დავით ოჩიაური: “ვფიქრობ, სულიერი განცდებია ლექსის შექმნის პირველსაწყისი”

2

12202099_432677786930992_233011984_nდავით ოჩიაური დაიბადა 1992 წლის 16 სექტემბერს, თბილისში. 1996 წელს მამამ საცხოვრებლად ოჯახთან ერთად არხოტში წაიყვანა. როგორც ახალგაზრდა პოეტი ამბობს, სამი კლასი იქ დავამთავრე, შემდეგ კი,  2001 წელს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების საშუალო სკოლაში გააგრძელა სწავლა.  დავით ოჩიაური დედით ფშაველია. ჰყავს ორი ძმა. მან დაამთავრა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი(სეუ), ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.

.– როდის დაიწყეთ წერა ანუ როდის აღმოაჩინეთ თქვენში ეს განსაკუთრებული ნიჭი?

– წერა წლების წინ დავიწყე, ვიქნებოდი, ასე 14-15 წლის.

-რა ახდენს თქვენზე ზემოქმედებას, რომ ლექსი დაწეროთ?

ლექსი მაშინ იწერება, როდესაც საკუთარ თავს ვუსვამ შემდეგ კითხვებს: რა გტკივა? რა გაწუხებს? ვინ, ან რა გენატრება?
ვფიქრობ, სულიერი განცდებია ლექსის შექმნის პირველსაწყისი.

12207914_432677803597657_1174508025_n-როგორი დამოკიდებულება გაქვთ კრიტიკასთან? ანუ როგორ იღებთ კრიტიკას?

-კრიტიკამ არასდროს უნდა გააღიზიანოს ავტორი. კრიტიკა, ჯანსაღი კრიტიკა გარკვეულწილად საინტერესო და აუცილებელიცაა. ერთი,რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ყოველთვის დიდი ინტერესით ვხვდები მას, -ვფიქრობ და არ ვსაუბრობ.

-შეგიძლიათ თქვენი შემოქმედებიდან გამოყოთ ერთი ლექსი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ?

ჩემს პოეზიაში, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ლექსი ჩემს მშობლიურ მიწაზე, -არხოტზეა და მას ” სულის აფრენა, ანუ არხოტის სულში” ჰქვია.
მთათა და ნისლთა მდიდარი გემო,

ხველება წვიმის კლდეთა ძირებში,

სულის აფრენა ჭიმღის კლდის ზემოთ

და აღმაფრენა შემობინდების.

ჯიხვთა მღერობა ხეობებს ზემოთ,

წყაროთა სუნთქვა ისმის სიზმრებში,

დილით რიჟრაჟზე კალმახის გემო,

ლაღად მოქნევა ცელის მთიბელში.

საირმის ძირას თივისა ხვეტა,

დაღლა მზის სხივთან ერთად ფიქრებში,

ფოთოლთ შრიალში გამქრალი სევდა,

წვიმის წვეთების ცეკვა ღრუბლებში.

ცირცლოვნის მხრიდან ლემადეს მზერა,

შეშის დაჩეხვა წვიმის სურნელში,

კოშკის კედლებში მტრედის გალობა,

არაგვის რბოლა ტრფობის სიზმრებში.

ნეთხიჩოს ველზე ცხენთ ბალახობა,

საირმის მთებში ხართა ბუბუნი,

ჟოლოს მარცვალთა სიყვარულობა,

დამთვრალი ცისა დიდი გრუხუნი.

ღამით ფიფქების ზანტად დაშვება

და კიდეგანა თეთრად მოსილი,

ღამით ყინულთა სულის შთაბერვა

და ლოლოების ცივი ქორწილი.

ივლისის თვეში ათენგენობა,

ლუდის სურნელი მიმოფრქვეული,

მამა-პაპათგან ხატთა წყალობა,

უფლისგან მადლი მიმობნეული.

წელთგზის სიოსგან სულის დათრობა,

ჩუმი ნატვრები, ცრემლით ნათხრობი.

ცივი მყინვარის ფიქრად გაცნობა

და დალოცვილი ჩემი არხოტი!

.– როგორც პოეტზე ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა?

-ვფიქრობ, ყველაზე დიდ გავლენას ადამიანზე წლები და ცხოვრება ახდენს.

12202211_432677776930993_1077628903_n– რას იტყვით თანამედროვე პოეტებზე?

დღევანდელ ახალგაზრდობაში, ლიტერატურის მიმართ სიყვარულმა, ისევე იმატა, როგორც საინტერესო ავტორთა რიცხვმა. მე, მივესალმები ყველაფერ ამას. თანამედროვე პოეტებს კი წარმატებებს ვუსურვებ.

-თქვენთვის ყველაზე კომფორტული გარემო, სადაც ლექსის წერის სურვილი გიჩნდებათ…თუ შეგიძლიათ აღწეროთ

ეს შეიძლება ითქვას აქსიომაა. გარემოს არ აქვს მნიშვნელობა.  სადაც არ უნდა ვიყო, მთავარია, იმის შესაძლებლობა მქონდეს, რომ ჩემი, ასე ვთქვათ ფიქრი გონების ფურცლებზე, ისეთ რამეზე დავწერო, რაც შემდეგ დამრჩება.

-რაზე წერთ უმთავრესად ლექსებს და ვის ეძღვნება?

-შემოქმედება პიროვნების გამოხატულებაა. წერ ღირებულებებზე, წუხილზე, დარდზე, ტკივილზე, მონატრბაზე და ადამიანებზეც, რომელნიც გარკვეულწილად დიდ როლს თამაშობენ ზემოთჩამოთვლილ ემოციებსა და გრძნობებზე.

-ცხოვრებაში გარკვეული წინააღმდეგობები გექნებოდათ, რას გაიხსნებდით?

-ამ კითხვაზე პასუხი ჩემივე ლექსებშია და ჯობს მკითხველმა ჩემს პოეზიაშივე ეძებოს იგი.

12200821_432677796930991_1055601859_n-როდის ხართ ხოლმე ბედნიერი და რა არის საჭირო ამ გრძნობისთვის?

ამ ბოლო დროს, ვფიქრობ გავიხანგძლივო წამები, რადგან ბედნიერება წამერია და არა მუდმივი. განა არის ყოველთვის ყველა ბედნიერი?

-გყავთ თუ არა საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟები და ვინ არის თქვენი საყვარელი მწერალი, რომელსაც სიამოვნებით კითხულობთ?

ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური, თეოლოგიური და ფენტეზის ჟანრის ავტორებს დიდი ინტერესით ვკითხულობ. ისეთი შემთხვევაც მრავლად მქონია, როდესაც ავტორის შემოქმედებას გავცნობილვარ, არა პირადი ინტერესით, არამედ ავტორისადმი მკითხველის დიდი ინტერესის გამო. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთ დროსაც მრავალ საინტერესო ავტორს გავცნობილვარ. მაგ: ჩარლზ ბუკოვსკი. საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი “კატა მური”-ა და საყვარელ მწერლად, მაინც დოსტოევსკი რჩება.

-რა არის თქვენი ჰობი და ცხოვრების დევიზი?

ჰობია ის, რაც სიამოვნებას მანიჭებს, მასაზრდოებს. მას განეკუთვნება წიგნები, ფიქრი, მთაში სიარული(ლაშქრობები), წერა და საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნა. რაც შეეხება ცხოვრების დევიზს, ამ შემთხვევაში, ჩემივე სიტყვებიდან გამოვალ და ვიტყვი,- აკეთე სიკეთე, მაგრამ ბოროტებას ნუ დაივიწყებ.

-რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?

-მნიშვნელოვანი ,ჯერ არაფერი. მგონი შეყვარებული ვარ.

12188763_432677853597652_200880522_n-რას გეგმავთ სამომავლოდ. რა გაქვთ მიზნად დასახული?

რა თქმა უნდა ვფიქრობ მომავალზე(თუმცა ფიქრს დიდ დროს არ ვუთმობ). სანამ არ მოხდება, მანამდე არ ვსაუბრობ. ვფიქრობ, მიზანი უკვე მიუღწეულია,როცა მის ხირცშესხმას ცდილობ. პირველი ნაბიჯები რთულია, თუმცა თუ ეცდები, ერთ ადგილას არ იჯდები და იმის ძახილში არ ამოგხდება სული- არ შემიძლია, ვერ გავაკთებო, იმასაც შეძლებ, რაც აქამდე შეუძებლად მიგაჩნდა.

 

  დავით ოჩიაურის ლექსები

 

*****

შენი ტუჩების სუნი ასდის

ახლა ჩემს ტუჩებს

და მათ გემოზე

გეახლები წყალსაც ჭიქიდან.

ღმერთს გეფიცები,

შემოვივლი ისევ იმ ქუჩებს,

სადაც პირველად გეამბორე

სწორედ იქიდან.

ჩვენი ტუჩები ამღერებდნენ

უცხო სიყვარულს,

ქუჩებს ვნებებად დაეკეცათ

უკვდავი ფრთები.

ღმერთს ვფიცავ! ისევ

შევიმოსავ გიჟურ სიყვარულს

და სიყვარულში,

კვლავ აგვყვება ქუჩების ღმერთი.

შენს ნატერფალზე დავაბიჯებ,

სიმშვიდით ფეხებს

და შენს ცივ ხელებს,

ჩემს მტევნებში მოვაკალათებ.

უსაყვედურებს შემოდგომა

გაფოთლილ ხეებს,

რომ მის ტოტებქვეშ,

მთვარის შუქი მკრალად ანათებს.

და ვერ იხილა შემოდგომამ

პირველი ფიცი,

ფიცს მოყოლილი

ვნებიანი ჩურჩული ხმათა,

ვერ დაუნახავს ჩვენი კოცნა,

რატომ? -არ ვიცი,

თითქოს ფოთლებმა თან წაიღეს

ფერები დარდთა…

შენი ტუჩების სუნი ასდის

ახლა ჩემს ტუჩებს

და მათ გემოზე

გეახლები წყალსაც ჭიქიდან.

ღმერთს გეფიცები

შემოვივლი ისევ იმ ქუჩებს,

სადაც პირველად გეამბორე,

სწორედ იქიდან.

 

 

იცი? შემოტევა ახლაც თავხედია!

ოთახს გამოვტაცე ბებერი სული,
ჰაერი არ მყოფნის, როცა მონატრება
ეძებს გაუვალ გზებს შენით გათანგული.
ვიცი, დამცემია მეხად მოლანდებაც.

სარდაფს ჩავუყვები ბნელი ზმანებებით,
იცი? – შენზე ფიქრებს ვეღარ ვიგერიებ.
მუზებს დავერევი ოდნავ წაქეზებით,
მერე ჩამოვჯდები და სულს ავატკიებ.

კიბის სახეები თბილად მელანდება,
ყველა შუქ-ჩრდილი ხომ, მხოლოდ შავ-თეთრია…
ქვევით, სიბნელეში ქალი მელოდება,
იცი? – შემოტევა ახლაც თავხედია.!

შენი მოძალება, უკვე აჩრდილია,
ჩვენში მზე და მთვარის არის ინტერვალი
და ამ მონატრების ჩუმი არითმია,
ხდება შენი სუნთქვის გიჟი მაძებარი.

კიბის ბოლოებზე კაბის სიარული,
ფეხებს გიმალავს და ჰაერს გინახშირებს.
სარდაფს მიყუჩებულ ტუჩებს დაღარული,
ვხედავ, ჩემი ლტოლვა წამში აბათილებს.

კიბის სხეულიდან ვდგები ამღვრეული,
სუნთქვას ქალღმერთისას ღმერთად აყოლილი.
შენსკენ მოვაბიჯებ, ღვინით არეული,
მოჩანს მთვარის რკალიც ცაზე დაჩოქილი.

 

****

მე, სიყვარულის გასამხელად მოვრბოდი მაშინ,

მაშინ, როდესაც სექტემბერი ტანზე იხდიდა.

მე ყველა გრძნობას გავურბოდი,

ფოთლების დარდში, მხოლოდ

სიყვარულს ვესწრაფოდი, სანამ მიცდიდა.

მე, ჩემი გული შემოდგომას უწინ მივყიდე,

როცა პირველი შეყვითლება ვნახე ფოთლების.

მე,ჩემი სული შემოდგომის ფოთლად დავკიდე,

როცა პირველი კოცნა ვნახე ხმელი ტოტების…

ქარის სიბრალულს, არასოდეს ყურს არ ვუგდებდი,

არც არასოდეს გამივლია გრძნობის სიყვითლე.

და მაშინ, როცა სიყვარულის წამებს მივდევდი,

მე დავინახე ღვთის სახეზე ჩუმი სიფითრე!..

გზა შემოდგომის გადალეშილ ფერებს

იტყობდა და აჭრელებულ

ფოთლებს უკვე ვეღარც ვითვლიდი…

ჩემი შემყურე, უფალიც კი ამას იტყოდა,

რომ ერთი წუთი და დაღლილი

ვეღარც ვივლიდი…

მე, სიყვარულთან შესახვედრად

მოვრბოდი მაშინ და შემოდგომით,

რომ არ მყავდი ისიც მიკვირდა.

არ მთავრდებოდა შემოდგომის

სულჭრელი დარდი, სიყვარულისკენ

სირბილი კი სევდას მიხსნიდა.

 

*****

ქარტეხილებში, ბავშვი წაიქცა,

მეოცნებე და სულ თეთრი ბავშვი;

მისი დედა კი, სადღაც გაიქცა,

მამამაც სასმელს აყლაპა დარდი.

ქარტეხილებში, ნისლი დაუხვდა,

თვალებს მოავლო ცრემლებმა ნამი.

უფერულ ბავშვობას სიცოცხლე წაუხდა

და გაიხურა წყეული კარი!

ქარტეხილებში, ბავშვი წაიქცა

და აიტაცეს ნისლებმა ცაში.

ქარტეხილებში ცრემლი დაიქცა,

მეოცნებე და სულთეთრი ბავშვის.

 

ისევ გაკოცებ…

მშვიდად ავდგები, პალტოს მოვიცვამ,
მუზათა სიზმრებს კალამს ვაჩუქებ,
სხეულს ლექსისთვის წამში მოვიტან,
ნელი სიარულით, შთაგონებას უკვე ვახურებ.

სახლიდან, ჩვეულ აღმაფრენად ქუჩაში გავალ
და ჩემს ნაბიჯებს ავადევნებ ჩვეულ აჩრდილებს.
ზამთრის სუსხისგან გადათოშილ ბეღურებს ვნახავ,
თოვლი კი ჩემს საქციელს უცნაურად, ცივად დასცინებს.

მშვიდად მივდივარ, სიგარეტიც მშვიდად იწვება.
მე და ზამთარი მოალერსე სითბოს გულში ვგრძნობთ.
ისე მინდიხარ, შტორმის დროს რომ ტალღა იწევა,
სიმშვიდისგან, რომ შეშლილ გრძნობებს უკვე აღარ თმობს.

ლექსის შემქმნელი, ბოლოს ხდება მისი მშობელი.
მე და ზამთარი სითბოს რომ ვგრძნობთ, უკვე ვახსენე…
შენ, მშვიდად ზიხარ.
სიგიჟით კი, ვიცი მომელი.
მე, მშვიდად მოვალ და თბილ მკერდზე ისევ გაკოცებ.

 

მოხუცის გახსენება

პაპა, რომ იჯდა ჩაფიქრებული,
ცრემლი სდიოდა მაშინაც ზეცას.
სამყარო იყო დამწუხრებული.
მე, არ შემეძლო
იმ დროს რომ მეთქვა…

მეთქვა კი არა, გამოვდებოდი
ფურცლებს აზრებით და ფიქრთა თქეშით.
პაპა ამბობდა -” ხშირად ვცდებოდი,
მაგრამ მახსოვდა ყოველთვის ღმერთი.

ცხოვრება ნალს ჰგავს,
რომელსაც ვჭედავთ
და სიკვდილამდე სულზე ჩავიცვამთ.
რომ გვიყვარს,
ზოგჯერ თქმასაც ვერ ვბედავთ,
ხანდახან ფიქრსაც ტყვიად დავირტყამთ.”

ჩვენს დიალოგში, იყო პაუზა
და გავცქეროდით გაძარცვულ ხეებს.
მისმა წყლიანმა მზერამ მაუწყა,
რომ პაპის გული ამსხვრევდა სევდებს.

პაპა, რომ იჯდა ჩაფიქრებული
და შვილიშვილთან ყოფნით ტკბებოდა,
მაშინ არ ვიყავ დაღვინებული,
მაგრამ ვიცოდი, რომ არ ცდებოდა!

“- ცხოვრება ნალს ჰგავს,
რომელსაც ვჭედავთ
და სიკვდილამდე სულზე ჩავიცვამთ.
რომ გვიყვარს,
ზოგჯერ თქმასაც ვერ ვბედავთ,
ხანდახან ფიქრსაც ტყვიად დავირტყამთ.”