დავით კირვალიძეს მინისტრის უფლებამოსილება შეუჩერდა

0

kirvaliსაქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ უფლებამოსილება შეიჩერა. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს მთავრობის სხდომიდან გამოსვლისას განუცხადა.

კირვალიძის განმარტებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე მანამდე შეასრულებს, ვიდრე უწყების რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკავებასთან დაკავშირებით სიმართლე არ გაირკვევა.

მისი თქმით, გუშინ მომხდარი ფაქტი ძალიან ცუდია. დაკავებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული სამსახურების ხუთზე მეტი თანამშრომელი.

„მათი უმრავლესობა ძალიან წესიერი ადამიანია და კარგად ვიცნობ. ბევრი ჩემი პირადი მეგობარია, მათ შორის არის ჩემი მასწავლებელიც. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მალე გაირკვევა და ისე დასრულდება, როგორც საჭიროა. ამასთან, ყველა ამ პროცესზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიღებ და მთავრობისაგან ვითხოვე, უფლებამოსილება შევიჩერო, ანუ თანამდებობიდან გადავდგე, ვიდრე სიმართლე არ გაირკვევა და ამ ადამიანების უდანაშაულობა არ დადასტურდება“, _ აღნიშნა დავით კირვალიძემ.

მისი თქმით, უდანაშაულობის პრეზუმპციას პატივი უნდა ვცეთ და საბოლოო გადაწყვეტილებას დავუცადოთ.

მინისტრი გამოძიების დასრულებამდე და სიმართლის დადგენამდე კომენტარებისაგან თავს იკავებს.

„სიმართლე უნდა დადგინდეს. დარწმუნებული ვარ, ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციით ეს ყველაფერი მალე გაირკვევა“, _ აღნიშნა დავით კირვალიძემ და დასძინა, რომ მანამდე ყოველგვარი მანიპულირება და ზეწოლა არასწორი იქნება.

როგორც მინისტრი აცხადებს, მისი მიმართვა სიმართლის დადგენამდე უფლებამოსილების შეჩერებაზე მთავრობამ დააკმაყოფილა.

სხვა ახალი ამბები: