დავით ბაქრაძის მილიონერი სიმამრი

0

00000000000000-760x280რა ფირმებს ფლობს და მართავს დავით ბაქრაძის სიმამრი?

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის სიმამრი ლერი მეტრეველი წარმატებული ბიზნესმენი და „ნაციონალური მოძრაობასთან“ დაახლოებული პირია. მისი ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი სამშენებლო კომპანია შპს „ბელდ – ინვესტია“. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სხვადასხვა ტენდერში ხშირად სწორედ ეს კომპანია იმარჯვებდა. ამის გარდა, ლერი მეტრეველის სახელს უკავშირდება მინერალური წყლის კომპანია „ზვარეც“, სადაც ის ამ დრომდე, უცხოურ თანაპარტნიორებთან ერთად, გარკვეულ წილს ფლობს. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად ლერი მეტრეველი არსად ფიგურირებს, მის ფირმებში ფორმალურად სხვადასხვა პირები არიან გაფორმებულები, რეალურად კი მათ დავით ბაქრაძის სიმამრი მართავს. „ბელდინვესტამდე“ ლერი მეტრეველი კიდევ ერთ სამშენებლო კომპანია „ელრიოს“ მფლობელი იყო. საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანია „ელრიოს“ 50 პროცენტს ლერი მეტრეველი ფლობდა, 45 პროცენტს – რამაზ შალამბერიძე და 5 პროცენტს -დავით ჯაფარიძე. წლების განმავლობაში „ელრიო “, რომელიც გარდაბნის რაიონში, რუსთავის გზატკეცილის მე-15 კილომეტრზე იყო დარეგისტრირებული, სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა. მათ შორის, ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, დანადგარების შეკეთებას, ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებულ მომსახურებებს და სხვადასხვა სამუშაოს.

DSC_1592

მოგებული მილიონიანი ტენდერები და შეუსრულებელი სამუშაოები

2009 წლის 23 მარტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაბა ხარაგაულში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების მიზნით, ტენდერი გამართა. მილიონ 635 ათას ლარიანი პროექტი, ტენდერის პირობის მიხედვით, 6 თვის განმავლობაში უნდა შესრულებულიყო. ტენდერში ხუთი კომპანია მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ: შპს „ნიუ ენერჯი“, ე/ს შპს „ერისიმედი“, შპს „წყალკანალრემშენი“,შპს „გილმარი-2“, შპს „ინ-სი“,ე/ს შპს „ელ-რიო“ და შპს „ „მშენებელი“. ტენდერში მონაწილე ხუთი კომპანიიდან დავით ბაქრაძის სიმამრის ლერი მეტრეველის კომპანიამ შპს „ელრიომ“ გაიმარჯვა და ხარაგაულში წყალსადენის რეაბილატაციის პროექტი დაიწყო.
სხვათა შორის, ლერი მეტრეველი წარმოშობით ხარაგაულიდანაა და ის 1945 წელს სწორედ ამ რაიონში დაიბადა. ხარაგაულშია დაბადებული ლერი მეტრეველის მეუღლე მზია მაჭავარიანიც. 803 ათას ლარიანი წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შპს „ელრიომ“ 2009 წლის 15 აპრილს დაიწყო. მოგვიანებით, პროექტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საკონტრაქტო ფასი დაახლოებით 158 ათასი ლარით შემცირდა. ჯამში, წყალსადენის პროექტის რეაბილიტაცია „ელრიოს“ 645 ათასი ლარი დაუჯდა. კომპანიამ კუთვნილი თანხა მიიღო, თუმცა ხარაგაულელებს წყლის მიწოდება მაინც არ გაუუმჯობესდათ. შპს „ელრიო“ იმავე პერიოდში ხარაგაულში ტროტუარების რეაბილიტაციის პროექტზეც მუშაობდა. ტროტუარების მოსაწესრიგებლად კომპანიამ 230 ათასი ლარი მიიღო. ეს თანხა „ელრიოს“ რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოუყვეს. ხარაგაულელები ამბობენ, რომ დაბაში ბორდიურების პროექტიც სანახევროდ და უხარისხოდ გაკეთდა. ხარაგაულის წყალსადენისა და ბორდიურების პროექტებს ადგილზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის კაკო მაჭავარიანის სიძე – ალეკო ჭუმბურიძე ხელმძღვანელობდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის სიმამრის კომპანიამ ხარაგაულის წყალსადენის რეაბილიტაციის პროექტი 2009 წლის 30 ნოემბერს დაასრულა. მისი დასრულებისთანავე ცხადი გახდა, რომ ხარაგაულელები დაპირებულ 24-საათიან წყალს ვერ მიიღებდნენ. უხარისხოდ გაკეთებული ქსელიდან წყალი მიწის ქვეშ იღვრებოდა და ონკანებამდე ვერ აღწევდა. წყლის ახალი სისტემა ძველზე უვარგისი აღმოჩნდა – დაბის მოსახლეობა ისევ მღვრიე წყალს იღებდა, კვლავ გრაფიკით, ძველი წყალსადენის მეშვეობით მიეწოდებოდა. ტენდერის შემდეგ „გამქრალი“ ფირმა „ელრიოს“ სახელწოდების მქონე შპს საინფორმაციო ბაზიდან ხარაგაულის წყალსადენის პროექტის შესრულებიდან ზუსტად 5 თვის შემდეგ გაქრა. 2010 წლის 30 აპრილს შპს „ელრიოს“ დამფუძნებელ პარტნიორთა კრება შედგა, რომელსაც შპს-ის სამივე პარტნიორი – ლერი მეტრეველი (50%-ის წილის მფლობელი), რამაზ შალამბერიძე ( 45%) და დავით ჯაფარიძე (5%) – დაესწრო.
el rio

კრების ოქმის თანახმად, პარტნიორებმა სამ ძირითად საკითხზე იმსჯელეს: ლერი მეტრეველს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუწყვიტეს, შპს-ის დირექტორად ბექა დევდარიანი დანიშნეს და შპს „ელრიოს“ სახელწოდება შპს „ბელდ – ინვესტით“ შეცვალეს. კომპანიას არ შეცვლია იურიდიული მისამართი. შეიცვალა მხოლოდ დირექტორი – ლერი მეტრეველი ბექა დევდარიანმა ჩაანაცვლა. ბაქრაძის სიმამრი მხოლოდ დამფუძნებლებში დარჩა. რებრენდინგის მიზანი, სავარაუდოდ, ხარაგაულში ჩატარებული პროექტის პირობების შეუსრულებლობა, ვალდებულებებისგან პასუხისმგებლობის მოხსნა და კომპანიის იმიჯის გადარჩენა გახდა, თუმცა „ტელეგრაფისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ბელდ – ინვესტის“ ამჟამინდელმა დირექტორმა ბექა დევდარიანმა განაცხადა, რომ ფირმას სახელწოდება მხოლოდ იმიტომ შეეცვალა, რომ ძველი სახელი არ მოსწონდათ. „ტელეგრაფის“ მოთხოვნა, რომ ლერი მეტრეველს ბექა დევდარიანის დახმარებით დავკავშირებოდით, არ მოხერხდა. ბექა დევდარიანმა, დავით ბაქრაძის სიმამრის კოორდინატები არ გაამხილა.
ამის შემდეგ, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტენდერებში, ლერი მეტრეველის სახელშეცვლილი კომპანია „ბელდ -ინვესტი“ აქტიურად მონაწილეობს, რაც ხშირად მისი გამარჯვებით სრულდება.

„გადაგდებული“ დევნილები და მორიგი მილიონიანი ტენდერები

1382799_648659721823191_2052427652_n

2011 წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის სიმამრის – ლერი მეტრეველის ფირმა მორიგ ტენდერში იმარჯვებს, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში განხორციელდა, და ის ორ მნიშვნელოვან პროექტს იწყებს, რომლის საერთო ღირებულება მილიონ ლარზე მეტია. პროექტი ამბროლაურის რაიონში სოფ. ჯვარისასა და სოფ. ტოლაში წყალსადენის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. მისი ღირებულება 234 000 ლარი იყო. იმავე წლის ივნისში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში, შპს „ბელდ – ინვესტმა“ ფოთში, მალთაყვას ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მშენებარე 30 და 2- სახლიანი უბნების გარე საკანალიზაციო სისტემის მოწყობა დაიწყო. პროექტის ღირებულება 779 833 ლარს შეადგენდა.
„ბელდ – ინვესტმა“ საქართველოს ორ სხვადასხვა რეგიონში პროექტები დაჩქარებული წესით განახორციელა, რაც შესრულებული სამუშაოს ხარისხზე აისახა. მშენებლობების დასრულებიდან რამდენიმე თვეში, 2012 წლის მარტში, ფოთში საკრებულოს წევრები საცხოვრებელ კორპუსებში უხარისხოდ შესრულებული სამშენებლო სამუშაოებით დაინტერესდნენ: „ფოთში, მალთაყვის უბანში ჩასახლებულ დევნილთა ახლად აშენებულ კორპუსებში კედლები დაბზარულია და წვიმის დროს, სახურავიდან წყალი ოთახებში ატანს“, – აცხადებდნენ საკრებულოს მაშინდელი წევრები. კომპანიის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო კრიტიკული განცხადებები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, „ქრისტიან–დემოკრატების“ წარმომადგენლმა ლაშა ბერაიამ და ფრაქცია ნაცმოძრაობის წევრმა თენგიზ სარიშვილმა მაშინვე გამოთქვეს. ისინი ხელისუფლებისგან პრინციპულ პოზიციას და ბაქრაძის სიმამრის, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიისგან ხარვეზების აღმოფხვრას მოთხოვდნენ. ბერაიას კატეგორიულ მოთხოვნას, შპს „ბელდ – ინვესტის“ ხელმძღვანელობის ნაცვლად, ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარემ კახა გუგუჩიამ უპასუხა. ის აცხადებდა, რომ ფირმებს ხელშეკრულებაში ედოთ ვალდებულება, რომ 1 წლის განმავლობაში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, რემონტი საკუთარი ხარჯებით შეესრულებინათ და ამ ვალდებულების შესრულებას მოითხოვდა. იმის მიუხედავად, რომ შპს „ბელდ – ინვესტის“ ჩატარებული სამუშაოების ირგვლივ უამრავი კითხვები და შენიშვნები არსებობდა, ბაქრაძის სიმამრმა, 2012 წელს, კიდევ ერთ ტენდერში გაიმარჯვა 2012 ივნისში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით (EIB), რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, ბაღდათის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშოები დაიწყო. პროექტის საერთო ღირებულება 670,088.79 ლარს შეადგენდა. სამუშაოებს ქართული კომპანია შპს „ბელდ – ინვესტი“ ახორციელებდა. პროექტი 2013 წლის ივლისში დასრულდა. საკრებულოს მაშინდელი წევრები აცხადებდნენ, რომ არც ერთი ტენდერის პირობა „ბელდ-ინვესტს“ ბოლომდე არ შეუსრულებია, თუმცა ეს კომპანია სამშენებლო ბაზარზე კვლავ აქტიურია. აღსანიშნავია, რომ დავით ბაქრაძის სიმამრი მედიასთან არასდროს ჩნდება და არც კომენტარებს აკეთებს.

“ტელეგრაფი”

სხვა ახალი ამბები: