დავით უსუფაშვილი: “საქართველოში არასამთავრობო სექტორი იყო, არის და დარჩება თავისუფალი”

0

usufashviliiiiპარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, „საქართველოში არასამთავრობო სექტორი იყო, არის და დარჩება თავისუფალი“. ასე გამოეხმაურა უსუფაშვილი ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინდელ ტელეინტერვიუში არასამთავრობო სექტორის კრიტიკასა და სიახლეს, რომ მისი ორგანიზაცია კოჟორიძის, გიგაურისა და ლომჯარიას საქმიანობას სწავლობს.

„არ მგონია, ვინმე ვისმეს პიროვნულ შესწავლას ისახავდეს ამოცანად. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ყველასათვის საინტერესოა, ამიტომ თუკი ამა თუ იმ თემაზე მეტი მოსაზრებები გვექნება, ეს მხოლოდ კარგია, რადგან არავის ეკუთვნის ჭეშმარიტებაზე მონოპოლია და არც არავინ აცხადებს ამაზე პრეტენზიას. ამიტომ ყველას გვაქვს საშულება, ჩვენი აზრი გამოვხატოთ. რაც შეეხება ზეწოლას, ამას დასაბუთება სჭირდება. მე რომ გითხრთ, რომ თქვენი მიკროფონი არ მომწონს, ეს ზეწოლა არ არის – ეს ჩემი აზრია, რომელიც უნდა ან არ უნდა მეთქვა, მაგრამ თუკი ხელიდან მიკროფონს გამოგართმევთ, მაშინ ზეწოლას ექნება ადგილი. ამდენად,  არასამთავრობო სექტორი საქართველოში იყო და არის თავისუფალი, დარჩება თავისუფალი, მათ შორის – ისეთ შემთხვევაში, როდესაც ის ცდება, ისევე, როგორც პოლიტიკოსები ხან ვცდებით, ხან სწორს ვლაპარაკობთ, მაგრამ თავისუფალი ვრჩევით. მთავარია, უზრუნველყოფილი იყოს სიტყვის თავისუფლება, პოლიტიკური თავისუფლება“,– განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, ივანიშვილის განცხადებით, მას არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებთან – ნინო ლომჯარიასთან, ეკა გიგაურთან და კახა კოჟორიძესთან კითხვები აქვს და აღნიშნულზე მისი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე მუშაობს.