დავით კეზერაშვილს ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე ბრალი წარედგინა

0

82741საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა.

დღეს, გამოძალვის ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და შემდგომში ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი.

გამოძიებით დადგენილია შემდეგი:
2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა  დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნესსაქმიანობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით  მილიონი ლარის მოგებასთან იყო დაკავშირებული.
იმ პერიოდში, ხსენებული ბიზნესის მესაკუთრეები იყვნენ მამა-შვილი: თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები, კერძოდ, თამაზ ნიჟარაძე და ზურაბ ნიჟარაძე ფლობდნენ კომპანია „BIMEDIA INVESTMENTS LIMITED“-ს, რომელიც 2002 წლიდან, სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურ“-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ეწეოდა ნავთობპროდუქტების გემებიდან რკინიგზის ვაგონებში გადატვირთვას. ხელშეკრულების მოქმედების ვადას კი წარმოადგენდა 10 წელი.
ასევე, თამაზ ნიჟარაძისა და ზურაბ ნიჟარაძის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იყო ,,MISSION INVESTMENT LIMITED“, რომელიც მის მიერ დაფუძნებული კომპანიების მეშვეობით სარგებლობდა ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების გადამუშავების ექსკლუზიური უფლებით და იღებდა შემოსავალს ამ უფლების გაცემისთვის.

გარდა ზემოთხსენებულისა, თამაზ ნიჟარაძე, 2010 წლის მდგომარეობით, 52.5%-იან წილს ფლობდა შ.პ.ს ,,მეტალექსში“, რომელიც 2003 წლიდან 2028 წლამდე იჯარით ფლობდა ფოთის პორტის N5 ნავმისადგომს, საიდანაც ახორციელებდა მშრალი ტვირთების გადამუშავებას.

ეს იყო ნიჟარაძეების ბიზნესი, რომელიც დავით კეზერაშვილის ინტერესის სფეროში მოექცა, აქედან გამომდინარე, 2010 წლის 14 აგვისტოს, დავით კეზერაშვილი, თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში შეხვდა ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს და ძალადობის გამოყენების მუქარით კატეგორიულად მოსთხოვა ხსენებულ კომპანიებში მისი და მისი შვილის კუთვნილი წილების თავის სასარგებლოდ დათმობა.

მოთხოვნის პარალელურად, 2010 წლის 15 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე თამაზ ნიჟარაძის საცხოვრებელ სახლში  და მის გარე პერიმეტრზე, უკანონოდ განლაგდა შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებიც თამაზ ნიჟარაძეს არ აძლევდნენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, ახორციელებდნენ მასზე მუდმივ თვალყურს და ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

ხსენებული დღეების განმავლობაში, ფოთის პორტში ბიზნესის ხელში ჩასაგდებად,  შუამავლის მეშვეობით, დავით კეზერაშვილი აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა სოდის ტყვეობასა და მუდმივ მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ თამაზ ნიჟარაძესთან და კატეგორიულად მოითხოვდა მისი და მისი შვილის კუთვნილი წილების დათმობას, წინააღმდეგ შემთვევაში, კეზერაშვილის გადმოცემით სამართალდამცავები მის  სახლს არ დატოვებდნენ.

ვინაიდან, კეზერაშვილს წილების გადაფორმება ეჩქარებოდა, 2010 წლის სექტემბერში, მან შუამავლით საუბარს, უშუალო შეხვედრა არჩია და ისევ და ისევ ე.წ. ,,პიქსელი“-ს შენობაში დაბარებულ თამაზ ნიჟარაძეს ,,სისხლის ტბების დაყენებით“ დაემუქრა, თუკი ეს უკანასკნელი  საწარმოებში კუთვნილ წილებს არ დათმობდა.

ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, კეზერაშვილის მუქარიდან რამოდენიმე დღეში, თამაზ ნიჟარაძემ და მისმა შვილმა ზურაბ ნიჟარაძემ „BIMEDIA INVESTMENTS LIMITED“-ში (100%), ,,MISSION INVESTMENT LIMITED“-ში (60.18%), ხოლო მოგვიანებით შ.პ.ს ,,მეტალექსში“ (52.5%) არსებული კუთვნილი წილები, რომელთა ღირებულება რამოდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღემატებოდა, უსასყიდლოდ დათმეს დავით კეზერაშვილის მიერ კონტროლირებადი, ობშორულ ზონებში რეგისტრირებული საწარმოების ,,DAVOR HOLDING LIMITED”-ის, “AXTON OVERSEAS DEVELOPMENT LTD”-ისა და ,,STEINLORD ENTERPRISES LLP“-ის სასარგებლოდ.

დანაშაულებრივი კვალის შენიღბვის მიზნით, ,,MISSION INVESTMENT LIMITED“-ის წილის გასხვისების  ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ თითქოსდა თამაზ ნიჟარაძემ და ზურაბ ნიჟარაძემ წილების სანაცვლოდ მიიღეს 6 000 000 აშშ დოლარის ღირებულების 2 უძრავი ქონების პროექტი, „BIMEDIA INVESTMENTS LIMITED“-ის წილის ნასყიდობის ფასი განისაზღვრა კონფიდენციალურად, ხოლო შ.პ.ს ,,მეტალექსის“ წილის ღირებულებად განისაზღვრა 1050 ლარი. სინამდვილეში კი თამაზ ნიჟარაძესა და ზურაბ ნიჟარაძეს ძალადობის შედეგად დათმობილი წილების სანაცვლოდ არანაირი  სარგებელი არ მიუღიათ.

ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თამაზ ნიჟარაძესა და ზურაბ ნიჟარაძეს  მიადგათ  დიდი ოდენობით ქონებრივი  და მორალური ზიანი.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.