დავით უსუფაშვილის განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე

0

945241_577799385593417_688049786_nსაერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებსა და უკვე ძალაში შესული კანონის ცხოვრებაში იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე სპეციალური განცხადება გააკეთა.

აღნიშნული კანონი ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც მას ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა. კანონზე ხელმოწერის მეორე დღიდან კი მის ამოქმედებისთვის სათანადო პროცედურები დაიწყო.

„ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან პარალელურ რეჟიმში, ერთი მხრივ, საქართველოს მოსამართლეთა კორპუსი, მოსამართლეთა კონფერენცია იუსტიციის საბჭოში, სადისციპლინო კოლეგიაში ახალი წევრების ასარჩევად ემზადება და, მეორე მხრივ, საქართველოს პარლამენტმა ასევე უნდა აირჩიოს კანონით გათვალისწინებული პირები ამავე ორგანოებში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა და საზოგადოებას შეახსენა, რომ პარლამენტში კანდიდატების წარმოდგენის ვადა 31 მაისს, საღამოს, იწურება. სწორედ ამ ვადში უნდა მოხდეს საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე განაცხადების შემოტანა უფლებამოსილი სუბიექტების მხრიდან. ეს უფლებამოსილი სუბიექტები არიან იურიდიული, აკადემიური, საუნივერსიტეტო დაწესებულებები, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც სასამართლოებში საქმის წარმოების გამოცდილება აქვთ.

დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტში შემოსულია მხოლოდ ორი კანდიდატურა. ცნობილია, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, იურიდიულმა სასწავლო დაწესებულებამ საჯაროდ განაცხადა, რომ მათ კანდიდატები შეარჩიეს. პარლამენტის თავმჯდომარე ყველას მიმართავს, რომ 31 მაისის ჩათვლით, სათანადო დოკუმენტაცია პარლამენტს წარმოუდგინონ.

„ამავდროულად სასამართლო ხელისუფლებაში სათანადო ორგანოები მუშაობენ მოსამართლეთა კონფერენციის ორგანიზებაზე. ცნობილია, რომ იგი ჩატარდება 9 ივნისს და იქ თავიანთ არჩევანს უკვე მოსამართლეები გააკეთებენ. სწორედ ამასთან დაკავშირებით მსურს განმარტებები გავაკეთო: პირველი ეხება გავრცელებულ ჭორს იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, ახალი ხელისუფლება აპირებს იმ მუხლის გადასინჯვას, რომელიც მომავალში მოსამართლეების თანამდებობებზე უვადოდ გამწესებას ითვალისწინებს. სრული პასუხისმგებლობით მსურს განვაცხადო, რომ ასეთი გეგმა, აზრი, ჩანაფიქრი არ გვაქვს და მიგვაჩნია, რომ ახლად დანიშნულ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების თაობაზე კონსტიტუციაში არსებული ნორმის, რომელიც წლის ბოლოს ამოქმედდება, გადასინჯვას არ ვაპირებთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მეორე საკითხი ეხება იმ მითქმა-მოთქმას, რაც იუსტიციის სამინისტროს მიერ სასამართლო გადაწყვეტილებებში არსებული შესაძლო ხარვეზების გადასინჯვის თაობაზე შემუშავებულ კანონპროექტს ეხება, რომელიც ვენეციის კომისიას გაეგზავნა. „ყველასთვის მსურს გასაგები იყოს, რომ თუ საბოლოო ჯამში ეს კანონპროექტი პარლამენტში შემოსული და მიღებული იქნება, მისი მიზანი იქნება არა მოსამართლეთა დასჯა, არამედ იმ ადამიანთა უფლებების აღდგენა, რომელთა უფლებებიც დაირღვა სასამართლო გადაწყვეტილებებით. ეს ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორიც ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვა ზედა ინსტანციის სასამართლოს მიერ, ავტომატურად. ამას არ მოჰყვება მოსამართლის მიმართ სასჯელი. მოსამართლის პასუხისგებაში მიცემის საფუძველი რჩება ძველი და იგივე, რაც მოქმედებდა. ასე, რომ შესაძლო ახალი კანონი არანაირ საფრთხეს არ უქმნის მოსამართლეებს“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისი განცხადებით, პარლამენტი, მთავრობა დაინტერესებულია სასამართლოს დამოუკიდებლობით და ამისათვის ძალისხმევას არ დაიშურებენ. როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, იგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესაც ესაუბრა და შეთანხმდნენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონის იმპლემენტაცია ცხოვრებში გულისხმობს იმასაც, რომ ეს პროცესი იქნება საჯარო, გამჭვირვალე, მოსამართლეთა კონფერენციის მსვლელობის დროს დამკვირვებლებს ექნებათ პროცესზე დაკვირვების საშუალება და ეს ყველაფერი ძალიან მშვიდად და ნორმალურად ჩაივლის.

„ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა – სასამართლოს, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და, ცხადია, პარლამენტი ყურადღებით დააკვირდება ამ პროცესს, რომ ჩვენს მიერ მიღებული კანონი განუხრელად და სწორად იქნას შესრულებული, დაცული პრაქტიკაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დასასრულს.

სხვა ახალი ამბები: