გიორგი ნაჭყებიას ადვოკატის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ზეწოლა არ ყოფილა

0

giorgiქუთაისის ნომერ მეორე  საპყრობილეში გარდაცვლილ გოგა ძველაიასთან ერთად დაკავებულმა გიორგი ნაჭყებია დღეს ადგილობრივ მედიასაშუალებებთან სპეციალურ განცხადება გააკეთა. მისი განმარტებით, სენაკის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში სასურველი ჩვენების მისაღებად პოლიციის თანამშრომლებმა საათნახევრის განმავლობაში წყლით სავსე ბოთლით სცემეს.

გიორგი ნაჭყებიას ადვოკატი მაია რობაქიძე აცხადებს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა მართლმსაჯულებას ორჯერ მისცა ჩვენება და მას ბრალი არცერთხელ არ უღიარებია. რობაქიძემ გიორგი ნაჭყებიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პირველად საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სგან პირველად გაიგო, რამაც გააკვირვა.

“მე პირველად მესმის თქვენგან, რომ გიორგიმ ასეთი განცხადება პრესასთან გააკეთა. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩვენება მართლმსაჯულებას ორჯერ მისცა, დაკავებისას და ბრალის წარდგენისას. დაკავებისას მე მის უფლებებს არ ვიცავდი. ჩემი საქმეში ჩართვა მოხდა ბრალის წარდგენისას, თუმცა მას ჩემთან ზეწოლებზე და მით უმეტეს ცემის ფაქტებზე არ უსაუბრია. კიდევ უფრო მეტიც, მე მისი ტანიც კი შევამოწმე, ხომ არ ეტყობოდა ან ნაცემი, ან მსგავსი რამ. გიორგის წინა კბილი ბავშვობიდან არ ჰქონია და მე ვუთხარი კბილი რატომ არ გაქვსთქო, ხომ არაფერი მოხდა შენი დაკავების დროსთქო. მან მიპასუხა არაო, კბილი მანამდეც არ მქონდაო და არაფერი არ მომხდარაო. არ ვიცი ამის შემდეგ საწინააღმდეგო განცხადების გაკეთება რისი მომასწავებელია. დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ალბათ რაიმე სახის ზეწოლა შეიძლება იყოს, რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინა. მე მას პირადად ჯერ არ დავლაპარაკებივარ.”-აცხადებს მაია რობაქიძე.

სხვა ახალი ამბები: