გიორგი ხარჩილავა: “თანამდებობის გამო პოლიტიკურ კომპრომისებზე არ მივდივარ”

0

1461823_693850143996351_4751243101216646756_nსამეგრელოში წინასაარჩევნო პოლიტიკური დუღილია. პოლიტიკურ ელფერს არც წალენჯიხის რაიონი კარგავს, თუმცა საზოგადოების გაკვირვებას მხოლოდ ერთი გარემოება იწვევს. საზოგადოების ნაწილს აინტერესებს თუ რატომ არ გამოჩნდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე ის პიროვნებები, რომლებიც წლების მანძილზე ადგილობრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში ამინდს ქმნიდნენ.

ასეთ პიოროვნებებად სხვა ცნობად სახეებთან ერთად წალენჯიხის რაიონის ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხარჩილავაც იგულისხმება. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ გიორფგი ხარჩილავას დავკავშირებოდით და მასთან პირადად გაგვერკვია, თუ რატომ გადგა გვერდზე და რატომ არჩია დროებით პოლიტიკურ ჩრდილში ყოფნა. წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარემ ჩვენს მიერ დასმულ ბევრ საინტერესო კითხვას ამომწურავი პასუხები გასცა.

-ბატონო გიორგი, რაიონის პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველთვის აქტიურობით გამოირჩეოდით და ეს აქტიურობა საკმაოდ წარმატებულიც იყო. დღეს კი რატომღაც პასიურ პოზიციაში აღმოჩნდით. რამ განაპირობა თქვენი პასიურობა?

-მე აქტიური პოლიტიკიდან წავედი 2010 წელს. წამოვედი და საკმაოდ პრინციპულადაც, რადგან ჩავთვალე, რომ იმ დროს სწორედ ასე იყო საჭირო. მაშინ, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა მე უკან არც მომიხედია. ამის შემდეგ ჩემზე ზეწოლებმა უფრო იმძლავრა და პიკს მიაღწია. 2012 წელს სწორედ ამის გამო იძულებული გავხდი საერთოდ დამეტოვებინა საქართველო. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯი ძალიან დიდ რისკსაც შეიცავდა. ვერც ამან შემაშინა და სისრულეში მოვიყვანე ჩემი გადაწყვეტილება.

-შემდეგ რა მოხდა?

-შეიცვალა არსებული ხელისუფლება, რომელსაც მე ძალიან დიდი იმედით შევხვდი. მე ამ დროს ვიყავი საკრებულოს წევრი და დიდი წვლილიც მიმიძღვის ამ პროცესებშიც. ამის შემდეგ რატომღაც ჩვენი თანამშრომლობაც ვერ შედგა. აღმოჩნდა, რომ არ აწყობდათ პიროვნება, რომელიც ყველა სფეროში მათ შორის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურულ სფეროებში წესრიგს დაამყარებდა. რაც მთავარია იზრუნებდა არა პირადულზე, არამედ წალენჯიხის სახელის შორს გატანაზე. ამასთან, მე სულ სხვა სტანდარტი და სტილი გამაჩნია მუნიციპალურ განვითარებასა და მართვაში, არქიტექტურასა და საერთოდ ადამიანებთან ურთიერთობაში.

-თუ მმართველი პარტიიდან არ იყო შესაბამისი შემოთავაზება, რატომ არ სცადეთ სხვა პოლიტიკური სუბიექტის კვოტით გეყარათ კენჭი?

-მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი შანსი მქონდა თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვების (ამას წალენჯიხელებიც დამიდასტურებენ), “ნაციონალურ მოძრაობაში” ჩემი უკან დაბრუნება სუბიექტური, ობიექტური თუ მორალურ-ფსიქოლოგიური ასპექტებით თავიდანვე გამოვრიცხე, თუმცა დიდი შანსი მქონდა, როგორც გითხარით. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათი იდეოლოგიური პლატფორმა ბუნდოვანია, განსაკუთრებით საგარეო ხედვებში, ამიტომაც მაქსიმალურად თავი შევიკავე.

მთავარი კი აქ მაინც სხვა რამ არის. ამ ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობით უკმაყოფილო და ხელისუფლების მთავარი ოპონენტი გახლავთ საზოგადოება და არა დისკრედიტირებული პარტიები. არიან ადამიანები, რომლებიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ აიგივებენ საკუთარ თავს. სწორედ ასეთი დამოუკიდებელი, საზოგადოების მიერ წარდგენილი კანდიდატების მონაწილეობა არჩევნებზე ამ ხელისუფლებამ ისევე აკრძალა, როგორც ერთ დროს “ნაციონალურმა მოძრაობამ”. ამით კი საარჩევნო გარემო და კონკურენციის ხარისხიც დაბალ დონეზე ჩამოვიდა. ხელისუფლება წალენჯიხაშიც და სხვაგანაც ძირითადი კონკურენტების გარეშე დარჩა.

-თუ გაქვთ განსაზღვრული სამომავლო გეგმები?

-ჩემი სამიზნე მაინც საპარლამენტო არჩევნებია და თავიდანვე სუფთა უნდა ვიყო ჯერ საკუთარ თავთან და შემდეგ რათქმაუნდა ჩემს ელექტორატთან, ჩემს წალენჯიხელებთან. თანამდებობის გამო პოლიტიკურ კომპრომისებზე არ მივდივარ. ეს ჩემი სტილი არ არის.

-მიუხედავად ყველაფრისა, რას ურჩევთ ამომრჩევლებს?

-წინასაარჩევნო ფონზე ვურჩევ და ვთხოვ ჩემს წალენჯიხელებს, არჩევანი გააკეთონ არა პარტიებზე, არამედ ღირსეულ პიროვნებებზე. ღირსეულები ეძებონ სიებში. მაღალკვალიფიციური, პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე კანდიდატები, რომლებიც შეძლებენ მუნიციპალიტეტის მომავალზე ზრუნვას. გამომდინარე აქედან, არჩევანიც შესაბამისი უნდა გააკეთონ.

 

სხვა ახალი ამბები: