დავით დარახველიძემ სამეთვალყურეო საბჭოს დევნილთა განსახლების კრიტერიუმები წარუდგინა

0

20130221112912-1ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ სამეთვალყურეო საბჭოს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმები წარუდგინა. საბჭომ აღნიშნული დოკუმენტი განიხილა და დაამტკიცა კიდეც. ეს არის დოკუმენტი, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს კრიტერიუმებსა და პრიორიტეტებს, რის მიხედვითაც მოხდება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება.

დღემდე სამინისტროს მსგავსი კრიტერიუმები არ გააჩნდა. კრიტერიუმები იგივე ქულების სისტემაა, რომელიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. დევნილი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, პრიორიტეტი ენიჭება. სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები.

მაგალითად, მაღალი ქულით შეფასდება კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების იმ ობიექტებში მაცხოვრებელი დევნილები, რომელი შენობებიც ავარიულია, საფრთხეს უქმნის იქ მაცხოვრებელთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ან დღეის მდგომარეობით არ არის და არც შეიძლება იყოს ადაპტირებული საცხოვრებელ ფართებად; გრძელვადიანი განსახლების შეთავაზებისას მნიშვნელობა ენიჭება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სპეციალურ საჭიროებებს და სხვა საკითხებს.

”სამეთვალყურეო საბჭოზე განხილული 8 საკითხიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო დევნილთა განსახლების კრიტერიუმების განხილვა და დამტკიცება. აღნიშნულ საკითხს ელოდებიან დევნილები, რადგან როდესაც ბინების განაწილება იქნება, კრიტერიუმების შესაბამისად სამართლიანობა და ობიექტურობა იქნება გარანტირებული. გამოირიცხება ყოველგვარი პერსონალური, ან რაღაცა სხვა მანკიერი პრაქტიკა, რომელიც ახლდა ბინების განაწილებას წინა პერიოდებში” – აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ.

დევნილთა სამინისტროს სამეთვალყურეო საბჭო არის სათათბირო ორგანო, რომელიც წარმართავს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტარტეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელებას. სამეთვალყურეო საბჭო კვარტალში ერთხელ იკრიბება. მის შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე დონორები და პარტნიორი ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სამთავრობო უწყებები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის ეკა ფოფხაძის თქმით: ”ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ამ სახის დოკუმენტის შემუშავება და წარმოდგენა. ამ სახით სამინისტრომ სისტემური გახადა ეს პროცესი და ნორმატიულ დონეზე განამტკიცა ის კრიტერიუმები , რომლითაც უნდა მოხდეს კონკრეტულად შეფასების განხორციელება. დოკუმენტში ჩამოთვლილია დევნილის სოციალური მდგომარეობის და მისი საცხოვრებელი პირობების შეფასების კრიტერიუმები, რის მიხედვითაც მოხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება – გრძელვადიანი საცხოვრებელი რომელ დევნილს შეეთავაზება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ , რომ გარკვეულწილად პროცედურა იქნება უფრო ობიექტური, წინასწარ დადგენილ შეფასების კრიტერიუმებზე დაფუძნებული.”

სხვა ახალი ამბები: