზაშვილი დააკავა. თამაზ თამაზაშვილი პირველი ოქტომბრის არჩევნების დასრულების შემდეგ უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და ის ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს. ამ საქმეზე კი ის პოლიციელები დააკავეს, რომლებმაც პოლიციის გენერალი უკანონოდ დააპატიმრეს. გამოძიებასთან თანამშრომლობის და დანაშაულის აღიარების გამო პოლიციელებს გივი კრავჩენკოს, გრიგოლ კვინიკაძეს, ზაზა ჭაიას, ვლადიმერ გამრეკელაშვილს, გოჩა ჩიტაიას და გოჩა ბაღათრიშვილს ბრალი შეუმსუბუქდათ და თამაზაშვილმა ისინი შეიწყალა. თუმცა, ამ საქმის გამოძიება ამ პოლიციელების დაკავება-გათავისუფლებით არ დასრულებულა და გამოძიება გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები პოლიციის გენერლის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას არც მაშინ ერიდებოდნენ, როცა თამაზაშვილი დაპატიმრებული იყო და მისი მისამართით სხვადასხვა ბრალდებების გაჟღერებას დღემდე აგრძელებენ. ბოლოს თამაზ თამაზაშვილის შესახებ ტყუილი გივი თარგამაძემ გაავრცელა.
ინტერვიუ თამაზ თამაზაშვილთან: 
– დეგენერატ თარგამაძეს მინდა ვუთხრა, რომ „ტრასის“ უფროსები გენერლები არ ხდებიან. ოპერატიული სამსახურიდან დავიწყე და გავხდი გენერალი. ყველა შეიარაღებულმა ფორმირებამ, რაც კი მაშინ არსებობდა, 1990 წლიდან მოყოლებული, ჩემს მხრებზე გადაიარა და იცოდეს ამ ბლუყუნა თარგამაძემ ეს. მინდა შევახსენო თარგამაძეს, რომ მე ვიყავი სისხლის-სამართლის სამძებროს უმცროსი ოპერ-რწმუნებული, სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი რწმუნებული, დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსი, კახეთის სამხარეო სამძებროს უფროსი, ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის, რეკეტის და დივერსიის წინააღმდეგ მებრძოლი კახეთის განყოფილების უფროსი, აბა მაშინ რანაირი ტრასის უფროსი ვიყავი? რაც მან და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უბედურება დამართეს საქართველოს და გაყიდეს ქვეყანა, რა მორალით საუბრობენ ჩემზე და ქართველ ხალხზე. თვითონ ეგ არის ნამდვილი კრიმინალი. “დაუმთავრებელი “მუტრუკი ლევან ბეჟაშვილი როგორ ახსენებს ჩემს სახელს ან უინტელექტო ირმა ნადირაშვილი? როცა ადამიანს ღვთის მადლი არ აქვს, მას შავის და თეთრის გარჩევა არ შეუძლია. რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩემს ოჯახს დამართა, ჩემზე როგორ ლაპარაკობენ? ხალხს რომ აწამებდა, აპატიმრებდა, ბიზნესებს ართმევდა, ნარკოტიკებში იყვნენ და ცოცხებს “უყრიდნენ”, ეს ხალხი ლაპარაკობს ამას? იმის მაგივრად, რომ მობოდიშების გრძნობა გაუჩნდეთ, ათას სისულელეს ამბობენ ან ღარიბაშვილზე რა აქვთ სალაპარაკო? ახალგაზრდა ბიჭმა შეძლო 116 კილოგრამი ჰეროინის ამოღება. თვითონ ნაციონალები ლაპარაკობენ კულუარებში, რომ გივი თარგამაძე, დავით ბაქრაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა მაღალჩინოსნები არიან ჩართული ნარკოტრანზიტში, რატომ თვითონ აქამდე ვერ ამოიღეს? ამაზე არიან გამწარებულნი, საეჭვოა, რომ ჰეროინის ამოღების შემდეგ დაიწყეს განსაკუთრებული აგრესიით საუბარი ჩემზე, შსს-ზე და „ქართულ ოცნებაზე”. გამაგებინოს დათო ბაქრაძემ, ხბოს თვალებით რომ იყურება, რატომ ვარ ავადსახსენებელი? მათ იცოდნენ, რომ მე დასაყრდენი ძალა ვიყავი კახეთში, პანკისის არეულობაც მაგათი პროვოცირებულია, გია ბარამიძე, ცისკარიშვილი და ეგენი ჩადიოდნენ მანდ. პირი გამოირეცხონ ამ უნამუსოებმა.
– ამბობენ, რომ თქვენ აძლევთ რჩევებს თქვენს სიძეს შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მართალია?
– ირაკლის მე საერთოდ ვერ ვხედავ ან რატომ უნდა მივცე რჩევა? ის ბიძინა ივანიშვილის გაზრდილია და ოპერატიული ტვინი აქვს. ინტელექტუალური ახალგაზრდა კაცია. რეიდების შესახებ არც კი ვიცოდი, ეს ჩვეულებრივი პროფილაქტიკური ღონისძიებაა, უამრავი იარაღი ამოიღეს. პროფილაქტიკა ნიშნავს იმას, რომ მეორედ შენი შვილი ან ახლობელი არ ჩაიდებს იარაღს. რატომ შეყარეს ამის გამო მთელი ქვეყანა, არ ვიცი. რა ხმა ამოეღებათ ბიძინა ივანიშვილზე, ვინც ამხელა საოცრება გააკეთა. მის გარდა ვერავინ შეძლებდა მათ დამარცხებას. მოჩქარეს დაუგვიანდაო, ნათქვამია, ნელ-ნელა აკეთებს ყველაფერს ეს კაცი. ისეთ ეტაპზე იყო ყველაფერი, შეიძლება ურთიერთობა გაეწყვიტა ევროპარლამენტს და ამერიკას საქართველოსთანო, კარგად თქვა ივანიშვილმა. ახალაია, მერაბიშვილი დააკავეს. ნუ ვაფიქრებინებთ სხვა ერებს რომ ქართველ ხალხში შინაგანი ინტელექტის დეფიციტია. ილია ჭავჭავაძე მოკლეს და ნუ მოკლავთ მეორე ილია ჭავჭავაძეს. ბიძინა ივანიშვილს ვადარებ დავით აღმაშენებელს, ილია ჭავჭავაძეს და ექვთიმე თაყაიშვილს. ასეთი დიდი და კარგი ადამიანი გვყავს. უნდა იყოს ოპოზიცია და რამეს არასწორად თუ გააკეთებს, რა თქმა უნდა, ვინმემ უნდა უთხრას, მაგრამ, რაც ახლა ხდება, ასე არ შეიძლება.
– ცნობილია, რომ აპირებდით სარჩელის შეტანას “რუსთავი2-“ის, გიგა ნასარიძის და ხათუნა კალმახელიძის წინააღმდეგ, რა ეტაპზეა ახლა ეს საქმე?
– ადვოკატი მუშაობს ამ თემაზე, რაღაცეებს ველოდებით და კალმახელიძეს, ნასარიძეს და “რუსთავი 2”-ს აუცილებლად ვუჩივლებთ. კალმახელიძეს ციხეში “ხანუმას” ეძახდნენ. მან დაუკვეთა ჩემი მკვლელობა და არიან ადამიანები, რომლებიც ამას ამბობენ. პავლე მაისურაძეს ეუბნებოდნენ ჩემთან ტელეფონი შემოეტანა, დაიბნა ის ბიჭი და მაშინ უთხრეს, შენ შეუტანე მაგას ტელეფონი, ეგ აქედან მაინც ვეღარ გავაო, დავადგენთ მაგის კავშირებს და მერე სპეც-რაზმს შევაგზავნით და გავასაღებთო. ციხეში ნახეს მაია წოწორია, მასთან შედიოდა კოკაია, ბაღდასაროვი და ხიზანაიძე, ეუბნებოიდნენ, დაწერე რომ თითქოს შენთან მოჰქონდა ნარკოტიკი და იარაღიო. მან უარი თქვა და 21 წელი მიუსაჯეს. ხათუნა კალმახელიძე ვიცი ვინ იყო,ახლა შველის თვალებით რომ მიყურებს და აფახულებს თვალებს, მან ყველაფერი იცოდა, რაც ხდებოდა ციხეში.
– რატომ შეიწყალეთ თქვენს საქმეზე დაკავებული პოლიციელები?
– იმ პოლიციელებმა აღიარეს, რომ მათ ჩამიდეს იარაღი. მე მათი ცოლები და შვილები შევიწყალე. ტიროდნენ და იყო ერთი ამბავი. ადამიანურად შევიწყალე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც დაუკვეთა, მასაც შევიწყალებ. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ქართველი ხალხი არის გადაკიდებული და როგორც არ უნდა შეეცადონ თავის დაძვრენას, არაფერი ეშველებათ.

Exclusive News

 

სხვა ახალი ამბები: