დავით ბელქანიას ბიზნეს წყარო კულტურის სახლის სანაცვლოდ- კლანური მმართველობა წალენჯიხაში

4

DSC01316წალენჯიხის ჭადრაკის სახლში დღეს საზოგადოება “წალენჯიხა და წალენჯიხელების” წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც წალენჯიხის ცენტრში კულტურის სახლის მშენებლობას ითხოვდნენ და ამავე ტერიტორიაზე დაგეგმილი სასტუმროს აშენებას აპროტესტებდნენ. საზოგადოება “წალენჯიხა და წალენჯიხელების” წევრები ირწმუნებიან, რომ სასტუმროს მშენებლობით წალენჯიხის ადგილობრივი ხელისუფლება, კონკრეტულად კი საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ბელქანია არის დაინტერესებული.

თავად საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია არც უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ ის სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით კერძო ინვესტორს შეხვდა. წალენჯიხაში უკვე ღიად საუბრობენ იმაზეც, რომ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე ბიზნესმენ შოთა ჯანჯღავასთან გარკვეულ გარიგებებზეც წავიდა, რათა თავად მოითბოს ხელი და სასტუმროს ბიზნესში საკუთარი წილები მიიღოს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს მიერ დასმულ კითხვებს არ პასუხობდა, თუმცა გაბრაზებულ ჩინოვნიკს გზადაგზა ისიც წამოსცდა, რომ საიდუმლო შეხვედრა მასსა და კერძო ინვესტორ შოთა ჯანჯღავას შორის ნამდვილად შედგა და თანაც საკუთარ კაბინეტში. დავით ბელქანიამ წალენჯიხაში გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ შოთა ჯანჯღავასა და მას შორის წილების გადანაწილებაზე შეთანხმება შედგა თითქმის თავადვე დაადასტურა.

სასტუმროს მშენებლობისთვის ბელქანიას საკუთარ კაბინეტში უკვე მზა პროექტიც უდევს, რომელიც კაბინეტიდან მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიორგი ლუკავამ ოპერატიულად მოურბენინა. საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად აღნიშნულ პროექტს მედიის წარმომადგენლების წინაშე კბილებით თავად ახლადგამომცხვარი გამგებლის მოადგილეც იცავდა.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ გიორგი ლუკავა დაახლოებით ერთი თვის წინ გამგებლის, გოგა გულორდავას რეკომენდაციით დაინიშნა. ლუკავა გულორდავას სიყრმის მეგობარია და შოთა ლუკავას შვილი, რომელმაც წინასაარჩევნო პერიოდში “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” წალენჯიხაში საოფისე ფართი “უფეშქაშა”. საკუთარ რაიონში გავრცელებული ხმების თანახმად ლუკავა ის “გმირი” ნაციონალია, რომელმაც “ქართული ოცნების” ზეწოლის გამო თავშესაფარი ევროპის ერთ-ერთ სახელმწიფოს სთხოვა, თან მანამდე საგანგებო განცხადებაც გააკეთა.

წალენჯიხელები საკუთარ რაიონში დავით ბელქანიასა და მისი კლანური მმართველობისთვის დათმობაზე წასვლას არ აპირებენ. მოსახლეობის განცხადებით, მიუხედავად მრავალგზის შანტაჟისა და დაშინებებისა ისინი გაჩერებას არ აპირებენ.

“ყველა გვაშინებს და გვაშანტაჟებს. გამგებლის დეიდა, გინეკოლოგი ავრორა კვარაცხელიაც კი ჩვენთან მოდის და გვაშინებს. ბელქანიაზე ხომ ზედმეტია საუბარი, უკვე ოჯახებით და კლანებით არიან დაშინებაზე გადასული. ვერაფერს ვერ მიზამთ მე, რადგან საგანელიძის დანიშნული ვარო. საგანელიძის კი არა მამა ღმერთის დანიშნულიც რომ იყოს ბელქანიას არ გავაჯეჯილებთ წალენჯიხაში და ამას ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ. იქ, იმ ადგილას, სადაც კულტურის სახლი იყო, იქნება ახალი კულტურის ცენტრი და არა ბელქანიას ბიზნეს წყარო. სასტუმრო არის ერთი წალენჯიხაში და ეს ეყოფა, მეტი არც არის საჭირო. ჩვენ გვინდა კულტურის ცენტრი და ამას აუცილებლად მივაღწევთ.”-აცხადებენ წალენჯიხელები.

ვიდეო

 

სხვა ახალი ამბები: