დავით ოქიტაშვილი თამარ გვერწითელს: “ქალბატონო თამარ, კიდევ ერთხელ ვგმობ თქვენს საქციელს”

0

news_19669საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი
დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს მომღერალ თამარ გვერწითელის  განცხადებასთან დაკავშირებით, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო smo.ge უკომენტაროდ გთავაზობთ.

“იმ მაღალი საზოგადობერივი ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც გამოიწვია ქალბატონი თამარ გვერწითელის განცხადებამ იმის შესახებ, რომ ის ჩემს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს, მსურს, დავაფიქსირო საკუთარი პოზიცია.

არასდროს ჩავრეულვარ არც ერთი მუსიკოსისა თუ მომღერლის პოლიტიკური გემოვნების საკითხებში, არასოდეს მომითხოვია ვინმესგან რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერა და ამ შემთხვევაშიც იგივე შემიძლია, განვაცხადო სრული პასუხისმგებლობით.

ქალბატონი თამარ გვერწითელი გავაკრიტიკე მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეობრივი პოზიციიდან გამომდინარე და აზრადაც არ მომსვლია მისთვის რაიმე ფორმით შეურაცხყოფის მიყენება. ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ, რომ ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისათვის, მიუღებელია ქალბატონი თამარის პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. იგი ადრეც და დღესაც მოღვაწეობს რუსეთში, საკმაოდ მაღალი პოპულარობით სარგებლობს და პირადად მეც უდიდეს პატივს ვცემ მას, როგორც დიდ ხელოვანს. მეტსაც გეტყვით, მხურვალე თაყვანისმცემელი ვიყავი ამ ქალბატონის, სანამ მისი და ბატონი სოსო პავლიაშვილის მხრიდან არ გაჟღერდა სიმღერა, რომელიც ქართველი ერის, ომში დაღუპული ბიჭების და მათი დედების პირდაპირ შეურაცხყოფად მიმაჩნია.

ძვირფასო ქალბატონო თამარ, მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე დავით ოქიტაშვილი კიდევ ერთხელ ვგმობ თქვენს ამ საქციელს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა არც დღემდე და არც მომავალში ვაპირებ ვინმეს პოლიტიკურ გემოვნებაში ჩარევას და მით უფრო ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენებას. თუ მიმიხვდებით, რამ გამოიწვია ჩემი პროტესტი, გაიზიარებთ ჩემს ამ პოზიციას და საჯაროდ განაცხადებთ ამის შესახებ, მე თქვენ მილიონ ბოდიშს მოგიხდით. ყველამ ჩვენ ჩვენი წილი აგური უნდა ვზიდოთ, რომ გადარჩეს საქართველო. ჩვენ ერთიანობით და ერთსულოვნებით უნდა მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის დაცვა და არ აქვს მნიშვნელობა, ეს სიმღერით მოხდება, თუ სხვა საქმიანობით”-ნათქვამია დავით ოქიტაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

სხვა ახალი ამბები: